13:09:29     03-10-2012
ემილ ზოლა
1902 წლის 29 სექტემბერს პარიზში გარდაიცვალა დიდი ფრანგი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, თეორეტიკოსი ემილ ზოლა (Émile François Zola).
ის გახლავთ რეალიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი საფრანგეთში, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, თეორეტიკოსი ე. წ. ნატურალისტური მოძრაობისა. მთავარი კი ისაა, რომ ემილ ზოლა მშვენიერი მთხრობელი გახლავთ.
ემილ ფრანსუა ზოლა დაიბადა 1840 წლის 2 აპრილს იტალიური წარმომავლობის ინჟინრის ოჯახში. დედა ფრანგი ჰყავდა. სამი წლის იყო მომავალი მწერალი, როდესაც ოჯახი პროვანსში გადასახლდა, მარსელთან ახლოს, ქალაქ ექსში. იქ მამა მუშაობდა ინჟინრად. მომავალი მწერალი ბავშვობიდან წერდა ლექსებს. 7 წლის ასაკში გარდაეცვალა მამა. 1858 წელს ოჯახი ისევ პარიზში დაბრუნდა.
ემილ ზოლა სწავლობდა ჯერ მარსელის, მერე პარიზის ლიცეუმებში.
მუშაობდა საზღვა ფირმაში კლერკად, მერე გამომცემლობაში. იყო ჟურნალისტი, თანამშრომლობდა L’Evénement-თან, Le Figaro-თან, Le Rappel-თან დაTribune-თან. ცხოვრების ბოლომდე წერდა პუბლიცისტურ წერილებს. იყო საზოგადო მოღვაწე, ლიბერალი, სოციალური თანასწორუფლებიანობის მომხრე.
ცნობილია ე. წ. დრეიფუსის საქმე, რომელშიც ზოლამ აქტიური მონაწილეობა მიიღო. საფრანგეთის არმიის ებრაელ ოფიცერს, დრეიფუსს ქვეყნის ღალატს აბრალებდნენ. ზოლამ დაწერა და გამოაქვეყნა საპროტესტო წერილი „ბრალს ვდებ“, რომელსაც სხვა მწერლებმაც მოაწერეს ხელი, მაგალითად ანატოლ ფრანსმა. ემილ ზოლას ჩამოართვეს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალრობა და იძულებული გახდა ინგლისში წასულიყო. ანატოლ ფრანსმა მხარი დაუჭირა ზოლას და უარი თქვა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალრობაზე.
ემილ ზოლა, როგორც ვთქვით გარდაიცვალა 1902 წლის 29 სექტემბერს, ოფიციალური ვერსიით - ნახშირის გაზით მოწამვლით. ზოგიერთს ჰქონდა ეჭვი, რომ დიდი მწერალი მოკლეს, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთები არ ყოფილა. ამ დროს მწერელი 62 წლისა იყო. იგი დაკრძალეს 5 ოქტომბერს. დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო.
0