16:08:52     25-12-2010
"უახლოეს მომავალში შესაძლოა კავკასიაში ახალი ომი დაიწყოს"
რამდენად რეალურია ომი კავკასიის რეგიონში, დაიწყება თუ არა რუსეთის დაშლა ჩრდილო კავკასიიდან და რა საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს ეს პროცესები საქართველოსთვის, ამ და სხვა საინტერესო თემაზე პრესა.ჯი -ს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ესაუბრა.
- ბატონო მამუკა, რუსეთში კავკასიელების წინააღმდეგ მიმართული აგრესია, ეს იყო ხელისუფლების მიერ ინსცენირებული დადგმა თუ კავკასიელ ხალხში მართლაც გაიღვიძა პროტესტის გრძნობამ?
- ცალსახად არ შეიძლება იმის თქმა, თუ რომელი მხარის ინსცენირებული იყო ეს აქციები. თუმცა ფაქტია, რომ რუსულ საზოგადოებაში დამამცირებელი ტერმინი “ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტი” დიდი ხანია არსებობს.
უნდა ითქვას რომ კავკასიელი ხალხის ინტელიგენციას, რომელნიც რუსულად კარგად საუბრობენ რუსები გადასარევად უგებენ. თავის დროზე, ჩეჩნეთის ომა, კავკასიელებსა და რუსეთს შორის განხეთქილება უფრო გაზარდა. ზოგ შემთხვევაში კავკასიელების საქციელიც იყო გამაღიზიანებელი. ბოლო ასეთი ამბავი მოხდა ახლო წარსულში, როდესაც რელიგიურ დღესასწაულზე ბაირამობაზე, დაღესტნელებმა მსხვერპლ-შეწირვა მოაწყვეს მოსკოვის ცენტრში, რამაც რუსების დიდი გაღიზიანება გამოიწვია. რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლების შეცდომებს, მათ დაუშვეს ნაციონალისტური ორგანიზაციების არსებობა, რომელთაგან ზოგი ხელისუფლების მიერ არის შექმნილი, ზოგი სპონტანურად, ზოგში კი ხელისუფლებას თავისი აგენტურა ჰყავს შეგზავნილი. რეალურად, რუსეთის ხელისუფლებას მათი მართვა შეუძლია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ზოგ ადგილობრივ მილიციის უფროსს ურჩევნია ასეთი ორგანიზაცია შექმნას და ის დაუპირისპიროს კავკასიელებს, ვინაიდან თვითონ უძლურები არიან.
- ეს ყველაფერი ხომ არ ქმნის საშიშროებას, რომ კავკასიაში ახალი ომის კერები გაჩნდეს?
- საშიშროება ნამდვილად არის. როდესაც ეს ამბები დატრიალდა, ვამბობდი, რომ თუ ხელისუფლება დროულად არ აღკვეთდა ამ პროცესებს, მაშინ შესაძლებელი იყო ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. თუმცა რუსეთის ხელისუფალმა ჯერ-ჯერობით მოახერხა ამ პროცესების ლოკალიზება და ზვავის შეჩერება.
- თქვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მხარდასაჭერ აქციაზე მინდა გკითხოთ, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ღონისძიება?
- ჯერ ერთი, ამ ბავშვების ერთი მეოთხედი, კავკასიელი ეთნოსის წარმომადგენლები იყვნენ. Mმეორეც, ეს აქცია ორიენტირებული იყო, რომ მსოფლიო საზოგადოებისათვის დაგვენახებინა რუსების აგდებული დამოკიდებულება კავკასიელი ხალხის მიმართ.
- არსებულ სიტუაციაში, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს ხელისუფლებამ?
- მხოლოდ მორალური მხარდაჭერა. არ არის საჭირო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. საერთოდ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ცნობილი ჩინური იგავის მიხედვით. უნდა დაჯდე მდინარის პირას და ის მტრის გვამს აუცილებლად ჩამოატარებს. საჭირო არ არის პოლიტიკური დემარშები და მაღალი ტრიბუნიდან არასწორი განცხადებების კეთება. კავკასიელებმა საქართველოში უნდა დაინახონ არა მფარველი, არამედ გვერდში მდგომი. ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს სურს თავი მფარველად გაასაღოს, რაც არასწორი მიდგომაა.
- რუსების განცხადებით, ეს არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენ ლარსის საბაჟო პუნქტი გავხსენით.
- მტკნარი სიცრუე და ობივატელზე გათვლილი განცხადებაა. ეს არის წლობით დაგროვილი განწყობა, როდესაც 5-6 წლის წინ სცემეს “ცსკ-ს” გულშემატკივარი, ან რა სახის ლოზუნგები იყო მაშინ გამოკიდული, “დალოი რუსკიხ”, “უბირაიტეს ატსუდა”. სჯობდა მაშინ მიექციათ ყურადღება, ამიტომ ნურავის უკვირს ეს პროცესები.
- ხომ არ იწყება რუსეთის დაშლა კავკასიიდან?
- რუსეთის დაშლა კავკასიიდან ჯერ არ დაიწყება, თუმცა თუ გაგრძელდება ეს პროცესები, გამორიცხული არაფერია. ჩვენ ზვავივით დაგვემხობა ყველაფერი, სანამ ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად არ იქნება ძლიერი, ასეთ კატაკლიზმებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს.
- უახლოეს მომავალში, კავკასიის რეგიონში, ხომ არ არის მოსალოდნელი ახალი საომარი მოქმედებები?
- უახლოეს მომავალში შესაძლოა კავკასიაში ახალი ომი დაიწყოს. წარმოვიდგინოთ ახლა, რომ ომი მიდის რუსეთში, ამას მიუმატეთ სომხეთ-აზერბაიჯანის ომი, რომლის საფრთხეც რეალურად არსებობს. წარმოიდგინეთ საქართველო რა მდგომარეობაში ჩავარდება. ომი ჩვენს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს და საერთოდ არც დასავლეთს უნდა აწყობდეს რუსეთში ომი.
0