უოლტერ სკოტი - „ლოხინვარი“ უოლტერ სკოტი - „ლოხინვარი“ />


  09:34:41     21-09-2012

უოლტერ სკოტი - „ლოხინვარი“

a21677.jpg

1832 წლის 21 სექტემბერს გარდაიცვალა დიდი შოტლანდიელი მწერალი, პოეტი და ისტორიკოსი უოლტერ სკოტი (Sir Walter Scott).

შოტლანდიური ლიტერატურა XIX საუკუნეში უოლტერ სკოტით იწყება. მან მსოფლიოს  შოტლანდია და თავისი თავი ერთად გააცნო.

უოლტერ სკოტი ითვლება ისტორიული რომანის ფუძემდებლად. ალბათ, ყველას გვახსოვს მისი შესანიშნავი რომანი „აივენჰო“, ჩვენი ბავშვობის საყვარელი წიგნი და განცდები...

შოტლანდიურ თემაზე დაწერილი მისი რომანები ბრიტანული ლიტერატურის ნაწილად ითვლება, ინგლისურად წერდა (ზოგიერთი დიალოგისა და ადგილობრივი კოლორიტის აღმწერი სცენების გარდა). სამწუხაროდ ამ უდიდეს მწერალს არ ჰქონდა დასაყდრენი, მისი ხალხის დიდი ნაწილისათვის ინგლისური ენა სალიტერატურო ენად ქცეულიყო... სამაგიეროდ უოლტერ სკოტი პოეზიაში მთლიანად შოტლანდიური ფესვებით საზრდოობდა და შოტლანდიურად წერდა.
 
მან გამოსცა 1802 წელს „შოტლანდიის საზღვრების ბალადები“ - მის მიერ შეგროვებული და რედაქტირებული ხალხური პოეზიის ნიმუშები. უოლტერ სკოტმა შოტლანდიას და მთელს მსოფლოს შემოუნახა შოტლანდიური ზეპირსიტყვიერების შესანიშნავი ნიმუშები. ის აჯერებდა ვარიანტებს, გადაამუშავებდა. ხალხურმა სიტყვიერებამ დიდი გავლენა იქონია მის პოეზიაზე. ის უდიდესი ოსტატია, პოემებშიც, ისტორიული სინამდვილის აღწერისას. არის მშვენიერი ბალადებისა და პოემების ავტორი. მიუხედავად იმისა, რომ მისმა პოეზიამ, როგორც მკვლევარები თვლიან, დიდი გავლენა ვერ იქონია მომავალი შოტლანდიური პოეზიის განვითარებაზე, ის მაინც შესანიშნავი პოეტია, ისევე, როგორც დიდი რომანისტი. რომ არა თავისი ხალხის საუკუნოვანი ტრაგედია, მუდმივი დაპყრობები და შესაბამისი შედეგები, ის მეტს შეძლებდა... თუმცა, უოლტერ სკოტი ბუმბერაზია მსოფლიო ლიტერატურაში.

სერ უოლტერ სკოტი (Sir Walter Scott) დაიბადა 1771 წლის 15 აგვისტოს ედინბურგში შეძლებული იურისტის ოჯახში. მამას ჯონი ერქვა, დედას ანა. ოჯახში მეცხრე შვილი იყო. სულ 12 ბავშვი შეძინათ, მაგრამ მხოლოდ ექვსი გადაურჩა სიკვდილს ადრეულ ასაკშივე. თვითონაც ბავშვობაში პარალიჩი გადაიტანა, კუნთების ატროფია დაემართა და მარჯვენა ფეხით დაკოჭლდა. ბავშვობიდან აოცებდა ყველას განსაკუთრებული გონიერებით და ბრწყინვალე მახსოვრობით.

ჯანმრთელობის გასაკაჟებლად პაპასთან, გაღარიბებულ აზნაურთან გაგზავნეს მთებში, სადაც გაეცნო თავისი ხალხის ლეგენდებს, გადმოცემებს, ტრადიციებს, ხალხურ პოეზიას. პატარა უოლტერის მსოფმიმართების ჩამოყალიბებაში ამან დიდი როლი ითამაშა. წერა-კითხვა შინაბერა მამიდამ ასწავლა.  გარშემო იყო რომანტიკული გარემო, ცეხე-კოშკების ნანგრევები, დიდებული სასახლეები...

სწავლობდა ედინბურგის სკოლაში, უყურადღებო და დაუდევარი მოწაფის სახელი ჰქონდა, თუმცა მისი ნიჭით აღფრთოვანებულნი იყვნენ. მერე ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა. არ უყვარდა ძველი ბერძნული, ლათინური და მათემატიკა... მერე ნანობდა, რომ არ შეისწავლა.

უნივერსიტეტის დამთავრების მერე მამას ეხმარებოდა, თუმცა, მამასავით იურისტობა არ უნდოდა. ძალიან უყვარდა კითხვა. ხშირად უწევდა კანტორის საქმეების გამო შოტლანდიის სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა, ცხენით თუ ფეხით. მოიარა ბევრი ისტორიული ადგილი, მივიწყებული სოფლები, შეაგროვა უმდიდრესი ფოლკლორული მასალა, რომელიც მერე გამოიყენა თავის ნაწარმოებებში და როგორც ვთქვით, ცალკე გამოსცა კიდეც.

1792 წლიდან დამოუკიდებლად მიჰყო ხელი ვექილობას, მერე შერიფადაც მუშაობდა. შეისწავლიდა წარსულს. ისტორიის უკეთ შესწავლისთვის დასჭირდა და ისწავლა ფრანგული, იტალიური გერმანული. პარალელურად წერდა და თარგმნიდა. როგორც ამბობენ, მისმა ზოგიერთმა მხატვრული მეთოდმა ბაირონის შემოქმედებაზეც იქონია გავლენა...

როცა შეძლება გაუჩნდა, თავისი მამული აბოტსფორდში, ერთგვარ მუზეუმად აქცია, ძველებური ნივთები, იარაღი  და ბიბლიოთეკა... თუმცა 1825 წელს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდა. არა ერთ ადამიანს უნდოდა დახმარებოდა მას, მაგრამ უოლტერ სკოტმა უარი თქვა დახმარების მიღებაზე და ლიტერატურული შრომა განაგრძო ვალების გასასტუმრებლად.

თავიდან თავის რომანებს ანონიმურად აქვეყნებდა. როგორც ამბობენ, ეშინოდა თურმე, მის პროზაულ თხზულებებს ჩრდილი არ მიეყენებინა მისი პოეტური რეპუტაციისათვის. თუმცა მერე საზოგადოებამ შეიტყო ავტორის ვინაობა. წერდა კრიტიკულ და ისტორიოგრაფიულ ნაშრომებსაც.

მისი ისტორიული რომანები, და მე ვიტყოდი, პოეზიაც, განსაკუთრებული მოვლენაა მსოფლიო ლიტერატურაში.

როგორც ვთქვით, დიდი შოტლანდიელი მწერალი გარდაიცვალა 1832 წლის 21 სექტემბერს.

პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ უოლტერ სკოტის შესანიშნავ  ბალადას „ლოხინვარი“, რომელიც შოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა თამარ ერისთავმა.

ლოხინვარი

 (შოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა თამარ ერისთავმა)

ლოხინვარ-ჭაბუკი ცხენს მოაჭენებდა დასავლეთ მხარიდან,
მისმა ბედაურმა ყველა გზა დალახა, არაფერს დარიდა,
არ ეცვა აბჯარი ლოხინვარ-ჭაბუკს და არ ახლდა ამალა,
მარტო მოდიოდა ორლესურ ხმლისა და მათრახის ამარა;
ტრფობაში ერთგული, ბრძოლაში მედგარი და დაუძინარი, -
ლოხინვარ ჭაბუკის ბადალი რაინდი ამ ქვეყნად ვინ არი!..

გადავლო ჭენებით ჯაგნარი, ველები, კლდიანი წარაფი,
უფონოდ გასცურა მდინარე ესკი და არ შედრკა არაფრით,
ჰა, უკვე გამოჩნდა და უკვე ახლოა სასახლე ნეზერბის,
ვაი, რომ დაჰკარგე ლოხინვარ რაინდო, ის რასაც ეძებდი: -
ლამაზმა ელენმა სხვას მისცა თანხმობა, სხვა ძალამ მოხიბლა,
ქორწილი დაიწყო ნეზერბის დარბაზში, ჭაბუკო ლოხინვარ!
ამაოდ ჩქარობდი, ამაოდ გადმოვლე მთები და ველები,
ტრფობაში დონდლოს და ბრძოლაში გულლაჩარს დარჩება ელენი.

და ჯიქურ შევიდა ნეზერბის დარბაზში, თავი არ დამალა,
იქ, სადაც ილხენდნენ პატარძლის მოყვრები და ნეფის ამალა,
ხმალს ხელი დაიდო პატარძლის მამამ და შემოსულს გასძახის
(ნეფეს კი შიშისგან კრინტიც არ დაუძრავს, შეუდგა ცახცახი)
„ - მოხვედი მოყვრულად, თუ სამტროდ მოხველი, რომ არვინ დაინდო,
თუ მოხველ ქორწილზე, ჩვენთან რომ იცეკვო, ლოხინვარ რაინდო?“

„მე დიდხანს ვეტრფოდი თქვენს ასულს, სენიორ, თქვენ ეს არ გენებათ
და სიყვარული რომ სოლვეის ტალღას ჰგავს, თქვენც მოგეხსენებათ, -
მასავით ბობოქრობს და თავაშვებული ნაპირებს აწყდება,
მასავით ბობოქრობს და მერე ერთბაშად მასავით დაცხრება.
მე დღეს აქ მოვედი დამცხრალი გულით და დამცხრალი ტრფიალით,
მე მხოლოდ ერთ ცეკვას მოვითხოვ დღეისთვის და ღვინოს ფიალით.
ჯერ შოტლანდიაში ლამაზი ასული ბევრია საკმაოდ,
და ჭაბუკ ლოხინვარს არ დაიწუნებენ ისინი საქმაროდ.“

ღვინის თასს შეეხო ელენი ტუჩებით და რაინდს შეხედა,
რაინდმა აიღო, დასცალა თასი და დააგდო ფეხებთნ,
გაფითრდა ელენი და ოხვრა აღმოხდა უეცარ სიმძიმით,
შეხედა ლოხინვარს ტუჩების ღიმით და ცრემლების ციმციმით.
და ხელი მოჰკიდა ჭაბუკმა ქალის ხელს, არავის დარიდა,
„ - ვიცეკვოთ ერთადო,“ - და გაიყოლია, დარბაზში გავიდა.

ჭაბუკი ბრგეა და სინაზით სავსეა ასული ლამაზი,
ჯერ არ ღირსებია ასეთ წყვილს არასდროს არც ერთი დარბაზი,
აქ დედა ანჩხლობს და იქ მამა ბრაზისგან შფოთავს და დუდღუნებს,
საქმრო ცქმუტავს და აწვალებს ბერეტში გარჭობილ ბუმბულებს..
და ქალიშვილებს კი სახეზე ჰფენიათ ღიმილი ნეტარი: -
"ო, ჭაბუკ ლოხინვარს შეუღლებოდაო ჩვენი და ნეტავი!..“

სულ ერთი შეხება ხელისა ხელზე და ნიშანი პატარა,
დარბაზის კარებთან ცხენი დგას, პატრონი ფრენით რომ ატარა;
მსუბუქად შემოსვა მან ცხენის გავაზე ასული ნეზერბის,
თვითონაც იმის წინ მოევლო უნაგირს ხმლითა და დეზებით..
„- რახან მოგიპოვე, ვეღარ შეგვაჩერებს კლდე, ღრე და ლოდიო,
ვისაც ჰყავს ცხენები ფიცხი და ფეხმარდი, დე, იმათ მოგვდიონ!“
ამხედრდა, დაიძრა, ვინც იყო ვაჟკაცი ნეზერბის კლანიდან,
ფორსტერის, ფენვიკის, გრეიმის გვარიდან მრავალი წავიდა;
ქენობილიისკენ მიჰქროდნენ, მხედრები, ლტოლვილებს ეძებდნენ,
ამაოდ დაშვრნენ და თვალიც კი ვერ მოჰკრეს პატარძალს ნეზერბელს.
ტრფობაში ერთგული, ბრძოლაში მედგარი და დაუძინარი,-
ლოხინვარ-ჭაბუკის ბადალი რაინდი ამ ქვეყნად ვინ არი!..

0

ავტორი: