გიგი წერეთელი: დამნაშავე პირებს,  მკაცრი სასჯელი დაეკისრებათ გიგი წერეთელი: დამნაშავე პირებს, მკაცრი სასჯელი დაეკისრებათ />


  18:34:49     20-09-2012

გიგი წერეთელი: დამნაშავე პირებს, მკაცრი სასჯელი დაეკისრებათ

a21664.jpg

პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ პატიმრების წამების ფაქტებზე დაკავებული პირები, კანონის უმკაცრესი ნორმებით დაისჯებიან. მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე, მეტი აქტივობა იყო საჭირო, რომ ასეთი ფაქტები არ მომხდარიყო. რაც შეეხება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პოსტზე, გიორგი ტუღუშის დანიშვნას, წერეთელი მიიჩნევს, რომ ომბუდსმენი პრინციპული ადამიანია, რომელიც კარგ განათლებასა და გამოცდილებასთან ერთად, საკუთარ პოტენციალს გამოიყენებს და პენიტენციალურ  სისტემაში ვითარებას შეცვლის. პატიმრების გარშემო არსებულ პროცესებთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ გიგი წერეთელს ესაუბრა: 

– როგორ შეაფასებთ პატიმრების წამების შემზარავ ფაქტებს და დაკავებული პირები დაისჯებიან თუ არა სათანადოდ? 

– ისევე როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე ჩემთვის ძალიან მძიმე და გამაოგნებელი სანახავი იყო ის ყველაფერი, რაც საქართველოს ციხეში  ხდებოდა.  წარმოუდგენელია, რომ ჩვენს სინამდვილეში მაშინ, როცა ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა, უწყებაში ჩავარდნა არის და ასეთი ფაქტების   თავიდან აცილება არ მოხდა. ამ მძიმე ფაქტებმა, პენიტენციალურ სისტემაში წინ გადადგმულ ნაბიჯებს ჩრდილი მიაყენა. დანაშაულის რაღაც საფუძვლები ყველა სეგმენტში იყო, მაგრამ მთავარია, რომ როცა დანაშაული ხდება მისი გამომზეურება და ადეკვატური რეაგირება მოხდეს. უმკაცრესად პასუხს აგებენ ის ადამაინები, ვინც მონაწილე იყო – ადამიანის წამების, ცემისა და უფლებების დარღვევის ფაქტებში. პატიმართან ფაქიზი მიდგომაა საჭირო და არა მათი ცემა. მკაცრი იქნება სასჯელი, რომელიც ამ დამნაშავე პირებს დაეკისრებათ. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მინისტრმა დაკავებული თანამდებობა დატოვა, რადგან ის ბევრ რამეზე პასუხისმგებელი იყო. 

– პოლიტიკური პასუხისმგებლობა გარკვეულწილად გეკისრებათ თუ არა თქვენც,  უმრავლესობას, რადგან სახალხო დამცველის ანგარიშებს, სადაც ამ ფაქტებზე  იყო საუბარი, განსაკუთრებული ყურადღება არც თქვენ დაუთმეთ? 

