15:35:22     24-09-2012
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

2012 წლის 24 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა კიდევ ერთი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა ივერი გოგბერაშვილის მიმართ. მას ბრალად ედებოდა ზურაბ ტარყაშვილის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
საქმის მასალების მოხედვით:
2010 წლის 15 მარტს ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი საქმის გარჩევის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იქნა სანდრო გოგბერაშვილი. აღნიშნულ საქმეზე ხულიგნობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სხვა პირებთან ერთად დააკავეს ზურაბ ტარყაშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2011 წლის 4 ოქტომბერს გათავისუფლდა. გარდაცვლილი სანდრო გოგბერაშვილის მამამ - ივერი გოგბერაშვილმა განიზრახა შური ეძია და მოეკლა ზურაბ ტარყაშვილი.
ამ მიზნით, იგი დაუკავშირდა გარდაცვლილი შვილის მეგობრებს ირაკლი აგლაძეს და დავით რუსიშვილს. მიზნის განსახორციელებლად , მათ უკანონოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. 2011 წლის 17 ოქტომბერს, 14:30 საათზე, ზ.ტარყაშვილი პრობაციის ბიუროდან მივიდა თავის საცხოვრებელ სახლთან, რის შესახებაც დ. რუსიშვილმა დაუყოვნებლივ, აცნობა ივერი გოგბერაშვილს. მალევე დათქმულ ადგილას მივიდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიც, ზ.ტარყაშვილის დანახვისთანავე, მათ, განზრახ მოკვლის მიზნით, მოახდინეს მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლები, რის გამოც ზ.ტარყაშვილი გაიქცა რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
რუსიშვილი, გოგბერაშვილი და აგლაძე, მას სროლით გაეკიდნენ, რითაც რუსთაველის გამზირზე მყოფ მრავალ პირს, განზრახ შეუქმნეს სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე. გაქცევის დროს ავტომობილების სავალ გზაზე წაქცეულ ზ. ტარყაშვილს, დაეწივნენ დ. რუსიშვილი და ი. აგლაძე და თავდაპირველად მათ განახორციელეს გასროლები დაზარალებულის მიმართ, ხოლო შემდგომი საკონტროლო გასროლები აწარმოა ი. გოგბერაშვილმა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ თანამზრახველები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო ზ.ტარყაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მიმალვაში მყოფი ივერი გოგბერაშვილი დაკავებული და ექსტრადირებული იქნა უკრაინიდან.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა. ღია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ივერი გოგბერაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება და მას სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შეკრების პრონციპით, საბოლოოდ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური
0