ზაზა გაბუნია: ინგა არ იყო ინფორმირებული... ზაზა გაბუნია: ინგა არ იყო ინფორმირებული... />


  14:47:32     25-09-2012

ზაზა გაბუნია: ინგა არ იყო ინფორმირებული...

a21755.jpg

ინგა გრიგოლიამ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატობაზე უარი თქვა. მის გადაწყვეტილებას თანაგუნდელები, არაინფორმირებულობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ გრიგოლიაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა განახორციელეს. „პრესა.ჯი–ს“ კითხვებს  ზაზა გაბუნია პასუხობს:

როგორ შეაფასებთ ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილებას?

– ინგა ჩვენი მეგობარია, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას არათუ ატარებდა, არამედ თოთოეული ხმისთვის იბრძოდა და მთელ ამ პროცესში იყო ჩართული. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ეს ბრძოლა უკვალოდ არ ჩაივლის. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, ამას ინგას არაინფორმირებულობას ვუკავშირებ, რადგან ცესკოს გადაწყვეტილება აკრძალვა კი  არა,  გარკვეული რეგულაციების დაწესებაა.

ინგა არ იყო ინფორმირებული... საბოლოო ჯამში,  არჩევნებზე ფოტო და ვიდეო გადაღების დაშვება, სწორედ, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიღწევაა, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, რომ მედიის მუშაობა მაქსიმალურად შეეზღუდა. სოციალურ ქსელში ჩვენი გადაწყვეტილება პირიქით გადათარგმნეს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს საზოგადოების დაბნევის მცდელობაში ვადანაშაულებ. 

– რას გულისხმობთ არაინფორმირებაში, გრიგოლიამ რეალური ინფორმაციის გარეშე,  გადაწყვეტილება მიიღო?

–  ცესკო-ს სხდომა გვიან, ღამით დასრულდა და ინგა გრიგოლიას სათანადოდ ინფორმირება ვერ მოხერხდა. სხვა შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ვითარება დაძაბულია.

– თუ ესაუბრეთ გრიგოლიას?  ის პარტიასაც დატოვებს?

– რას იზამს, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენს გუნდში ინგა ძალიან ერთგული და აქტიური ლიდერია.   სამწუხაროდ, მასთან არ მისაუბრია, რადგან დილიდან  შეხვედრებზე ვარ გასული.

– ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ გრიგოლიაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს. რას გულისხმობთ?

– „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. ბიძინა ივანიშვილის გუნდის  პრიორიტეტები აბსოლუტურად აირია, რადგან მათ შეტევა ოპოზიციას დაუწყეს. ამის გამოვლინება კი, გუშინ სოციალიურ ქსელში მხარდამჭერების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი იყო, თითქოს, ქდმ–მ მედიის საქმიანობის შეზღუდვას მხარი დაუჭირა, რაც საზოგადოების დაბნევის მცდელობაა.

– გრიგოლიას ტელეკომპანია „მაესტრომ“ სამსახური უკვე შესთავაზა. . .  

– ინგა საზოგადოებისთვის ყველგან სასარგებლო იქნება, თუმცა, მირჩევნია ინგა პოლიტიკაში და კერძოდ, ჩემი თანაგუნდელი იყოს.   

– „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოსო ჯაჭვლიანმა გრიგოლიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ინგა გრიგოლია ეშმაკებისგან გათავისუფლდა“. . .

– ჯაჭვლიანმა ეშმაკები, დემონები იქ  მოიკითხოს, სადაც ქართულ საზოგადოებას ყველაზე მეტი ათეისტი ეგულება.

–  თუ გრიგოლია თქვენს რიგებს დატოვებს,  ეს არჩევნებში, თქვენს შედეგზე რა გავლენას მოახდენს? 

– ჩვენი საზოგადოება ხმას აძლევს არა ცალკე აღებულ გიორგი თარგამაძეს, ინგა გრიგოლიასა და ზაზა გაბუნიას, არამედ ყველას ერთად, ქდმ–ს დროშის ქვეშ.  პარტიაში ინგას როლი უდიდესია და იმედი მაქვს, ხალხი ხმას ქდმ–ს  ინგასთან ერთად მისცემს.

0

ავტორი: