ჯვართამაღლება ჯვართამაღლება />


  10:09:10     27-09-2012

ჯვართამაღლება

a21797.jpg

14 (ახალი სტილით 27) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ჯვართამაღლებას - მსოფლიო ამაღლებას ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა.

306-337 წლებს შორის ბიზანტიის იმპერატორი იყო კონსტანტინე დიდი, რომელსაც მოციქულთასწორი უწოდეს, ვინაიდან ქრისტიანთა დევნა შეაწყვეტინა სახელმწიფოს, ოფიციალურად დაუშვა ქრისტიანული აღმსარებლობა, თავად მოინათლა და ყოველნაირად ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას...

მისმა ღვთისნიერმა დედამ, ელენე დედოფალმა, 326 წელს, თავისი სურვილით და ძე-იმპერატორის ნებით იერუსალიმში წარმართების მიერ მიწით დაფარული გოლგოთა გაათხრევინა და აღმოაჩინა სამი ჯვარი, დაფა,  რომელზეც პილატეს დავალებით გაკეთებული იყო სამენოვანი წარწერა „იესუ ნაზარეველი მეუფე ჰურიათა“ და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ჯვარზე მიამსჭვალეს ქრისტე.

სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. წმინდა ჯვრის შეხებით მკვდარი გაცოცხლდა. სასწაულის შესახებ ყველამ გაიგო, იერუსალიმის მოსახლეობა შეიკრიბა და იერუსალიმის პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ აღემართა ცხოველი ჯვარი.

პატრიარქმა და სხვა მამებმა აღმართეს ჯვარი. ისევ აღსრულდა არა ერთი სასწაული. ბევრმა ირწმუნა ქრისტე, მათ შორის მოხუცმა ებრაელმა იუდამ, რომელიც დაეხმარა ელენე დედოფალს წმინდა ჯვრის მოძიებაში.

ეს ის წმინდა დედოფალი ელენეა, რომლის შესახებაც იოანე-ზოსიმე გვეუბნება: „და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, რომელნი არიან ორნი დანი“. ქართველთა შორის ქრისტიანული რწმენის განმტკიცების საქმეში წმინდა ნინოს, მირიან მეფესა და ნანა დედოფალს დაეხმარნენ ელენე დედოფალი და მისი ძე, იმპერატორი კონსტანტინე, რომლებმაც ჩვენს მეფეს ძღვნად გამოუგზავნეს წმინდა ჯვრის ნაწილი და წმინდა სამსჭვალი.

იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით დაიწყეს ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელიც გოლგოთასა და უფლის საფლავს მოიცავდა. მშენებლობა თითქმის ათი წელი გაგრძელდა. წმინდა ელენე დედოფალი ვერ მოესწრო მის დასრულებას, იგი გარდაიცვალა 327 წელს. 335 წლის 13 სექტემბერს ტაძარი აკურთხეს.  მომდევნო დღეს კი - 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ამავე დღეს იხსენიება სხვა დიდი მოვლენა. იმპერატორ ფოკას დროს (602-610) სპარსეთის მეფე ხოსრო მეორემ დაამარცხა ბიზანტიური ჯარი, აიღო იერუსალიმი, გაძარცვა და თან გაიყოლა ცხოველსმყოფელი ჯვარი. ტყვედ წაიყვანა პატრიარქი ზაქარიაც (609 – 633). 14 წელი ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე სპარსეთში გახლდათ. იმპერატორმა ჰერაკლემ ((610-641) დაამარცხა სპარსელები და საზავო ხელშეკრულებით წმინდა ჯვარი უკან დაიბრუნა. ჯვარი დიდი პატივით შეაბრძანეს იერუსალიმში. თავად იმპერატორი მიაბრძანებდა მას გოლგოთისაკენ,  სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული, გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. უეცრად იმპერატორმა ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება. წმიდა ზაქარიამ უთხრა, რომ წინ უფლის ანგელოზი ეღობებოდა, რადგან იესომ ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. ჰერაკლე კეისარმა მოისხნა გვირგვინი, სამეფო სამოსი გაიძრო და უბრალო ტანსაცმლით  შეაბრძანა წმინდა ჯვარი ტაძარში.

ვულოცავთ ქართველებს ჯვართამაღლების დღესასწაულს! ცხოველსმყოფელი ჯვარი იფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს! ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს!

ტროპარი

აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა. 
  
კონდაკი

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანაშემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი.

0

ავტორი: