გოდერძი ჩოხელის დაბადების დღე გოდერძი ჩოხელის დაბადების დღე />


  13:08:32     03-10-2012

გოდერძი ჩოხელის დაბადების დღე

a21958.jpg

1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში (ჩოხთან ახლოს) დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, სცენარისტი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. 

სწავლობდა ჩოხის რვაწლიან სკოლაში, მერე ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა   შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 1974 წლიდან კინოსარეჟისორო ფაკულტეტზეა. დაამთავრა 1979 წელს. დაიწყო მუშაობა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორად. 

1981 წელს გახდა მწერალთა კავშირის წევრი. 1980 წელს კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი. მისი ნაწარმოებები 1997 წლიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში. 1980 წელს გამოიცა გოდერძი ჩოხელის პირველი წიგნი ”წერილი ნაძვებს”, რომელსაც წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 

გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი სოფელი“, „თევზის წერილები“, „შემინახე,დედაო მიწავ!“, „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“. ლექსების კრებული: „ბედი მდევარი“, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე „შავი არაგვი”, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: „მგელი“, და „მღდვლის ცოდვა“. 

გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: 1980 წელს „ბაკურხეველი ხევსური”; 1981 წელს – „აღდგომა”,  „ნამეხარი მუხა”, „ადგილის დედა”, რომელმაც 1982 წელს გერმანიაში, ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო დიდი პრიზი (გრანპრი); 1984 წელს – „ადამიანთა სევდა”; 1986 წელს – „წერილი ნაძვებს”; 1988 წელს – „უცხო”; 1989 წელს – „თეთრი ალამი”; 1990 წელს – „ცოდვის შვილები”. ფილმს მიღებული აქვს პრიზები: 1990 წელს მონტე-კარლოს კინოფესტივალზე მიიღო 2 პრიზი, ვერცხლის ნიმფა და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი. 1992 წელს კი იაპონიაში ქალაქ ხიროსიმაში ჟიურის სპეციალური პრიზი. 1992 წელს მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო პრემია.  კინოფესტივალზე „ოქროს არწივი”, საუკეთესო სცენარისათვის ჟიურის სპეციალური პრიზი; 1997 წელს გადაიღო „სამოთხის გვრიტები”; 1998 წელს - „ლუკას სახარება”. ფილმმა კინოშოკზე მიიღო პრიზი საუკეთესო სცენარისათვის. 1999 წელს მართლმადიდებელ კინოფესტივალზე კი რუსეთის პატრიარქის, ალექსი II მიერ დაწესებული პრიზი; 1999 წელს გოდერძი ჩოხელმა გადაიღო „მიჯაჭვული რაინდები”, რომელიც ორი პრიზით დაჯილდოვდა, საუკეთესო პროდიუსერისათვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის; 2003 წელს გადაიღო ფილმი „სიყვარულის ცეცხლი”. 

გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა 2007 წლის 16 ნოემბერს. დასაფლავებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში. 

გავიხსენოთ მისი სულისკვეთება ლექსიდან „საქართველოსთვის!“.

 

საქართველოსთვის!

 

გაიტანეთ და

შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ

ჩემი სხეული,

თუ არ გამოვდექ საქართველოსთვის.

მერე დამწვით და

ეს სხეული, ფერფლად ქცეული

ქარს გაატანეთ საქართველოსთვის.

გაიტანეთ და

შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ

ჩემი სხეული

საქართველოსთვის!

საქართველოსთვის!..

0

ავტორი: