08:16:11     18-09-2012
ლელა ცუცქირიძის „შემოიარე სიყვარულო“ - „ხვარამზეობა 2012-ის“ მეორე პრემია
როგორც ვწერდით, ჩატარდა პოეტ ქალთა ტრადიციული კონკური „ხვარამზეობა 2012“.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ხვარამზეს პრემიის 2012 წლის ლაურეატები გახდნენ:
მესამე პრემია - თამარ ლომიძე ლექსისათვის "გალატეა";
მეორე პრემია - ლელა ცუცქირიძე ლექსისათვის "შემოიარე სიყვარულო";
პირველი პერმია - ქეთი დიდიშვილი ლექსისათვის "ჭრიჭინობელებმა რა იციან";
დიდი პრიზი - ლია ლიქოკელი ლექსისათვის "აშექალის ქორწილი".
დღეს ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ წლევანდელი „ხვარამზეობის“ მე-2 პრემიის ლაურეატის, ლელა ცუცქირიძის ლექსს, რომელიც წელს დაჯილდოვდა „ხვარამზეობაზე“.
სხვა გამარჯვებულების შესახებ ამ დღეებში მოვუთხრობთ მკითხველს.
ლელა ცუცქირიზე დაიბადა თბილისში, 1964 წლის 3 მაისს. პროფესიით ფილოლოგია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
წერს ლექსებს, მოთხრობებს, როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. იბეჭდება სხვადასხვა პერიოდიკაში.
ლელა შარშან გახდა ლიტერატურული კონკურსის “ხვარამზე-2011” პირველი ადგილის მფლობელი. გაიმარჯვა მისმა ლექსმა „დიაფილმი“.
***
შემოიარე, სიყვარულო,
გზად რომ სახლია,
სახლთან დგას ალვა და ალვაზე -
მთვარის ბუდეა,
დახუჭულია დარაბები
და კიბეებთან
ბეღურებივით მობუზულებს, სძინავთ ბუერებს...
საკვამურიდან ბინდისპირზე
ჩიტის ბარტყივით
თავს რომ ჰყოფს კვამლი,
სუსტი ფრთებით აფრენას ლამობს...
შემოიარე, სიყვარულო,
ამ სახლში ვცხოვრობ,
ჩემი სახლია,
სამოვარს რომ წააგავს ამ დროს
და ეზო...
ეზო - ქაშანურის ლურჯი ფინჯანი
სავსეა ღამით
და ლიმონის გრილი სურნელით,
შემოიარე, ჩამოვსხდეთ და მე მოგიყვები
რაც ვერ გითხარი,
რაც აქამდე დამრჩა უთქმელი:
რომ გელოდები,
რომ არასდროს არ გადმოსულა
ჩემი მდინარე შეშლილივით,
კალაპოტიდან,
რომ ძლივს დავათრევ
და მიწისკენ მეხრება მხრები
მწიფე ნაყოფით დახუნძლული
ვაშლის ტოტივით,
რომ ვეღარ ვუძლებ...
რომ საცაა, როგორც ბალახი,
ყველა ნერვიდან ამომტეხავს
ცხელი სურვილი,
რომ შენ თუ არა, მოვა უცხო
და ერთ ღამეში
უსიყვარულოდ და მარტივად დამისაკუთრებს.
...შემოიარე, სიყვარულო,
ღიაა კარი,
დუღს სამოვარი,
დგას ლიმონის გრილი სურნელი,
ჩუმი ვნებით და მოლოდინით სავსეა სახლი,
რომელშიც ვცხოვრობ,
უხმაურო გაზაფხულივით...