სერგეი ესენინი - „...თმის კულულები მწვანე“ სერგეი ესენინი - „...თმის კულულები მწვანე“ />


  23:19:12     04-10-2012

სერგეი ესენინი - „...თმის კულულები მწვანე“

a21991.jpg

1895 წლის 21 სექტემბერს, ახალი სტილით 3 ოქტომბერს,რუსეთის იმპერიის რიაზანის გუბერნიის სოფელ კონსტანტინოვოში დაიბადა დიდი რუსი პოეტი სერგეი ესენინი (Сергей Александрович Есе́нин)

სერგეი ალექსანდრეს ძე ესენინი დაიბადა გლეხის ოჯახში. მამას ალექსანდრე ნიკიტას ძე ერქვა, დედას ტატიანა თევდორეს ასული (ქალიშვილობაში ტიტოვა). მის მშობლიურ სუფელს ახლა ესენინო ჰქვია.

1904 წელს მიაბარეს სოფლის სასწავლებელში. შემდეგ სასულიერო სასწავლებელში. 1912 წელს ჩავიდა მოსკოვში და მუშაობდა წიგნის მაღაზიაში, შემდეგ გამომცემლობაში.

1913 წელს მოეწყო თავისუფალ მსმენელად ისტორია-ფილოსოფიის განყოფილებაზე, ა. შანიავსკის სახელობია მოსკოვის სამოქალაქო-სახალხო უნივერსიტეტში. 1914 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები.

1915 წელს პეტროგრადში გადავიდა, მალე გაიწვიეს ჯარში და მსახურობდა სანიტრად ცარსკოე სელოს ჰოსპიტალში. 1916 წელს გამოვიდა მისი პირველი კრებული, რომელმაც სახელი გაუთქვა ახალგაზრდა პოეტს.

უყვარდა მოგზაურობა. იმოგზაურა შუა აზიაში, ურალში, მერე ევროპაში, ამერიკაში, საქართველოში, აზერბაიჯანში. მეგობრობდა ქართველ პოეტებთან.

მისმა პოემამ „არამზადების ქვეყანა“ დიდი გულისწყრომა დაიმსახურა ბოლშევიკების მხრიდან. გაზეთებში წერდნენ პოეტის ლოთობაზე, ჩხუბებზე, მის ცუდ ხასიათზე...

1925 წლის 28 დეკემბერს დიდი რუსი პოეტი ჩამომხრჩვალი იპოვეს ლენინგრადის სასტუმრო „ანგლოტერში“. კედელზე სისხლით უკანასკნელი ლექსი დაეწერა. თვითმკვლელობის ვერსია ეჭვის ქვეშ არ დაუყენებიათ, ვინაიდან მანამდე ფსიქონერვოლოგიურ საავადმყოფოში მკურნალობდა... 1990-იანი წლებიდან ბოლშევიკების მხრიდან მის მკვლელობაზეც ალაპარაკდნენ. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ამის დამტკიცება ძნელია.

პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ დიდი პოეტის ორ ლექსს.

* * *

(თარგმნა სერგო წურწუმიამ)

ცეცხლს გაუკრთა უკვე ლურჯი ფერი,
დაიბინდა მშობლიური სივრცე.
მე დღეიდან სიყვარულზე ვმღერი
და სკანდალებს დავიწყებას მივცემ.

ადრე ვგავდი ხეს დალეწილ შტოთი,
ქალები და დროსტარება დამრჩა.
აღარ მინდა ლოთობა და შფოთი
და სიცოცხლის უთავბოლო ხარჯვა.

მინდა მხოლოდ გიცქეროდე ასე,
ჩავიძირო მაგ თვალების ტბაში,
რომ გამდგარმა წარსულისგან განზე
არასოდეს არ გამცვალო სხვაში.

მონარნარევ, მომცემელო შვების,
იქნებ შენი გული უკვე ჩახვდა –
ვით შეიპყრო სიყვარულმა შლეგი,
რა მორჩილი ხულიგანი გახდა.

სამუდამოდ უარს ვეტყვი ღვინოს
და ლექსებსაც არასოდეს დავწერ,
მხოლოდ გვედრი, კარგო, არ გეწყინოს,
რომ ვეფერო მაგ თმებსა და ღაწვებს.

უცხო გზებზე ერთად ვთელოთ მტვერი,
გადავლახოთ შორეული სივრცე...
მე დღეიდან სიყვარულზე ვმღერი
და სკანდალებს დავიწყებას მივცემ.

* * *

(თარგმნა გურამ კვიცარიძემ)

თმის კულულები მწვანე
და ქალწულური მკერდი,
ო, არყო, ტანკენარო,
რუს რისთვის ჩააცქერდი?
რას გიჩურჩულებს ქარი?
რას ანცობს ქვიშა წმინდა?
თუ სავარცხელი მთვარის
დატოტვილ თმაში გინდა?
გულში რა ნაღველს იკლავ?
წუხილი სულ არ გშვენის,
შემოდგომის წინ მიყვარს
ეგ შარიშური შენი.
და ხემ გაიხსნა ბაგე,
გაიშრიალა მშვიდად:
„ერთ ვარსკვლავიან ღამეს
მწყემსი აქ ცრემლებს ღვრიდა,
მთვარე ფერავდა მუხებს,
შორს ქანაობდა ფიჭვი;
ხოლო ჩემს შიშველ მუხლებს
გულში იკრავდა ბიჭი.
აცახცახებულს, შემკრთალს
მითხრა: „მშვიდობით, მწველო,
კვლავ მოვფრინდებით შენთან
მე და პირველი წერო“..
0

ავტორი: