15:28:57     08-10-2012
ედგარ პოს „ულალუმი“
1849 წლის 7 ოქტომბერს, დილის 5 საათზე გარდაიცვალა დიდი პოეტი და მწერალი ედგარ ალან პო (Edgar Allan Poe).
რამდენიმე დღით ადრე, 3 ოქტომბერს ედგარ პო იპოვეს ბალტიმორში, ქუჩაში, უგონო მდგომარეობაში. მანამდე, სექტემბერში, რიჩმონდში იყო და ლექციების ციკლს კითხულობდა, სახელწოდებით „პოეტური პრინციპი“. ჰქონდა უამრავი გეგმა. იქიდან გაემგზავრა, 1500 დოლარი ჰქონდა ჯიბეში. ეს მაშინ დიდი თანხა იყო. როგორც ვთქვით, იპოვეს ქუჩაში, უგონო მდგომარეობაში. ფული აღარ ჰქონდა, ალბათ გაძარცვეს. ეცვა სხვისი ტანსაცმელი. გადმოცემით იმეორებდა სახელს „რეინოლდს“... ზოგიერთი გადმოცემით, კი მისი ბოლო სიტყვები იყო: ღმერთო დაეხმარე ჩემს საბრალო სულს“...
გადაიყვანეს ბალტიმირორის ჰოსპოტალში, სადაც გარდაიცვალა, როგორც ვთქვით 7 ოქტომბერს.
მასზე ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს ნარკომანი იყო, მაგრამ ეს არ აღმჩნდა მართალი. დღეისათვის ბურუსითაა მოცული მისი საიდუმლო გარდაცვალების მიზეზები, არა ერთი დიაგნოზი სახელდებოდა, თუმცა, საავადმყოფოს ყველა დოკუმენტი დაკარგულია.
დიდი ამერიკელი მწერალი დაიბადა 1809 წლის 19 იანვარს, ბოსტონში.
ეგარ პოს მშობლები მოხეტიალე თეატრის მსახიობები იყვნენ. მამა, დევიდ პო (1784-1811) ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი იყო, დედა, ელიზაბეთ არნოლდ პო, ინგლისური წარმოშობისა გახლდათ. მომავალ პოეტს მშობლები ადრე გარდაეცვალა. ედგარი გაზარდეს ვირჯინიელმა ჯონ და ფრენსის ალანებმა.
ალანები შეძლებული ვაჭრები იყვნენ და არაფერი ენანებოდათ შვილობილისათვის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაკოტრება ემოქრებოდათ, მაგრამ ბავშვისთვის არაფერი უგრძნობინებიათ. შემდეგ კი ჯონ ალანმა დიდი მემკვიდრეობაც მიიღო.
როცა ედგარი 6 წლის იყო, ალანების ოჯახი ინგლისში გაემგზავრა. ბავშვი მიაბარეს ლონდონის პრესტიჟულ სასწავლებელში, სადაც ხუთი წელი სწავლობდა. 1820 წელს ოჯახი დაბრუნდა ამერიკაში. ედგარი კოლეჯში მოეწყო. კოლეჯის შემდეგ სწავლა განაგრძო რიჩმონდის უნივერსიტეტში.
განსაკუთრებულ ნიჭს პატარაობიდანვე ავლენდა. 5 წლის ასაკში წერა-კითხვა იცოდა, ხატავდა, უყვარდა ცხენზე ჯირითი. გატაცებული იყო ლიტერატურით, ისტორიით, კარგად სწავლობდა მათემატიკას, ასტრონომიას, ფიზიკას. ფიზიკურად ძლიერი იყო. ლექსებს ბავშვობიდან წერდა. საკმაოდ ცელქიც გახლდათ, არაორდინალური ხასიათის. უყვარდა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება თავის თავსა და მეგობრებზე. თუმც გრძნობდა თავის განსაკუთრებულ ნიჭს, არ ავლენდა თავის უპირატესობას სხვებთან მიმართებაში.
17 წლის ასაკში ედგარს მოუწია ალანების ოჯახიდან წასვლა. ჯონ ალანმა უარი უთხრა გადაეხადა ფული, რომელიც ედგარმა ბანქოში წააგო. ედგარისათვის კი ამ ვალის გადახდა ღირსების საქმე იყო. როგორც ჩანს, ჯონ ალანი და ედგარ პო ძალიან განსხვავებული ხასიათისა და მისწრაფებების ადამიანები იყვნენ. ამბობენ, ჯონს მობეზრდა ექსცენტრიული შვილობილის თავგადასავლები. დედობილი, კი, ჩანს ძალიან თბილი და მოყვარული იყო თავის აღზრდილისა...
უსახსრობის გამო მოუწია უნივერსიტეტის მიტოვება. 1827 წელს, გამოსცა თავისი პირველი ლექსების კრებული „თემურ ლენგი და სხვა ლექსები“. ნებაყოფლობით წავიდა ჯარში. ჯარში სამსახური თავიდან მოსწონდა, წარმატებებსაც მიაღწია, თუმცა შემდეგ გამოეთხოვა არმიას, ისევ ჯონ ალანის მეშვეობით, რომელსაც დახმარებისთვის მიმართა. ამ პერიოდში გარდაიცვალა მისი დედობილი.
ისევ პოეზიას მიუბრუნდა, მისი შემოქმედებით დაინტერესდნენ და 1829 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული „ალ-არააფი, თემურ ლენგი და პატარა ლექსები“.
1830 წელს ჯონ ალანის დახმარებითა და სურვილით, ედგარ ალან პო მოეწყო ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში. მაგრამ, თავისუფლება ძალიან სწყუროდა და... გამორიცხეს. მამობილთან ისევ უსიამოვნება მოუვიდა. ჯონ ალანი ამის მერე კი ეხმარებოდა, მაგრამ მცირე თანხით.
1835 წელს დაქორწინდა ვირჯინია კლემზე, რომელიც მას ნათესავად ეკუთვნოდა. 1847 წელს ვირჯინია გარდაიცვალა ჭლექით...
ამ დროიდან ედგარ პოს ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა სიღატაკეს, დაკარგული სიყვარულის სევდას, ალკოჰოლს, ფსიქიკურ აშლილობას, მის წინააღმდეგ აგორებულ ცილისწამებებს და ... (ისევ) ბრწყინვალე ლიტერატურულ შემოქმედებას...
საქართველოში ყოველთვის ძალიან მოსწონდათ ედგარ ალან პოს შემოქმედება.
პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ედგარ პოს ლექსს „ულალუმი“, რომელიც მშვენივრად თარგმნა გიორგი ნიშნიანიძემ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ლექსი დიდი შემოქმედისა. ზუსტად უცნობია რატომ ჰქვია ამ ნაწარმოებს ულალუმი (Ulalume). ზოგი თვლის, რომ ეს სიტყვა პოეტმა წარმოქმნა ლათინური სიტყვიდან ululare, რაც აღნიშნავს ტირილს, სლუკუნით ტირილს.
თუმცა, სხვების აზრით, ულალუმი არის ტრანსფორმაცია, სხვა ფორმა მისი ცოლის, ვირჯინიას სახელისა, რომელსაც ეძახდა Eulalie, ევლალიას, ეულალიას. ეს ლექსი დაწერილია 1847 წელს, ვირჯინიას გარდაცვალების შემდეგ (პოეტმა შემდეგ რედაქტირება გაუკეთა 1949 წელს).
ლექსმა დიდი ინტერესი გამოიწვია, პოეტს სთხოვდნენ აეხსნა სათაურის მნიშვნელობა... მაგრამ, ედგარ პოეს არასოდეს უპასუხია...
„ულალუმი“ სხვებმაც თარგმნეს ქართულად და საკმაოდ კარგად. სხვა ვარიანტებს სხვა დროს შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს.
ულალუმი
(თარგმნა გიორგი ნიშნიანიძემ)
ცა იყო თალხი და ძილქუშის მომგვრელი,
ხმელი და ყვითელი ფოთლების რიალი,
რუხი და დამჭკნარი ფოთლების რიალი,
იდგა უამური ღამე ოქტომბერის,
ჟამი უხსოვარი, წელი მირიადი,
ეს იყო მრუმე და ცივი ტბა ობერის
ხრიოკ და ნისლიან ტრამალზე ვიარის -
მუდამ მომდურავი ცივი ტბა ობერის,
ვამპირთა მგლოვარე ტრამალი ვიარის.
აქ კიპარისებში მე და სანუკვარი
იგი სული ჩემი, ფსიქეა, ვიდოდით,
მე და ჩემი სული, ფსიქეა, ვიდოდით,
უეცრად გულგვამის მოირღვა გულგვამი
და მოსკდა წიაღით გამდნარი ლითონი,
აივსო გოგირდით და ცხელი ლითონით
მთა იანეკი და ხევები უღრანი,
დაინთქა ლითონით და ცეცხლით მბუგავით
თოვლის უდაბნო და ბორეას მინდორი.
ჩვენი საუბარი იყო ულმობელი,
მაგრამ ვერ დავიცხრეთ ურვა და წრიალი,
ვეღარ დავიოკეთ ურვა და წრიალი -
ჩვენ არ ვიცოდით რომ იდგა ოქტომბერი
და რომ გასულიყო წელი მირიადი,
ვეღარ გადავთვალეთ წელი მირიადი,
ნუთუ ეს ყინულის ტბა იყო ობერის? -
ო, ჩვენ ხომ ოდესღაც აქ გამოვიარეთ -
მუდამ მომდურავი ქუში ტბა ობერის,
ვამპირთა მგლოვარე ტრამალი ვიარის?
და როცა წყვდიადის თმა გაუფერულდა
და დღის მობრძანება აღნიშნეს ვარსკვლავთა,
დილის დაბადება აღნიშნეს ვარსკვლავთა,
უეცრად იფეთქა ნათელმა ველურმა
ჩვენი გზის ბოლოში, დღე-ღამის საზღვართან.
უეცრად გაფითრდა ვარსკვლავთა დასტა და
აღმოხდა ორწვერა მთვარე, ვით ასტარტა.
ბინდის კუნაპეტი თმა გაუფერულდა -
ვერცხლის დიადემა დაიდგა ასტარტამ.
ვთქვი: იგი თბილია, ვითარცა დიანა,
ცხრება და ივსება დარდით და ვარამით,
მისთვის ჭირიცაა და ლხინიც ვარამი,
მან იცის, თვალი რომ ცრემლია მთლიანად
და არსად არ ცხოვრობს უცრემლოდ არავინ,
ლომის ზოდიაქოს კარიბჭეს მიადგა,
რომ ჩვენთვის აღეთქვა დუმილი მარადი,
რომ ლეთას განცხრომა აღეთქვა მარადი,
ლომის ბურჯს გამოსცდა, რომ ადამიანთა
მეზობლად დაეცა ქათქათა კარავი,
ლომის ბურჯს გამოსცდა, რომ ადამიანთა
ტრფობისთვის დაედგა ეს წმინდა კარავი.
მაგრამ აქ ფსიქეამ შუბლი მოისრისა
და თქვა: ამ მნათობის შუქს ვერ მივენდობი,
და თქვა: მე მის კარავს როგორ მივენდობი -
კარი და კალთები ანთია სისხლისფრად,
წავიდეთ გავფრინდეთ დავტოვოთ ფერდობი, -
მძიმედ სუნთქავდა და ტალახში შიშისგან
მოსვარა ქიტონი და ფრთები თეთრონი,
ცხარედ ქვითინებდა და მტვერში შიშისგან
მოსვარა ქიტონი და ფრთები თეთრონი,
მოსვარა ქიტონი და ფრთები თეთრონი.
მე შევკრთი: რას ამბობ, ეგ ხომ ზღაპარია,
ღმერთმა ნუ მოგვაკლოს ჩვენ მისი ნათელი,
დე, მუდამ გვათოვდეს ეს წმინდა ნათელი.
- როგორი მშვიდია! და ყველა მთვარიან
ღამეს რა ხიბლი აქვს და კდემა რამდენი!
ამ შუქში სიბილას გრძნებაა რამდენი!
მას უნდა მივენდოთ, სხვა გზა სიზმარია,
კეთილად გვატარებს გზა ამაღამდელი,
მას უნდა მივენდოთ, სხვა გზა სიზმარია,
მშვიდი და წყნარია გზა ამაღამდელი,
რა დიდი ხიბლი აქვს და გზნება რამდენი!
ასე განერიდა ფსიქეა ამაზრზენ
ფიქრებს და დასძლია წუთი უამური,
დასცხა და დასძლია წუთი უამური
და როცა ორივემ გზა ერთად განვაგრძეთ,
შევნიშნეთ საფლავი ბინდში მიმალული,
საფლავი დავლანდეთ ბინდში მიმალული.
ვკითხე: რა წერია, დაო, აკლდამაზე,
რაღაც სიტყვა მოჩანს ბინდში მიმალული?
მითხრა: ულალუმი! - შენი ულალუმი,
შენი დაკარგული სატრფო ულალუმი.
და ისე მემძიმა მე წუთისოფელი,
გულგვამი ერთიან ამევსო წრიალით,
ძვალ-რბილში ერთიან შემიდგა წრიალი
და ვთქვი: ჭეშმარიტად იდგა ოქტომბერი
და ღამე სულეთის ღამეთა ზიარი,
როდესაც სულ მარტომ აქ გამოვიარე,
მომქონდა ცხედარი - გვამი ულპობელი
დიახ, ულმობელი იდგა ოქტომბერი
და ღამე სულეთის ღამეთა ზიარი,
მე ვიცი - ეს კუპრი ტბა არის ობერის,
ხოლო ეს პარტახი ველია ვიარის,
მუდამ მომდურავი ცივი ტბა ობერის,
ვამპირთა მგლოვარე ტამალე ვიარის!
აღარ დაგვრჩენოდა ორივეს სათქმელი
და მე და ფსიქეამ უნებურ ვინატრეთ;
ჰო, მე და ფსიქეამ მაშინვე ვინატრეთ:
მთვარეს ჩამოეხსნა ბინდბუნდის ფარდები,
რომ არ წაერთმიათ ვამპირებს სიმართლე,
ამ უდაბნოეთში ნამარხი სიმართლე -
აღარ მოჰკლებოდა ველური ნათელი
მთვარის უღიმღამო სულეთის ბინადრებს,
რომ ეს მომნუსხველი, ცოდვილი ნათელი
დაღვროდა პლანეტის უხორცო ბინადრებს!..
0