14:52:18     25-09-2012
კადაფის მსხვერპლთა ნაამბობიდან: ლიბიელ დიქტატორს ჰარამხანაში სკოლის მოსწავლე სექს-მონებიც ჰყავდა
მუამარ კადაფის დავალებით იტაცებდნენ სკოლის მოსწავლეებს და მათ წლების მანძილზე დიქტატორის სექს-მონობაში ამყოფებდნენ - წერს ფრანგი ჟურნალისტი დიქტატორის ცხოვრების პიკანტური მხარეების ამსახველ წიგნში, რომელიც საფრანგეთში გამოიცა.
წიგნი სახელწოდებით „მსხვერპლი კადაფის ჰარამხანაში“ ანიკ კოჟანმა დაწერა. ის ცოცხალ მოწმეზე დაყრდნობით წერს. 15 წლის სორაიამ ლიბიელი დიქტატორის სექს-მონობაში 5 წელი გაატარა.
წიგნში ლიბიელი დიქტატორის სხვა სექსუალურ დანაშაულებზეცაა მოთხრობილი.
ამ მასალების თანახმად, მუამარ კადაფის მთელი ჰარამხანა ჰყავდა, რომლის შემადგენლობაშიც მოტაცებული სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ. დანაშაულებების შესახებ კადაფის ელექტრონული არქივის დათვალიერების შემდეგ გახდა ცნობილი.
სორაია ლიბიის სპეცსამსახურებმა 2004 წელს მოიტაცეს. ის ყვება, რომ ყველაფერი სკოლაში გამართული საზეიმო მიღებიდან დაიწყო, რომელიც დიტატორის საპატივცემულოდ გაიმართა. სწორედ სორაიას დაევალა კადაფისათვის ყვავილების თაიგულის მირთმევა. დიქტატორმა საჩუქარი მიიღო და გოგონას თავზე დაადო ხელი. ამ მოძრაობით კი ნიშანი მისცა სპეცსამსახურებს, რომ მოზარდი მოეწონა და ამიერიდან ის მის კუთვნილებაში უნდა გადასულიყო.
მეორე დღესვე სორაის დედის სილამაზის სალონში სპეციალურ ფორმაში ჩაცმული ქალები მივიდნენ და განაცხადეს, რომ მათ ბელადს გოგონა სჭირდებოდა, რათა ყვავილების გადაცემის კიდევ ერთ ცერემონიალში მიეღო მონაწილეობა. სორაია რამდენიმე საათის განმავლობაში უდაბნოში მიჰყავდათ. შემდეგ კი ანალიზისთვის სისხლი აუღეს, ასევე მკერდის ზომა, სხეული დაუმუშავეს, ჩააცვეს ახალი სამოსი და პირდაპირ შეუშვეს საძინებელში, სადაც მას შიშველი დიქტატორი ელოდა.
„მან ჩემი ხელი აიღო და საწოლზე ჩამომსვა. მე ვერ გავბედე მისთვის თვალებში ჩამეხედა“ - ყვება სორაია.
კადაფი ამშვიდებდა გოგონას: „ნუ გეშინია, მე შენი მამა ვარ, ასე დამიძახე კიდეც. მაგრამ იმავდროულად, ვარ შენი ძმა და საყვარელი ადამიანიც. ყველაფერი ეს მე ვარ, რადგან შენ სამუდამოდ დარჩები ჩემთან“ - იხსენებს გოგონა დიქტატორის სიტყვებს. სორაიამ წინააღმდეგობა მაშინ გაწია, როცა მასზე ძალადობა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ძალადობა, კადაფის სექსუალური თამაშების შემადგენელი ნაწილი იყო. დაუმორჩილებელი გოგონა ჰარამხანის მმართველ ქალთან მოსარჯულებლად გაგზავნეს.
საბოლოოდ, სორაიამ 5 წელი გაატარა შეურაცხმყოფელ სექს-მონობაში. გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ კადაფი აუპატიურებდა მას, სცემდა და ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც მის სხეულზე იკმაყოფილებდა. ხშირად მართავდა ორგიებსაც, რომლის დროსაც თავისთან ერთდროულად რამდენიმე ქალს იწვევდა. სორაიას მათგან უნდა ესწავლა, როგორ დაკავებულიყო ბელადთან ორალური სექსით.
კადაფის მეორე მსხვერპლი ხოუდა იყო. ის თავად დასთანხმდა დიქტატორს, 18 წლის ასაკში მასთან დაწოლილიყო. თუმცა ეს იძულებით გააკეთა, რადგან მიიღო დაპირება, რომ სანაცვლოდ, მის ძმას თავისუფლებას აჩუქებდნენ. კადაფის ჰარამხანაში მანაც რამდენიმე წელი გაატარა. „მამა მუამარი“ - კადაფის ძალიან მოსწონდა, როცა ასე ეძახდნენ, - წიგნში ნაჩვენებია, როგორც სადისტი, რომლისთვისაც ძალადობა ჩვეულებრივი და ყოველდღიური საქმე იყო.
ის მოითხოვდა, რომ მასთან მიეყვანათ დღეში რამდენიმე ქალიშვილი, ისევე როგორც პატარა ბიჭუნებიც, რომლებსაც, სორაიას თქმით, ხშირად, მისივე თანდასწრებით აუპატიურებდა.
დიქტატორის რეჟიმის დამხობის შემდეგაც კი მისი ყოფილი მონები მძიმე მდგომარეობაში რჩებიან. ისინი საკუთარმა ოჯახებმაც კი არ მიიღეს, რადგან ქალიშვილებმა გათხოვებამდე დაამყარეს მამაკაცთან კონტაქტი, - მერე რა, რომ ეს ძალადობით, მათი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. მაგალითად, სორაია ამბობს, რომ ძალიან ეშინია ძმის, რომელსაც შეუძლია, ოჯახის ღირსების გამო ის მოკლას.
ახალგაზრდა ქალებისადმი ავადმყოფური ინტერესის გარდა, ლიბიელი დიქტატორი, ცნობილია, რომ საკუთრ უსაფრთხოებაზე ზრუნვითაც იყო შეშლილი. ეს პარანოიდალური შიში კი განაპირობებდა იმას, რომ მისი მედპერსონალი ყველას სისხლის ანალიზს უღებდა, ვინც კი კადაფის უნდა მიკარებოდა.
როგორც მოგვიანებით სირიაში დაღუპულმა ჟურნალისტმა მერი კოლვინმა მოყვა, ტრიპოლიში, სისხლის ასაღებად მასაც გაუგზავნეს ექიმი, თუმცა ბრიტანელმა უარი თქვა ამ დამამცირებელ პროცედურაზე, რომელსაც მისგან კადაფისთან ინტერვიუს ჩაწერის წინ ითხოვდნენ.
წიგნში საუბარია, ასევე კადაფის ცნობილ რაზმზე, რომელიც ქალწული-კომანდოსებისგან შედგებოდა, რომლებიც მუდმივად გარს ეხვივნენ დიქტატორს. ოფიციალური მონაცემებით, ეს გოგონები მისი პირადი მცველები იყვნენ, თუმცა ხმები მათი საიდუმლო სექსუალური მისიის შესახებ ჯერ კიდევ დიქტატორის სიცოცხლეშივე ცირკულირებდა. ანიკ კოჟანი ამბობს, რომ ბელადს ტრიპოლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც ჰქონდა კოსნპირატიული აპარტამენტები, რამდენადაც სტუდენტებთან გართობაც უყვარდა.
„კადაფისთვის სექსუალური ძალადობა იარაღი იყო არა მარტო ქალებზე, არამედ მამაკაცებზე ზემოქმედებისთვისაც, რომლებსაც ცოლები და შვილები ჰყავდათ“ - განაცხადა ფრანგმა ჟურნალისტმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
0