– ბუნებრივია, პასუხისმგებლობა უმრავლესობასაც აქვს. შეიძლება სხვა პოლიტიკურ ძალებსაც, თუმცა, განსაკუთრებით ხელისუფლებას, რის გამოც, მმართველმა ძალამ, ამ ფაქტების გამომზეურების შემდეგ, მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღო. ამ ყველაფრის მიუხედავად, გეთანხმებით, რომ მეტი აქტივობა იყო საჭირო და სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე, მთავრობისთვის  მეტი რეაგირება უნდა მოგვეთხოვა.  ომბუდსმენის ანგარიშზე, განსაკუთრებული აქცენტი სასჯელაღსრულების უწყებას უნდა გაეკეთებინა. მართალია, პენიტენციალური სისტემა ღია არ არის, მაგრამ  კონტროლის მექანიზმები გამოყენებული უნდა ყოფილიყო, რომ ასეთი ფაქტები არ მომხდარიყო. თითოეული ჩვენთაგანი ამ პასუხისმგებლობას იზიარებს, რადგან ამ ფაქტების თავიდან აცილება შეიძლებოდა,  თუ რეაგირება დროული იქნებოდა. ასეთი ტიპის დანაშაულები ცივილიზებულ ქვეყნებშიც არის, მაგრამ ეს არ გვამშვიდებს, რადგან ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი ადამიანები არიან და ჩვენი მეგობრები. მორალურად, პატიმარს ყოფნა ისედაც მძიმე პირობებში უწევს, რაც არ უნდა კომფორტული საკანი იყოს. შესაბამისად, მათი დამცირება და ცემა კატეგორიულად მიუღებელია. ფაქტია, რომ ეს სისტემა ცვლილებებს საჭიროებს.     

– სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი დღეს, გიორგი ტუღუშმა დაიკავა. უწყებაში სასიკეთო ცვლილებებს ელით? 

– საზოგადოება ტუღუშის საქმიანობას ძალიან კარგად იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრისთვის უსიამოვნო ანგარიში ჰქონდა, მან ომბუდსმენის პოსტზე, ბევრის გაკეთება შეძლო. ის იყო პრინციპული და ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად ბევრი რამ გააკეთა. ტუღუშს, კარგ განათლებასა და გამოცდილებასთან ერთად, იმის პოტენციალი აქვს, რომ  პენიტენციალურ სისტემაში ვითარება შეცვალოს. იმედი მაქვს, ის პენიტენციალურ სისტემაში მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას შეძლებს, რისი საშუალებითაც, ასეთი ფაქტები აღარასოდეს განმეორდება.    

– პატიმრების წამების საკითხი, პოლიტიკურ ვითარებას დაძაბავს თუ არა და  ამ ფაქტების გამომზეურება, მმართველი გუნდის რეიტინგზე რა გავლენას მოახდენს?   

– ეს სიტუაცია მოსაგებ ვითარებაში არავის აყენებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ბევრი რამ გააკეთა და ამას საზოგადოება ხედავს.  ჩვენი მიზანია – ქვეყანაში კანონის უზენაესობა იყოს და არა კრიმინალიზაცია. დანაშაული ხდება, რის გამოც, ქვეყანაზეა ბოროტი და კეთილი, მაგრამ როცა ხალხი ხედავს, რომ ამ ფაქტების გამო ხელისუფლება დამნაშავეებს მკაცრად სჯის, ამას ადექვატურად გაიგებენ. საზოგადოებრივი განწყობები მესმის, მაგრამ  პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომ ეს რისხვა და ნეგატიური განწყობა ხელისუფლებას თავს დაატეხონ, რაც არასწორია.    დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტები, საზოგადოებრივ განწყობაზე არ იმოქმედებს, რადგან ამ ყველაფერზე, რეაგირება ხდება. ამასთან, ახალგაზრდების მშვიდობიან პროტესტს მივესალმები და მიმაჩნია, რომ კარგია, როცა  მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას ასეთი დამოკიდებულება აქვს. 

– თუმცა, ახალგაზრდები, რომლებიც აქციებს მართავენ, რიგი მინისტრების პოსტებიდან გათავისუფლებას ითხოვენ. . . 

– ამჟამად, ჭიათურაში ვიმყოფები და გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“  ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და თქვეს „არა ძალადობას“. ყველა უნდა დაისაჯოს და პარტიულ კუთვნილებაზე საუბარი არ უნდა იყოს. რაც შეეხება მინისტრების გადადგომის საკითხს, ამ ფაქტებთან ირიბად დაკავშირებული პირიც კი, დასჯილი უნდა იყოს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი, მინისტრმა კალმახელიძემ უკვე გაიზიარა.  

0

ავტორი: