11:03:53     10-10-2012
მარინა ცვეტაევას „ლოცვა“
1892 წლის 26 სექტემბერს (ახალი სტილით 8 ოქტომბერს) დაიბადა დიდი რუსი პოეტი, მწერალი, კრიტიკოსი და მთარგმნელი მარინა ივანეს ასული ცვეტაევა (Мари́на Ива́новна Цвета́ева).
მომავალი პოეტი დაიბადა მოსკოვში, პროფესორის, ფილოლოგისა და ხელოვნებათმცოდნის, ივანე ვლადიმერის ძე ცვეტაევის და პიანისტის, მარია ალექსანდრეს ასულ მეინ-ცვეტაევას ოჯახში. ბავშვობის წლები მან მოსკოვში და ტარუსაში (კალუგა) გაატარა. ლექსების წერა ექვსი წლის ასაკში დაიწყო. ბავშვობიდანვე წერდა არა მარტო რუსულ არამედ ფრანგულად და გერმანულად.
1906 წელს გარდაეცვალა დედა. მარინას და მის უმცროს დას, მომავალ მწერალს, ანასტასიას, მამა ზრდიდა. მარინა სწავლობდა მოსკოვში, შემდეგ შვეიცარიისა და გერმანიის პანსიონებში.
1912 წელს მარინა ცვეტაევა ცოლად გაჰყვა სერგეი ეფრონს. მალე მათ შეეძინათ ქალიშვილი, არიადნა (ალია).1917 წელს შეეძინათ ქალიშვილი - ირინა, რომელიც დაბადებისთანავე ბავშვთა სახლში აღმოჩდა, სადაც 3 წლის ასაკში შიმშილისგან გარდაიცვალა. ქმარი რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, "თეთრების" მხარეზე იბრძოდა და ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში.
1922 წელს მარინა ცვეტაევა არიადნასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ჯერ ბერლინში, მერე პრაღაში ცხოვრობდა. 1925 წელს ვაჟიშვილი შეეძინათ. საფრანგეთში ცხოვრობდნენ, სიღატაკეში. ქმარი ავად იყო და არ შეეძლო მუშაობა, ვაჟი პატარა იყო, არიადნა შლიაპებს კერავდა, მარინა წერდა...
მარინა ცვეტაევას ჰქონდა მიმოწერა დიდ ავსტრიელ, გერმანელ პოეტთან, რაინერ მარია რილკესთან...
1937 წელს რუსეთში დაბრუნდნენ არიადნა და მამამისი. 1939 წელს დაბრუნდა პოეტიც. სერგეი ეფრონი მალე დახვრიტეს ბოლშევიკებმა. არიადნა 1955 წლამდე ციხეში იჯდა.
გამწარებულმა და დაავადებულმა მარინა ცვეტაევამ თავი მოიკლა 1941 წლის 31 აგვისტოს.
მკითხველს ვთავაზობთ მარინა ცვეტაევას შესანიშნავი ლექსს „ლოცვა“, რომელიც მშვენივრად თარგმნა თეიმურაზ ქურდოვანიძემ. ლექსი დაწერილია 1909 წლის 26 სექტემბერს, ტარუსაში, სადაც პოეტმა გაატარა თავის ბავშვობა. ამ დროს იგი 17 წლისა იყო. ლექსში კარგად ჩანს ახალგაზრდა პოეტის განწყობა: „ყველას მაგივრად მე დავიტანჯო, ამორძალივით ვიომო გზნებით“...
ლოცვა
(თარგმნა თეიმურაზ ქურდოვანიძემ)
ქრისტევ და ღმერთო! სასწაულსა გთხოვ
ახლა, ამ წუთში, დილაადრიან!
ო, გევედრები, მომეც სიკვდილი -
ცხოვრების წლები უქმად გარბიან.
შენ ბრძენი ხარ და არ იტყვი მკაცრად:
„ჯერ მოითმინე, იჩქარე ნელა“.
შენ მე მომიძღვენ ძალიან ბევრი,
გზები მწყურია, ერთად სულ ყველა
მინდა ყოველი: ბოშური სულით
დავაყაჩაღო ხალხი სიმღერით,
ყველას მაგივრად მე დავიტანჯო,
ამორძალივით ვიომო გზნებით.
მსურს მკითხაობა ვარსკვლავთა ჯარზე,
ჩრდილიან გზებზე ბავშვის ტარება,
გუშინდელი დღის ლეგენდად ქცევა,
სიგიჟეებით ახლის ავსება.
მიყვარს ჯვარიცა და აბრეშუმიც,
ეს სული გაჩნდა წამის ღვიძილით.
ზღაპარზე კარგი ბავშვობა მიძღვენ,
ჩვიდმეტი წლისას მომეც სიკვდილი.
0