„წყვდიადის მეფე“ და ივანიშვილი - რას ფიქრობენ ექსპერტები?! „წყვდიადის მეფე“ და ივანიშვილი - რას ფიქრობენ ექსპერტები?! />


  15:51:35     10-10-2012

„წყვდიადის მეფე“ და ივანიშვილი - რას ფიქრობენ ექსპერტები?!

a22068.jpg

საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, „პოლიტიკური გვამებიც“ გაცოცხლდნენ. 

გვიან ღამით, „ოცნებას“ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა შევარდნაძის კიდევ ერთ კადრ - ირაკლი იაშვილთან ერთად სტუმრობდა. მათ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და შეხვედრის დასრულების შემდეგ ოფისი უკანა გასასვლელიდან დატოვეს.

მოგვიანებით, როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განმარტა, შეხვედრაზე ეკონომიკური გუნდის დაკომპლექტების საკითხი განიხილეს.

თუმცა, ჟურნალისტურ წრეებში უკვე საუბრობენ „წყვდიადის მეფის“ ენერგეტიკის მინისტრის პოსტის შეთავაზების საკითხზე. 

მირცხულავა არ არის ერთადერთი, ვინც პოლიტიკური სარკოფაკიდან წამოდგა და „აოცნედბა“ - ამირან გამყრელიძე, ირაკლი მანაგაძე, დავით კირვალიძე - ესენიც ბედკრული ედუარდის ჩინოვნიკები არიან...

„პრესა.ჯი“ შეეცადა ექსპერტებთან გაერკვია, რას ემსახურება ივანიშვილის ტაქტიკა მთავრობის „თეთრი მელას“ კადრებით დაკომპლექტების შესახებ.

პოლიტოლოგი გია ნოდია: ივანიშვილმა საფუძველი მისცა საზოგადოებას ეფიქრა, რომ ის წარსულში დაბრუნების კაცია. ძალიან ბევრი მინისტრია მის გარშემო, რომელთა წარსული ბუნდოვანია. ბევრი მათგანი კორუფციულ გარიგებებშიც იყო მხილებული.

„პრესა.ჯი“: ვრცელდება ინფორმაცია, რომ შს სამინისტროში, შესაძლოა, კახა თარგამაძის დროინდელი კადრებიც დაბრუნდნენ...

გია ნოდია: თუ ისინი დაინიშნებიან შს სამინისტროში, თავიანთი ტრადიციული მეთოდების დანერგვას დაიწყებენ. ამ მეთოდებმა კი ხალხი რევოლუციამდე მიიყვანა. ვანო მერაბიშვილმა ნამდვილად დიდი შრომა ჩადო სამინისტროს მიმართ ნდობის მოპოვების საქმეში. ეს ნდობა კი შეიძლება მეორე დღესვე გაქრეს“.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ბევრ შეცდომას უშვებს.

„ივანიშვილის გვერდით გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასებები არასდროს ჰქონიათ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილი კადრების ნაკლებობას განიცდის. თუ ის პრეტენზიას აცხადებდა, რომ მოვიდოდა ხელისუფლებაში, მას გუნდი აქამდე ჩამოყალიბებული უნდა ჰყოლოდა და ახლა არ მოუწევდა ასე დაჩქარებულად თანამდებობების დარიგება.

როგორც ჩანს, ეს ადამიანები სააკაშვილზე და მის გუნდზე განაწყენებულები უნდა იყვნენ და წარსულში რაიმე სახის გამოცდილება უნდა გააჩნდეთ“, - აცხადებს ჩიტაძე.

„პრესა.ჯი“: სოციალურ ქსელებში შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკების შესაძლო გამინისტრებას აპროტესტებენ...

ნიკა ჩიტაძე: ჩვენ შეიძლება მინიშნება გავაკეთოთ, რომ ეს ფაქტი ივანიშვილის გუნდზე დადებითად ნამდვილად არ აისახება. ქართველებს გვჩვევია თანამდებობებზე მეგობრებისა და ახლობლების დაწინაურება. ამიტომ, შეიძლება, ღარიბაშვილმა მისი სიმამრის მეგობრებიც დანიშნოს თანამდებობებზე“.

„პრესა ჯი“ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შევარდნაძის სახეების მომრავლების მიზეზების გარკვევას ჯერ კიდევ პრეს-სპიკერ მაია ფანჯიკიძისგანაც შეეცადა. მისი პასუხი, ყველა ჩვენს კითხვაზე ცინიკური იყო.

მაია ფანჯიკიძე: რა გქვია შვილო შენ?

- ბატონო?

- ხოდა, მომიკითხე „პრესა.ჯი“.

- მოსაკითხად არ დაგვირეკავს ქალბატონო მაია, შევარდნაძის გუნდის პოლიტიკაში დაბრუნებაზე გკითხეთ...

- ამაზე კომენტარს პრემიერი გააკეთებს. მათ შორის შს მინისტის მოადგილეებზეც.

- თქვენ არ გაქვთ პასუხი ჩვენს კითხვებზე?

- უკვე გითხარით, მედია არ არის წყარო, წყარო არის ბიძინა ივანიშვილი და ის გააკეთებს კომენტარს“.
0

ავტორი: