შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა />


  09:36:27     21-09-2012

შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

a21678.jpg

8 (ახალი სტილით 21 სექტემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს. ეს დღე  ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია მორწმუნეთათვის.

ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, წმინდა დავით მეფის, ხოლო დედა, მართალი ანა, მღვდელმთავარ აარონის შთამომავალი გახლდათ.

მორწმუნე ცოლ-ქმარმა ისე მიაღწია ხანდაზმულობამდე, რომ შვილი არ შეეძინათ. იმ დროს უშვილობა ითვლებოდა ღვთის სასჯელად, ცოდვების გამო. მართალ იოაკიმეს და ანას აყვედრიდნენ. მართალ იოაკიმეს ერთხელ იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვის უფლებაც არ მისცა მღვდელმთავარმა. დამწუხრებული მოხუცი უდაბნოში გავიდა და ორმოცი დღე მარხვასა და ცრემლიან ლოცვაში გაატარა. მართალი ანა მწარედ ტიროდა. თუმცა, მორწმუნე ცოლ-ქმარს ღვთის იმედი არ დაუკარგავთ, და აღთქმა დადეს, თუ მიეცემოდათ შვილი, მას ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ.

უფალმა შეისმინა მათი. მთვარანგელოზმა გაბრიელმა აცნობა, რომ შვილი შეძინებოდათ, რომელიც განდიდდებოდა.

მართლაც, გავიდა ხანი და მართალმა ანამ იმშობიარა - შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც მარიამი დაარქვეს...

ყოვლადწმინდა მარიამი თავისი სიწმინდით, არა მხოლოდ ყოველ ადამიანზე, არამედ ანგელოზებზე აღმატებულიცაა.

ვულოცავთ ყველა ქართველს და მართლმადიდებელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს!

ყველა ქრისტიანს და მათ შორის ქართველებს ძალიან გვეიმედება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გულმოწყალებისა! ჩვენ ხომ მისი წილხვედრი ხალხი ვართ... შევთხოვოთ მშვიდობა ჩვენი ქვეყანასა და ოჯახებისათვის, რაც ასე ძალიან გვჭირდება დღეს...

ტროპარი:

შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დაჴსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.

კონდაკი:

იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ჴრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ჴსნილი ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა.

ღვთისმშობლის სადიდებელი

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი

ვუგალობ მადლსა შენსა, დედუფალო, და გევედრები, გონებაჲ ჩემი აღავსე მადლითა, წარმიმართე მე, რაჲთა ვიდოდე გზასა უფლისა მცნებათასა. გალობასა შინა მღვიძარებით განმაძლიერე, რომელი დახსნილობისა ძილითა შეპყრობილ ვარ. საკრველთაგან ცოდვათა ჩემთასა განმხსენ მეოხებითა შენითა, სძალო ღმრთისაო. ღამით და დღით დამიცევ ბრძოლათაგან ეშმაკისათა და განმარინე მე. რომელმან ცხოვრების მომცემელი ღმერთი მუცლად იღე, მე, მომწყდარი ვნებათაგან განმაცხოველე. რომელმან ნათელი დაუღამებელი ჰშევ, სული ჩემი დაბნელებული განანათლე. დიდებულო მეუფისა საყდარო, ტაძრად სულისა წმიდისა განმწმიდე მე. რომელმან მკურნალი იგი ყოველთა ჰშევ, განკურნენ სულისა ჩემისა ვნებანი დამძიმებულნი. რომელი ვიგვემები ღელვათა შინა ამის სოფლისათა, მყუდროებად მიმაწიე. მიხსენ მე ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა და დაუცადებელად მტანჯველისაგან მატლისა. ნუ მიჩვენებ მე ეშმაკთა ჩემ ზედა მოხარულთა, რომელსა მიქმნიან მრავალნი ცოდვანი. განმაძლიერე ბრძოლასა შინა ვნებათასა, ყოვლად უბიწოო ქალწულო. უცხო მყავ მე ყოვლისაგან სატანჯველისა და ყოველთა ღმერთსა შემაწყნარე. ზეცისა სიხარულსა ღირს-მყავ მიმთხვევად ყოველთა თანა წმიდათა. ყოვლადწმიდაო ქალწულო, შეისმინე ვედრებაჲ უღირსისა და უხმარისა მონისა შენისა. უფსკრული ცრემლთა მომმადლე, დედუფალო, რაჲთა მწიკვლი სულისა ჩემისა განვიწმინდო. სულთქმაჲ ლმობიერი გულსა ჩემსა მომივლინე, დედუფალო. უძლური ესე ვედრებაჲ ჩემი შეისმინე, წმიდაო, და ღმრთისა სახიერისა შესწირე. უზეშთაესო ანგელოზთაო, უზეშთეას ვნებათა გამომაჩინე. ნათლით შემოსილო, სამკვიდრებელ დაამკვიდრე ჩემთანა მადლი შენი და სუნელ მყავ მე. ხელთა აღვიპყრობ და ბაგეთა ჩემთა შეგინებულთა აღვახვამ ქებად შენდა. ყოვლადწმიდაო, სულისა განმხრწნელთა ვნებათაგან მიხსენ მე დაუცხრომელითა ვედრებითა შენითა ქრისტეს მიმართ, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

0

ავტორი: