11:04:47     10-10-2012
ტერენტი გრანელი - „ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი“
1934 წლის 10 ოქტომბერს, „არამიანცის“ საავადმყოფოში, გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი ტერენტი გრანელი.
ტერენტი გრანელი დაიბადა 1898 წლის 25 ნოემბერს. პოეტის ნამდვილი გვარია კვირკველია. მომავალი გენიოსი დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. ზრდიდა მამა, რომელიც დაქორწინდა მეორედ, დარია მებონიაზე. დედინაცვალს ძალიან ჰყვარებია გერები, ტერენტი და მისი დები, მაშო და ზოზია.
მომავალი პოეტი სწავლობდა ცნობილი პედაგოგის იაკობ შანავას ხელმძღვანელობით, თან მამას ეხმარებოდა და წაღებს კერავდა. მეექვსე კლასში იყო სახლი დაეწვათ... სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. მამა გარდაეცვალა. მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ამ სასწავლებელს გიმნაზიის სრული უფლებები ჰქონდა მინიჭებული. სასწავლებელი დაამთავრა 1920 წელს.
აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს „წალენჯიხელის“ ფსევდონიმით, „სახალხო საქმეში“ და „ახალ ნაკადში“. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1919 წელს. ამავე წელს გამოსცა ერთდროული ლიტერატურული გაზეთი „ია“ და და ჟურნალი „კრონოსის სარკე“.
1921 წელს გობრონ აგერელთან ერთად გამოსცა წიგნაკი „პანაშვიდები“. მერე გამოვიდა მისი „სამგლოვიარო ხაზები“. 1922 წელს გამოვიდა ტერენტი გრანელის კრებული “სულიდან საფლავები“. წიგნს კრიტიკა აღფრთოვანებული შეხვდა.
1924 წელს გამოვიდა პოეტის კრებული MEMENTO MORI (გახსოვდეს სიკვდილი). რომელმაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა. 1924 წელსვე, რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.
ტერენტი გრანელის ცხოვრებისეული კრედო კარგად ჩანს მის სიტყვებში: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დაე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“.
1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან შესანიშნავ პოეტს და პატრიოტს, ბოლშევიკების მოწინააღმდეგეს და საქართველოს თავისუფლებაზე მეოცნებეს, - რომელსაც უკვე გაზეთები ლექსებსაც აღარ უბეჭდავდნენ და რომელსაც არც სამსახური ჰქონდა, - სულიერი დეპრესია დაეწყო...
დიდი პოეტი ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც გამოიქცა. პოეტი თბილისში, "არამიანცის" საავადმყოფოში გარდაიცვალა 1934 წლის 10 ოქტომბერს. დაკრძალეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. 1987 წელს მისი ნეშთი გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.
გავიხსენოთ დიდი პოეტის რამდენიმე ლექსი.
* * *
ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი
(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .
მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ
და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.
ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა
და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,
ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა.
და იყო ბაღი და თეთრი სკამი,
მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები.
და იყო წამი, ცისფერი წამი
და იყო წამი სხვა გარინდების..
* * *
არა მყავს ტოლი,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
და როგორც თოვლი
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.
სხვა ფიქრი მივლის
და საშინელი სიკვდილის ლანდი.
მე მინდა ძილი
და ეს სიზმარი გათენებამდის.
დგას წამი თრთოლვის,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
კვლავ, როგორც თოვლი,
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი...
* * *
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.
და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.
იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.
არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული...
* * *
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.
ხვალ გათენდება დღე უცნაური
და შორს ღრუბლებით ცა დაისერა.
მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური,
მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა.
მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,
ძვირფასო, ეს დროც გაივლის ალბათ.
ჩემს წინ აწყვია ძველი წიგნები,
ჩემს წინ სკამია და კიდევ ლამპა.
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი...
0