პაკისტანი ცეცხლშია: მუსულმანთა მრისხანების მიზეზი, ფილმის გარდა, კარიკატურებიც ხდება პაკისტანი ცეცხლშია: მუსულმანთა მრისხანების მიზეზი, ფილმის გარდა, კარიკატურებიც ხდება />


  09:06:09     22-09-2012

პაკისტანი ცეცხლშია: მუსულმანთა მრისხანების მიზეზი, ფილმის გარდა, კარიკატურებიც ხდება

a21701.jpg

პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ მუსულმანურ ქვეყნებში ისევ იფეთქა დემონსტრაციების ახალმა ტალღამ, რომელიც ამერიკაში გადაღებულმა ანტიმუსულმანურმა ფილმმა გამოიწვია.

პაკისტანში აქციის შედეგად მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა. 9 კარაჩიში, დანარჩენი 5 კი პეშევარშია მოკლული.

კარაჩიში, პოლიცია ჰაერში ისროდა, როცა დემონსტრანტთა დაშლას ცდილობდა. მათი განცხადებით, ცეცხლი უცნობმა პირებმა გახსნეს, რასაც მოჰყვა კიდეც მსხვერპლი.

ისლამაბადში კი არაერთი ადამიანი დაიჭრა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები იმ რაიონში შეჭრას შეეცადნენ, სადაც დიპლომატიური მისიები, მათ შორის, აშშ-ის საელჩოა განთავსებული.

პაკისტანის ხელისუფლებამ პარასკევი წინასწარმეტყველისადმი სიყვარულის დღედ გამოაცხადა და მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეეკავებინათ ძალადობისგან. ხელისუფლებამ, ასევე ქვეყნის 15 მსხვილ ქალაქში მობილური კავშირის მომსახურება დაბლოკა.

ისლამაბადის რიგ რაიონებში უსაფრთხოების ძალები ცდილობდნენ გზა გადაეკეტათ დემონსტრანტებისთვის, მაგრამ ისინი, მოტოციკლებით, არღვევდნენ კორდონს და ცეცხლს უკიდებდნენ პოლიციის პოსტებს.

ქალაქი პრაქტიკულად ცეცხლში გაეხვა – დაწვეს ავტომობილები, დააზიანეს შენობები, რის გამოც სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოუხდათ.

არეულობა იყო ქალაქ ლახორშიც, აშშ-ის საკონსულოსთან, სადაც პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა, პაკისტანის ერთ-ერთი საინფორმაციო ტელეარხის ცნობით კი პეშევარში, მისი თანამშრომელი ემსხვერპლა პოლიციის მიერ გახსნილ ცეცხლს დემონსტრანტთა მიმართულებით, რომლებმაც მანამდე ორი კინოთეატრი დაწვეს.

პაკისტანის ტელეარხები მთელი დღის განმავლობაში რეკლამის სახით ტრანსლირებდნენ ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის განცხადებებს, - როცა მათ ანტიისლამური ფილმი გააკრიტიკეს და დაგმეს. როგორც ირკვევა, აშშ-ის მთავრობამ 70 ათასი დოლარი დახარჯა, რათა ეს 30-წამიანი კლიპი პაკისტანის შვიდ ტელეარხზე გადაცემულიყო.

პროტესტს აშშ-ის მიმართ, სადაც აღნიშნული ფილმი გადაიღეს, საფრანგეთის მიმართ რისხვაც დაემატა. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ფრანგულ ჟურნალში დაიბეჭდა წინასწამეტყველ მუჰამედის კარიკატურები, რის გამოც ოფიციალური პარიზი იძულებული გახდა თავისი საელჩოები დროებით დაეხურა. პარასკევის ტრადიციული ლოცვის წინ კი საფრანგეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა 20 მუსულმანურ ქვეყანაში შეაჩერეს მუშაობა. ტუნისმა, არეულობების შიშით, პარასკევს საერთოდ აკრძალა ნებისმიერი სახის დემონსტრაცია.

დაძაბულობა ნარჩუნდება ქაიროშიც, სადაც პოლიცია ამერიკის საელჩოსკენ მიმავალ ყველა გზასა და ქუჩაზე პატრულირებს.

0

ავტორი: