16:09:07     05-10-2012
უწყებებსა და მისიებში, „ქართული ოცნებას“ საკუთარი წარმომადგენლები ეყოლება

8 ოქტომბრიდან, სამთავრობო უწყებების ტრანზიცია იწყება. კერძოდ, „ქართული ოცნება“ ყველა სახელმწიფო უწყებაში საკუთარ წარმომადგენლებს მიავლენს, რომლებიც ახალი მთავრობის ფორმირებამდე, უწყებაში არსებულ ვითარებას გაეცნობიან, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი ქვეყნისთვის უმტკივნეულო იყოს.
ხელისუფლების სწრაფი და მშვიდობიანი ფორმით გადაბარების მიზნით, დღეს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდნენ.
როგორც ჟურნალისტებს კოალიციის წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული შეფერხებები – ფინანსურ ინსტიტუტებში, საერთაშორისო ურთიერთობებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, აუცილებელია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამინისტროებისა და სხვადასხვა უწყების მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასევე ჟენევისა და ევროკავშირის მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან. რაც შეეხება ახალი მთავრობის ფორმირების საკითხს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილებები ძალოვანი მინისტრების დასახელების საკითხში, თუმცა მოქმედი ხელისუფლება ამ უფლების გამოყენებას არ აპირებს და ახალ მთავრობას ძალოვანი უწყებების ჩათვლით, მთლიანად „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს.
„დღეს გამოჩნდა, რომ მხარეები ერთმანეთისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნას არ აპირებენ და ჩვენი მოსახლეობის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების გადაცემა კონსტიტუციის ფარგლებში მოხდება. იმედია, ასეთი პოლიტიკური ნების პირობებში შევძლებთ, რომ ხელისუფლების გადაცემამ არ მოიტანოს ნგრევა და ძალადობა, არამედ უკეთესი მომავალი მოიტანოს. ჩვენ მთავრობის ფორმირებაში ჩარევას არ ვაპირებთ და ახალ მთავრობას მთლიანად გამარჯვებული კოალიცია დააკომპლექტებს. კონკრეტულ მინისტრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის პრობლემებს არ შევქმნით და მათ მიერ წარმოდგენლ კანდიდატებს არ დავბლოკავთ. გამარჯვებულ კოალიციას მთავრობის ფორმირებაში სრული კარტბლანში აქვთ და თუ ხელის შეშლა დავიწყეთ, ეს მშვიდობიანი პროცესი არ იქნება. დავთანხმდებით ყველა კანდიდატურას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და ვიმედოვნებ, რომ ღირსეული კანდიდატურები იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა ბაქრაძემ.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების გადაცემასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის კონსულტაციები ორშაბათს განახლდება, სადაც უწყებებში კოალიციის წარმომადგენლების შესვლის კონკრეტულ მექანიზმებზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტსა და ახალ ხელისუფლებას შორის დიალოგს “ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი აწარმოებენ, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი. პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეხვედრები კი, მთავრობის კანცელარიაში გაიმართება.
0