17:56:08     05-10-2012
ივანიშვილი: ქვეყნიდან წასული ბიზნესმენები საქართველოში დაბრუნდებიან

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანიების ხელმძღვანელი პირები კოალიციის ლიდერს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრებიან, რაც ბიზნესის სხვადასხვა დარგში არსებობს.
შეხვედრაზე დაისვა საკითხი რკინიგზაში არსებულ პრობლემებზე. შეხვედრაზე ასევე დაინტერესდნენ რა ბედი ელით იმ ბიზნესმენებს, რომლებმაც პოლიტიკური ზეწოლის გამო ქვეყანა დატოვეს.
ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკური ზეწოლის გამო ბიზნესმენებს ქვეყნიდან წასვლა მოუხდათ, თუმცა ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში.
კოალიციის ლიდერის თქმით, 1-ელ ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლება შექმნის დამოუკიდებელ სასამართლოს და ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბიზნესმენებსაც, ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი სიმართლე ქართულ სასამართლოში დაამტკიცონ.
კითხავზე როგორ განვითარდება სოფლის მეურნეობა და რა დარგები იქნება პრიორიტეტული ივანიშვილმა უპასუხა, რომ „სოფლის მეურნეობის ყველა დარგის განვითარებას დაიწყებს მისი გუნდი, როგორც კი ხელისუფლებაში მოსვლას დოკუმენტალურად გაიფორმებენ,“-განმარტა მან.
თუ რატომ არის სოფლის მეურნეობა ყველაზე პრიორიტეტული „ქართული ოცნებისთვის“ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ დარგის სწრაფი განვიათარება დაასაქმებს ასი ათასობით ადამიანს. საქართველოში კი დღეს ყევლაზე მთავარი პრობლემა დასაქმებაა.
0