11:23:38     29-09-2012
ალექსანდრე აბაშელის „ტაძარში“
1954 წლის 27 სექტემბერს, თბილისში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი ალექსანდრე აბაშელი.
კონსტანტინე გამსახურდია მის შესახებ წერდა: „აბაშელი შემოვიდა მწერლობაში, როგორც ოსტატი, და გაგვაოცა არა მარტო ხელოვანებით, არამედ ინტელექტუალური სიმწიფითაც“.
პოეტი ალექსანდრე აბაშელი XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი რეფორმატორია. უფრო თუ დავაზუსტებთ, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანი.
აკაკი ხინთიბიძეს განსაკუთრებულად მიაჩნდა მისი დამსახურება ქართული ლექსის რეფორმის საქმეში... სხვებიც ძალიან აფასებდნენ მას. პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში გვაქვს კონსტანტინე გამსახურდიას ესე „ალექსანდრე აბაშელი“.
ალექსანდრე (ისააკ) ბესარიონის ძე ჩოჩია დაიბადა 1884 წლის 15 (ახალი სტილით 27) აგვისტოს სოფელ საჩოჩიოში, რომელსაც შემდგომში აბაშისპირი უწოდეს. მისი ფსევდონიმიც მშობლიურ მდინარე აბაშას უკავშირდება.
მამამისი ღარიბი გლეხი იყო. მომავალი პოეტი სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში, რომელიც გაჭირვების გამო მიატოვა. ცოტა ხანს მუშაობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ.
1904 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1906 წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოსკში. გადასახლებიდან დაბრუნების მერე (1908 წელს) მუშაობდა ტფილისში „კავკაზისა“ და „ნოვაია რეჩის“ რედაქციებში, სადაც გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები დაწერილი რუსულ ენაზე.
1913-1914 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1913 წელს გამოვიდა ალექსანდრე აბაშელის პირველი წიგნი „მზის სიცილი“, რომელმაც პოპულარობა მოუტანა. შემდეგში კიდევ გამოაყვეყნა ხუთი კრებული „ანთებული ხეივანი“, „გაბზარული სარკე“, „მზე და სამშობლო“, „გმირული დღეები“ და „ოქრის საფეხურები“.
1920-იანი წლების დასაწყისიდან მის შემოქმედებაში შენიშნავენ დეკადენტური მოტივებს (კრებული „ანთებული ხეივანი“). იმ დროს ბევრმა გაიღო ხარკი დეკადენსისადმი. მანამდე, მის პირველ კრებულში „მზის სიცილი“, წარმოდგენილია ე. წ. მზის კულტის თემა, რომელიც ოპტიმისტური და პესიმისტური განწყობილებებითაა გაჯერებული და შედეგია 1905 წლის რევოლუციის აღმავლობისა და დამარცხების, რეაქციის პერიოდებისა.
შემდეგ ალექსანდრე აბაშელი იყო აკადემიური მწერლობის კავშირის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი. მასთან ერთად იყვნან კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, იოსებ გრიშაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი და სხვები. კავშირს ჰქონდა სხვადასხვა გამოცემები („ილიონი“, „ხომალდი“, „ქართული სიტყვა“, „კავკასიონი“, „ახალი კავკასიონი“ და სხვა), სადაც, როგორც მაშინ ამბპობდნენ: „ზოგჯერ თავს იჩენდა სოციალური მშენებლობის ამოცანებთან შეუთავსებელი შეხედულებები“.
ალექსანდრე აბაშელს გამოქვეყნებული აქვს პროზაული ნაწარმოებები: ფანტასტიკური რომანი „ქალი სარკეში“ (1930) და „ატმის ყვავილი“ (1959). დაუმთავრებელი დარჩა რომანი „ირმა“. ის ავტორია ლიტერატურულ-თეორიული წერილებისა „ყვითელი ფოთოლი“ და სხვა. მისი რედაქციით გამოვიდა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა პირველი სრული კრებული.
ალექსანდრე აბაშელი იყო ზემოთაღნიშნული ჟურნალ „ხომალდის“ დამაარსებელი და რედაქტორი, შემდეგ კი ჟურნალ „ჩვენი თაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
კიდევ უნდა გავიმეორო: ალექსანდრე აბაშელი ითვლება ქართული ლექსის ერთ-ერთ რეფორატორად, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთ მამამთავრად. მას აფასებდა გალაკტიონი, მისდამი, როგორც პოეტისადმი და ადამიანისადმი, აღტაცების სტრიქონები დაწერილი აქვს კონსტანტინე გამსახურდიას და არა ერთ სხვას. აკაკი ხინთიბიძე მის როლზე საუბრობდა ქართული ლექსის რეფორმის საკითხში...
როგორც ვთქვით, ალექსანდრე აბაშელი გარდაიცვალა 1954 წლის 27 სექტემბერს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ტაძარში
ნოემბრის ქარში ცივ ქუჩაში მოხეტიალეს
შემაკრთობს ზარი და ტაძარში შევალ შემთხვევით.
მოვისმენ ღაღადს. ძველი გრძნობა უცებ იელვებს.
ავანთებ ცრემლით ჩემს წამწამებს და ჯვარს ვემთხვევი.
არ ვიცი ბრძენი განცდას ამგვარს თუ რას დაარქმევს:
არა მწამს ღმერთი და მის სახლში რა მეტირება!
გამოვა მღვდელი. საცეცხლური სურნელს დააკმევს
და ჩემი ფიქრი ცისფერ კვამლში ჩაიძირება.
სიყრმის ბურუსში გაბრწყინდება დრო შორეული:
აღდგომა ღამე. სააღდგომო თეთრი ხალათი.
მამის საფლავზე დედაჩემი ცრემლმორეული.
იქვე სანთელი და საკურთხით სავსე კალათი.
საბრალო დედა! ჩემი გრძნობა უზენაესი
შენს მწუხარ სახეს განუწყვეტლივ გარს ახვევია.
კეთილო დედა! ჩქარა გაქრა ჩემი მაისი,
და ბნელი ღამე, ო, რა მძიმე გასარღვევია!
წკრიალებს ვერცხლის საცეცხლური, და საკმეველი
აღსავლის კარებს ცისფერ ღრუბლად ენარნარება.
მორწმუნეთ შორის ვდგავარ უცხო კათაკმეველი,
მაგრამ "განვედი" ჩემს ოცნებას არ ეკარება.
თავდება ლოცვა. ახსენებენ ჯვარზე ნაწამებს.
დამავიწყდება, რომ შემოველ მე აქ შემთხვევით.
ავანთებ ცრემლის ნაპერწკლებით დახრილ წამწამებს.
გადავდგამ
ნაბიჯს მოწიწებით და ჯვარს ვემთხვევი.