12:37:22     08-10-2012
ღარიბაშვილი VS ალასანია

ბატონი ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ასახელებს. შს მინისტრად, ოლიგარქმა, კახა თარგამაძის პოლიციის უფროსისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებისთვის დაპატიმრებული თამაზ თამაზაშვილის სიძე, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
ღარიბაშვილი, ივანიშვილის ყველაზე სანდო და საიმედო კადრია. ოლიგარქმა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე თქვა: „ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი საყვარელი ბიჭია“. თუმცა, ექსპერტთა აზრით, ღარიბაშვილის შს მინისტრად წარდგენით, ივანიშვილმა უკვე გადადგა ერთი ნაბიჯი უკან.
მართალია, ჯერ კიდევ ციხეში მყოფი კრიმინალი თამაზაშვილი მინისტრი არ იქნება, მაგრამ პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ის, ფაქტობრივად, პოლიციის „რუხ კარდინალად“ ტრანსფორმირდება.
ღარიბაშვილი VS ალასანია
გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრის პოსტისთვის ირაკლი ალასანია იბრძოდა. "ქართულ ოცნებაში", მართალია, თავისი წარსულით, ალასანია ყველაზე მეტად შეეფერებოდა შს მინისტრის თანამდებობას, თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს ოლიგარქი.
ივანიშვილმა, ალასანიას „დაბლოკვით“, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას არ ენდობა. შს სამინისტრო, დღევანდელ საქართველოში ყველაზე გავლენიანი სტრუქტურაა.
ოლიგარქმა კი, ამ პოსტზე, ირაკლი ღარიბაშვილი, არა პროფესიონალიზმის მიხედვით, არამედ პირადი ერთგულების ნიშნით წარადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტრო სპეციფიური სტრუქტურაა, ივანიშვილმა, გამოცდილ ალასანიას, გამოუცდელი და შეიძლება ითქვას, პოლიტიკურად ბეცი ღარიბაშვილი არჩია, რითაც კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ კარიერას იმის მიხედვით იკეთებენ, თუ ვინ უფრო მეტად უერთგულებს ბელადს.
ალასანიას გარემოცვაში საუბრობენ, რომ ღარიბაშვილის შს მინისტრად წარდგენაში დიდი როლი ითამაშა ივანიშვილის ოჯახმა. კონკრეტულად კი, არასრულწლოვანმა ბერა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ალასანიას, ის თავდაცვის მინისტრის პოსტს ჩაიბარებს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თავდაცვის მინისტრს მხოლოდ მენეჯერული ფუნქცია გააჩნია, შეიარაღებულ ძალებს კი, გენერალური შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს, რომელსაც უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.
0