19:19:23     22-12-2010
„აშენეთ სწრაფად და გაეთრიეთ, შენობები ჩვენ დაგვრჩება!“ წარწერები ფიჩორის რუსული ბაზის შენობებზე
აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზებიდან ჩრდილოელი მეზობლების ხელისუფლება და სამხედრო მანქანა თავიდანვე დიდ ყურადღებას აქცევდა გალის რაიონის სოფელ ფიჩორის ბაზას. ისევე როგორც დანარჩენების, ამ ბაზის მშენებლობაც 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყო და თავიდანვე უდიდეს ბაზად იყო ჩაფიქრებული გალისა და ოჩამჩირის რაიონში ასაშენებელ ბაზებს შორის.
რუსმა სამხედროებმა თავიდანვე მოინიშნეს ზღვისპირა სივრცე, დაახლოებით 7 ჰექტარი, რომლის დამუშავებას, ჯარისკაცების შრომის ხარჯზე, სექტემბრის დასაწყისიდანვე შეუდგნენ. თავდაპირველად ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან საერთო ენის გამონახვას შეეცადნენ, რათა გლეხები დაეყოლიებინათ და მათი კუთვნილი მიწის ფართები(რაც ბაზისთვის ჰქონდათ შეგულებული) ნებაყოფლობით მიეღოთ.
ამისთვის ფიჩორში სხვადასხვა სამხედრო ნაწილების მაღალჩინოსნები მიავლინეს. ადგილობრივ მოსახლეობას მიწაზე უარის თქმის შემთხვევაში, გალის ცენტრში ბინების ყიდვასაც სთავაზობდნენ, თუმცა, უმრავლესობა ამ დათმობაზე არ წავიდა. კაცმა რომ თქვას, ვინც თავიდანვე თანხმობა განაცხადა, რუსებმა მათ მართლაც უყიდეს გალში ბინა და მათი მიწები ბაზის ფართობს შეუერთეს, მაგრამ ფიჩორის დატოვების მსურველი ხუთიდან მხოლოდ ორი ოჯახი აღმოჩნდა.
ეს ოჯახები უშუალოდ ასაშენებელი ბაზის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და, როგორც ჩანს, მაშინვე მიხვდნენ, რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა. დანარჩენი სამი ოჯახი რუსებმა, უბრალოდ, აიძულეს, სოფლის ბოლოდან შუა ნაწილისკენ გადაბარგებულიყვნენ, რადგან ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ ბაზის სიახლოვეს აღარ დაიდგომებოდა. მათი სახლების გვერდით, მიმდინარე მშენებლობის მომიზეზებით, ზედიზედ ერთი თვის განმავლობაში აფეთქებდნენ მუხტებს, ღამით შეგნებულად ხმაურობდნენ და სამშენებლო ტექნიკას ამუშავებდნენ. საბოლოოდ რუსებმა შედეგს მიაღწიეს: კანკავების, ძაძამიების და თოდუების ოჯახი ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყარა.
ამის შემდეგ ხელს არაფერი უშლიდათ და რუსებმაც ბაზის მშენებლობის რიტმი დააჩქარეს: სპეციალური ინვენტარი რუსეთ–საქართველოს ომამდე საგულდაგულოდ გარემონტებული სოჭი–სოხუმი–ოჩამჩირის მონაკვეთით შემოჰქონდათ, ოჩამჩირიდან გალში და გალიდან ფიჩორში კი სატვირთო მანქანებით ეზიდებოდნენ. ბაზის მსენებლობისთვის სპეციალურად მოსკოვიდან სამხედრო კონსტრუქტორებიც მიავლინეს. თუ გავითვალისწინებთ ფიჩორის ადგილმდებარეობას, რუსების მონდომება აქ დიდი სამხედრო ბაზის შესაქმნელად გასაგები გახდება. გალის რაიონის ეს ზღვისპირა სოფელი ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურს უშუალოდ ესაზღვრება. ქართული პოლიციის ბოლო პოსტის შემდეგ, ზღვის ნაპირზე, თითქმის უცებვე მთავრდება განმუხური და იწყება ფიჩორი.
ქართული პოლიციის ეს პოსტი რომ განსაკუთრებულია, ერთი შეხედვითაც ეტყობა: რამდენიმე მიწაყრილი, საგულდაგულოდ გათხრილი სანგრები და ბლინდაჟები, სახელდახელოდ მოთრეული ქვიშიანი ტომრები და დაძაბული ქართველი პოლიციელები, რომლებიც, შინაგანი დაძაბულობის მიუხედავად, ზაფხულის სეზონში განმუხურში დამსვენებელ უამრავ ადამიანს მაინც თავაზიანად უღიმიან. დიდი ბაზის მშენებლობით, შესაძლოა, რუსები განმუხურში შარშანდელი და წლევანდელი სეზონის ჩაგდებას გეგმავდნენ: კარგ ამინდში განმუხურიდან შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება რუსეთის ბაზის ერთ–ერთი საგუშაგო კოშკის, მის გვერდით კი, მაღალ ფლაგშტოკზე რუსეთის მოფრიალე დროშის დანახვა, მაგრამ ოკუპანტებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ: წელს ანაკლიასა და განმუხურში პლაჟები დამსვენებლებს ვერ იტევდნენ...
ფიჩორში რუსი ოკუპანტებისთვის უსიამოვნებების შექმნაზე არც ქართველები ამბობენ უარს. „პრესა.ჯი“–სთვის ცნობილი გახდა სულ რამდენიმე დღის წინ ამ სოფელში მომხდარი ერთი ფაქტის შესახებ: ფიჩორის ბაზის საზეიმო გახსნიდან მეორე დღეს(ბაზა დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნა, თუმცა იქ საგუშაგოები ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ბოლოდანაა განთავსებული), ღია ფერით შეღებილი ერთ–ერთი ყაზარმის კედელზე, რომელსაც ღობე, ღობეს კი ტყე ესაზღვრება, დილით გაღვიძებულმა და შემოვლაზე მყოფმა სამხედრო პირებმა ქართულ და რუსულ ენაზე შავი პულვიზატორით მიწერილი ფრაზა შენიშნეს: „აშენეთ სწრაფად და გაეთრიეთ, შენობები ჩვენ დაგვრჩება!“ – როგორც ჩანს, ბაზის საზეიმო გახსნის შემდეგ ტრადიციული რუსული გამოთრობით იზარალა რუსების ჯანმრთელობამ, მაგრამ იხეირეს რუსებზე დაბოღმილმა ქართველებმა(სავარაუდოდ, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა) და ოკუპანტებს არასასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს. ინფორმაციის წყარო იმასაც გვპირდება, რომ სულ მალე „პრესა.ჯი“–ს ამ კედლის ფოტოსაც მიაწვდის...