გრიგოლ ორბელიანი - „ჰე, ივერიავ!“ გრიგოლ ორბელიანი - „ჰე, ივერიავ!“ />


  11:37:03     13-10-2012

გრიგოლ ორბელიანი - „ჰე, ივერიავ!“

a22112.jpg

დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტი გრიგოლ ორბელიანი დაიბადა 1804 წლის 2 (ახალი სტილით 14) ოქტომბერს. 

სწავლობდა ანჩისხატის დეკანოზთან დიმიტრი ალექსი-მესხიშვილთან, შემდეგ თბილისის კეთილშობილთა და საარტილერიო სასწავლებელში. 1820 წლიდან მსახურობდა საქართველოს გრენადერთა პოლკში. 1822 წლიდან მონაწილეობდა ჭარელი ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1826-1829 წლებში იბრძოდა სპარსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა მეომარმა. 

1831 წელს გაემგზავრა ნოვგოროდში სამხედრო დავალებით. 1833 წელს გრიგოლ ორბელიანი დააპატიმრეს 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. სამი თვის პატიმრობის შემდეგ იგი, როგორც მეშვიდე კატეგორიის „მცირე“ დამნაშავე, „კავკასიის ხაზზე“ მოქმედ ჯარში იქნა გაგზავნილი. 1833 წლის ბოლოს პოეტი გადაიყვანეს ნევის საზღვაო პოლკში, ჯერ რიგაში, მერე ვილნოში (ვილნიუსი). 1837 წელს სამშობლოში დაბრუნდა გადასახლებიდან. შემდეგ წელს შტაბს-კაპიტნის ჩინით, კვლავ ჩაირიცხა საქართველოს გრენადერთა პოლკში, ერთ-ერთი ბატალიონის უფროსად. 

1842 წელს შამილისაგან იცავდა ავარიას. სამხედრო და ორგანიზაციული ნიჭის გამო მალე დააწინაურეს. 1843 წელს დანიშნეს ავარიის მმართველად. 

1858 წელს გადმოიყვანეს თბილისში კავკასიის მთავარმართებელ ბარიატინსკისთან. დაინიშნა მთავარმართებლის საბჭოს თავმჯდომარედ. 1860-1862 წლებში მთავარმართებლის მოვალეობას ასრულებდა. 1866 წელს თავი დაანება სამხედრო სამსახურს და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.

გრიგოლ ორბელიანის ადრეული ლექსები თარიღდება 1827 წლით. პირველად ზოგი მათგანი გამოქვეყნდა გიორგი ერისთავის „ცისკარში“ 1852-1853 წლებში. 

გრიგოლ ორბელიანის პირველი კრებული გამოსცა პეტრე უმიკაშვილმა 1873 წელს. 

გრიგოლ ორბელიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და სხვა ენებზე. 

გრიგოლ ორბელიანი გარდაიცვალა 1883 წლის 21 მარტს (ახალი სტილით 2 აპრილს). დაკრძალულია ქაშუეთის ეკლესიაში. 

გრიგოლ ორბელიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ ლექსი „ჰე, ივერიავ“. ეს ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ქართულ მწერლობაში“ 1928 წ., # 6-7 (პავლე ინგოროყვას პუბლიკაციით). 

*** 

ჰე, ივერიავ! ვიდრე იყო ქედმოდრეკილი,

ვიდრემდის სხვათა ყვედრებითა გფარვიდეს ძალი,

რად არა გახსოვს ძეთა შენთა ხრმალთა კრიალი,

ძლევათა მათგან, როს დიდებით იყავ მოსილი.

წინაპართ სისხლი აწ ჩვენს შორის არღა მდინარებს,

თავისუფლება განქრა ჩვენთვის, რაღა გვახარებს!

 

შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას,

მოყვრულად გვმტერობს, გვტაცებს ყოველს, გვიქმს ალერსობას...

ესე ნაყოფი აქვს მარადის ცუდსა მონებას.

ბედო! ნუ გძინავს, განიღვიძე, ისმენდ ვაებას!

 

ცხოვარს ვემსგავსეთ, რომელსაცა მწყემსი არ უვის,

ვითარცა მგლისა, ეგრეთ მშიერ კაცის ეშინის,

ვინცა განაგდებს საღმრთოს ვალსა და გზის პატივის,

დასასრულ მაინც საშინელად ესრეთ წარხდების.

 

1832 წელი

0

ავტორი: