იოანე ოქროპირის გარდაცვალების დღე („სწავლება ლოცვის შესახებ“) იოანე ოქროპირის გარდაცვალების დღე („სწავლება ლოცვის შესახებ“) />


  10:07:46     27-09-2012

იოანე ოქროპირის გარდაცვალების დღე („სწავლება ლოცვის შესახებ“)

a21796.jpg

14 (ახალი სტილით 27) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ იოანე ოქროპირის გარდაცვალების დღე აღინიშნება (+407). ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს აღნიშნავს ჯვართამაღლების საუფლო დღესასწაულს, იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღედ დაწესებულია 13 (ახალი სტილით 26) ნოემბერი. 27 იანვარს აღინიშნება წმიდა იოანე ოქროპირის ნაწილთა აღმოყვანება (438). 30 იანვარს აღინიშნება წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და დიდთა მღვდელთმთავართა - ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ხსენების დღე.

იოანე ოქროპირი ბასილი დიდთან და გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად უდიდესი მნათობი და განმანათლებელია მართლმადიდებლური ეკლესიისა. იგი დაიბადა დაახლოებით 347 წელს, გარდაიცვალა 407 წლის 14 სექტემბერს.

წმიდა იოანე ოქროპირი დაიბადა ანტიოქიაში. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ადამიანები იყვნენ. მამა მეფის სარდალი იყო. იგი მალე გარდაიცვალა შვილის დაბადებიდან. წმინდა იოანეს დედა ზრდიდა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა დაქვრივდა.

წმინდა იოანე 18 წლიდან ათენში სწავლობდა. ათენის ეპისკოპოსს გადაუწყვეტია მადლიანი ახალგაზრდას მღვდლად კურთხევა, როს გამოც წმინდა იოანე ათენიდან ფარულად დაბრუნდა აბნტიოქიაში. მას ბერად შედგომა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო მარტოხელა დედის მიტოვება, თუმცა ბერივით ასკეტურად ცხოვრობდა. როცა დედა გარდაეცვალა, წმინდა იოანემ ქონება გლახაკებს გაუნაწილა და მონასტერში წავიდა, სადაც წერდა თავის საღვთისმეტყველო თხზულებებს.

თვით ზეცამ აირჩია ის და უფლის განგებით გამოეცხადნენ წმინდა იოანე და პეტრე მოციქულები და დალოცეს.

გავიდა ხანი, წმინდა იოანე ჯერ დიაკვნად აკურთხეს, მერე კი მღვდლად. მის გარშემო მუდამ სასწაული ხდებოდა და ადამიანები რწმუნდებოდნენ, რომ ის ღვთის რჩეული იყო.

როცა გარდაიცვალა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნექტარიოსი, წმინდა იოანე აირჩიეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად. იგი აღსაყრდა 398 წლის 21 თებერვალს.

წმინდა იოანე ოქროპირი განაგრძობდა ასკეტურ ცხოვრებას, წერდა საღვთისმეტყველო ნაშრომებსა და ქადაგებდა, ზრუნავდა სამწყსოზე, საპატრიარქოს თითქმის მთელ შემოსავალს ღატაკებსა და სნეულებს ახმარდა... მისმა სიწმინდემ და მხილებებმა მტრები შესძინა მას ფუფუნების მოყვარულთა და სხვისი ქონების მიმთვისებელთა შორის. მის მტერთა შორის იყვნენ დედოფალი ევდოქსია, ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე და სხვები, რომელთაც იმპერატორი არკადიუსიც გადაიბირეს, ორჯერ მოაწყეს „კრება“ და წმინდა იოანე გადააყენეს პატრიარქობიდან.

სამწყმსოს ძალიან უყვარდა თავისი წმინდა პატრიარქი, იცავდნენ მას... თუმცა, თავად წმინდა იოანემ გადაწყვიტა აერიდებინა ხალხისთვის შფოთი და დაუთმო იმპერატორს... ის გადასახლეს ჯერ სომხეთში, იქიდან კი აფხაზეთში. ბევრი აწამეს გზაში...

წმინდა იოანე გარდაიცვალა კომანში, აფხაზეთში, 407 წლის 14 სექტემბერს.

მისი მტრები ყველა სასტიკად დაისაჯა ღვთის მიერ. დედოფალ ევდოქსიას, თურმე, სიცოცხლეშივე დაერივნენ მატლები და საშინლად იტანჯებოდა. გარდაცვალების მერე მისი კუბო ირყეოდა თურმე, დიდი ხნის მანძილზე. სანამ არკადიუსისა და ევდოქსიას ვაჟმა, იმპერატორმა თეოდოსი მეორემ წმინდა იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში არ გადაასვენა აფხაზეთიდან.

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, 1204 წელს, როცა ლათინებმა აიღეს კონსტანტინოპოლი, წმინდა იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები რომში გადააბრძანეს.

2004 წელს წმინდა იოანე ოქროპირისა და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის წმინდა ნაწილები  რომიდან კვლავ გადაასვენეს კონსტანტინოპოლში.

წმინდა იოანე ოქროპირი იყოს ჩვენი შემწე აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის დაბრუნების საქმეში! წმინდა იოანე ოქროპირი იყოს ჩვენი ოჯახების მფარველი!

ტროპარი:

პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:

ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემა სამებისა მხოლოისა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად-სანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.

მკითხველს ვთავაზობთ წმინდა იოანეს ერთ სწავლებას, შეგონებას, რომელიც თარგმნა ნინო ბელთაძემ.

წმინდა იოანე ოქროპირი

სწავლება ლოცვის შესახებ

თუ განუწყვეტლივ გვემახსოვრება ღმერთი და მისი წყალობანი, უკვე ვეღარ შევძლებთ ბოროტებაზე ფიქრს.

წინასწარმეტყველის სიტყვებია: მოგიჴსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ (ფს. 62:7). კაცი მუდამ უნდა ფიქრობდეს ღმერთზე, განსაკუთრებით ღამით, როცა გონება მოსვენებულია; როცა უფლის გახსენებით შეეძლება თვითგანსჯა და ამ ფიქრებზე დაუნჯება. თუ დღისით შევეცდებით უფალზე ფიქრს, ჩვენს გონებაში შემოჭრილი სხვა საზრუნავი და შფოთი ამის საშუალებას არ მოგვცემს.

ღამით კი შეგვიძლია, განუწყვეტლივ ვფიქრობდეთ ღმერთზე:

მაშინ სული დამშვიდებული და უშფოთველია, იგი ნავსაყუდელშია და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. წინასწარმეტყველი გვეუბნება: რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ (ფს. 4:5). საჭიროა, დღისითაც არ ვივიწყებდეთ ამას, მაგრამ ამ დროს თქვენ უამრავი საზრუნავი გიჩნდებათ და თავს იქცევთ ყოფითი საქმეებით. ამიტომ სარეცელზე მაინც გაიხსენეთ ღმერთი, იფიქრეთ მასზე ცისკრის ჟამს. თუ ამას დილით გავაკეთებთ, შემდგომ ყველა საქმეს
სრულიად დაუბრკოლებლად შევუდგებით; თუ სასოებითა და ლოცვით წინასწარ ლმობიერვყოფთ ღმერთს, შემდეგ უკვე საერთოდ ვეღარ შევხვდებით მტერს და თუ მაინც შევეყრებით
მას, სიცილადაც არ გვეყოფა, რაკი მოწყალე ღმერთი გვეყოლება მცველად.

ვაჭრობა ომია, ყოველდღიური საქმიანობა - ბრძოლა, მღელვარება და ქარიშხალი, ამიტომაც გვჭირდება ძლიერი საჭურველი - ლოცვა; გვჭირდება ზურგის ქარიც; უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, რათა დღე განვვლოთ ხომალდის დაღუპვისა და იარების გარეშე. ყოველდღე უამრავი წყალქვეშა რიფი გვხვდება, რაზედაც ჩვენი ხომალდი ხშირად იმსხვრევა და იძირება - ამიტომაც გვჭირდება ლოცვა, განსაკუთრებით დილით და ღამით. თუ ის, ვინც რაღაც დროს ადამიანებთან
შერკინებას აპირებს, გულდასმით ემზადება ამისთვის, გაცილებით მეტად გვმართებს მუდმივი გარჯა და ზრუნვა ჩვენ, ვისი მთელი ცხოვრებაც ბრძოლაა.

დაე, ჩვენ ყოველი ღამე შუაღამიანის ლოცვად გვექცეს; ვეცადოთ, რომ ჩვენ - დღისით გარეთ გამოსულებს - არ დაგვცინონ - თუ დაცინვა გვაკმარეს!... მაგრამ ჩვენს წინაშეა მამა ღმერთის მარჯვენით მჯდომარე თავად გვირგვინი მოღვაწეთა - ქრისტე, რომელიც ყურადღებით გვისმენს, ხომ
არ ვიტყვით რაიმე უხამსსა და უსარგებლოს. ის ხომ მსაჯულია არა მხოლოდ ჩვენი საქმეებისა, არამედ სიტყვებისაც.

მაშ, საყვარელნო, მღვიძარებაში განვვლოთ მთელი ღამე: თუ მოვისურვებთ, გამოგვიჩნდებიან შემფასებლებიც - თითოეულ ჩვენგანთან ანგელოზი მყოფობს. ამიტომაც, ზრუნვის საგნად
გავიხადოთ ერთადერთი რამ - როგორმე მივიღოთ ჯილდო და დავიდგათ გვირგვინი.

0

ავტორი: