17:35:26     05-10-2012
სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე?!

ივანიშვილის კოალიციის არჩევნებში გამარჯვების კვალდაკვალ, გახშირდა ყაჩაღობის, ძარცვის, ავტომობილების გატაცების, ქურდობისა და ხულიგნობის ფაქტები.
თუ ჯერ კიდევ პირველ ოქტომბრამდე, მსგავსი ხასიათის დანაშაული მინიმუმამდე იყო დაყვანილი, დღეს, როცა ხელისუფლება ივანიშვილმა ჩაიბარა, კრიმინალი უკვე აღარავის უკვირს.
თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ახმეტაში და სხვა ქალაქებში დაფიქსირდა. ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში სკოლის მოსწავლეებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
40-მდე ახალგაზრდა სკოლის მოსწავლეებს სოფლის მოედანზე მაშინ დაესხა თავს, როცა ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ.
დაზარალებულები იუწყებიან, რომ თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რამდენიმე საათის წინ კი, თბილისში, „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის თქმით, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა მათ განუცხადეს: „თქვენი დრო დასრულდა, ყველანი ციხეში ამოლპებით“.
დღესვე, "ქართული ოცნების" აგრესიული აქტივისტები შეიჭრნენ მარნეულის გამგეობის შენობაში და სასტიკად გაუსწორდნენ გამგებელს, მის მოადგილესა და მოადგილის მძღოლს. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ყველაზე მეტად ნაცემია გამგებლის მოადგილის მძღოლი. ივანიშვილის აქტივისტების მოტივი - გამგებელი გადადგეს!
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მილიონზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა, ამავე მონაცემებით, 800 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე?
ძალადობა, შეურაცხყოფა, ფიზიკური ანგარიშსწორება, შანტაჟი... აგრესია მედიის, მათ შორის „პრესა.ჯი“-ს, „დრონი.ჯი“-ს, „ინტერნეტ.ჯი“-ს, „აიტივი.ჯი“-ს, „რუსთავი ორისა“ და „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ.
მუქარა, რომელიც ისმის ივანიშვილისა და მისი მობოლშევიკო ლიდერების მხრიდან: „ვუჩივლებ მოსამართლეს“, „დავიჭერთ, ვინც დასაჭერია“, „ყველამ პასუხი უნდა აგოს“, „გამოუშვით ციხიდან თამაზ თამაზაშვილი“ - ფაქტობრივად, სხვა არაფერია, თუ არა, მოძალადეების, კრიმინალების, რევანშისტებისა და ე.წ. უბნის ძველი ბიჭების წახალისება...
ვის აწყობს არეულობა?
ერთ-ერთი მეოცნებე ექსპერტის აზრით, არეულობა აწყობს იმას, ვინც მიდის... თუმცა, არის მეორე, შესაძლოა უფრო „რკინისებული“ მოსაზრებაც. ივანიშვილის კოალიციის უტოპიური დაპირებები, რომ საპროცენტო განაკვეთი 3 პროცენტი იქნება, პენსია გასამმაგდება, საწვავი და პროდუქტი გაიაფდება. ბაღები უფასო გახდება, ხოლო სოფლის მეურნეობის სფეროში ერთი მილიარდი ლარი ჩაიდება, „გასაპრავებელია“.
როგორ უნდა „გააპრავოს“ ოლიგარქმა მისი დაპირებების შეუსრულებლობა? 1). მან ხალხს უნდა აჩვენოს სანახაობა: დაიწყოს რეპრესიები. 2) იწუწუნოს მძიმე მემკვიდრეობაზე. 3) „ახლა ამის დრო არ არის, არეულობაა“-ს არგუმენტით ებრძოლოს მისივე პროვოცირებულ კრიმინალს.
არის სხვა ვარიანტიც: ივანიშვილი დაპირებებს ვერ შეასრულებს (მისი შესრულება შეუძლებელია), ხალხი გამოხატავს უკმაყოფილებას, დაიშლება კოალიცია და „ქართული ოცნება“ უმცირესობაში აღმოჩნდება (ან ღრმა საპარლამეტო კრიზისის გამო პრეზიდენტი იძულებული იქნება დაითხოვოს პარლამენტი), რაც, ფაქტობრივად, მისთვის სრულ ფიასკოსა და პრემიერ მინისტრის სავარძლის დამშვიდობებას ნიშნავს.
იმის გამო, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით მივიღეთ ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული საზოგადოება, შესაძლოა ჩვენ, ახლა, ზუსტად იქ ვიმყოფებით, სადაც სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარი გადის.
მილიონი მეოცნებე, იმ 800 ათასზე მეტი ადამიანის პირისპირ დგას, ვინც ხმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცა. ის, რომ საზოგადოებაში უკვე ღრმა ბზარი გაჩნდა, ბოლო დღეების მოვლენებმა უკვე ნათლად აჩვენა.
რამდენად შეძლებს, კოალიციურ პრობლემებში ჩაფლული და ხშირად არაადეკვატური ჭორვილელი ოლიგარქი, რომელზეც მსოფლიო მედია-გიგანტები ირონიით საუბრობენ, საზოგადოების გაერთიანებას, ამას ალბათ, მალე ვნახავთ. თუმცა, დღეს, აგრესიული მეოცნებეების ქმედებები, ცხადად მეტყველებს, რომ: საზოგადოებაში დაძაბულობაა!
0