კობა ხაბაზი: ქართველი ხალხი ქვეყანას წარსულში არ დააბრუნებს... კობა ხაბაზი: ქართველი ხალხი ქვეყანას წარსულში არ დააბრუნებს... />


  07:49:30     18-09-2012

კობა ხაბაზი: ქართველი ხალხი ქვეყანას წარსულში არ დააბრუნებს...

a21585.jpg

მმართველი გუნდის წევრი კობა ხაბაზი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში მაღალი პროცენტული მაჩვენებლით  გაიმარჯვებს. მისი თქმით, ხელისუფლებას საქართველოს მომავლისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია, რის გამოც, მათ ხალხი მხარს დაუჭერს. რაც შეეხება კონკურენტებს, დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში მეორე ადგილს დაიკავებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ქვეყანაში დესტაბილიზაციას ვერ შექმნის. საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით პრესა.ჯი კობა ხაბაზს ესაუბრა:

– „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდით. საქმიანობის გაგრძელებას აღმასრულებელ ხელისუფლებაში აპირებთ?  

– გადაწყვეტილი არაფერია. ამ საკითხზე, მმართველი გუნდი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. მთავარია, დაკისრებული ფუნქციის შესრულება ჩემთვის რთული არ აღმოჩნდეს. ყოველთვის ამ გუნდის მხარდამჭერი ვიქნები, რადგან ეს ძალა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ამ ჯგუფმა ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა, საქართველოს ღირსება დაუბრუნა. აჭარა ფაქტობრივად ცალკე სახელმწიფო აღარ არის, მათი დამსახურებაა.  მიმაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს მომავლისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია.  

– მმართველ ძალას საარჩევნო კამპანიის წარმართვა მაღალი კონკურენციის პირობებში უწევს. თქვენს შანსებს როგორ აფასებთ?

– მაჟორიტარებზე დასკვნის გაკეთება გამიჭირდება, რადგან ამ მხრივ,  წარმარტება–წარუმატებლობა პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული. რაც შეეხება პროპორციულ სიებს, დარწმუნებული ვარ, ორჯერ მეტ ხმებს ავიღებთ,  ვიდრე ძირითადი კონკურენტი – „რუსული ოცნება“. ამასთან, არჩევნებში წარმატებით ბარიერს „ქრისტიან–დემოკრატებიც“ გადალახავენ. მართალია, იმ ძალას მხარს არ ვუჭერ, სადაც ლიდერი ასლან აბაშიძის  გუნდის ყოფილი წევრი გიორგი თარაგამაძეა, მაგრამ ფაქტია, ეს ძალა პარლამენტში მოხვდება.

– თუმცა, თქვენგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ ქდმ–ს „სატელეტ“ ძალად მიჩნევს . . .

– ისინი რას ამბობენ ერთია, მაგრამ თარგამაძის ძალა უპირატესობას არ ანიჭებს ტერმინებს – მოვკლავ, დავანგრევ, გავასახლებ და გავანადგურებ, რაც წარმატებული გათვლაა.   

– რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, თქვენ პარტიულ კვლევებს უკვეთავთ და იცით ამა თუ იმ ძალას, რა რეიტინგი აქვს. როგორ ფიქრობთ კოალიცია რამდენ პროცენტს აიღებს?

– ისინი არჩევნებში მეორე ადგილის დაკავებას შეძლებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, კოალიციას ცუდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. „რესპუბლიკელების“ ისტორია, რომ გავიხსენოთ, ნახავთ, რომ ისინი პარლამენტში სხვა ძალის მეშვეობით შედიოდნენ, შემდეგ კი, კოალიციებს შლიდნენ. დამოუკიდებლად კენჭისყრას კი ვერ ბედავდნენ. ფაქტია, რომ სცენარი კლასიკურად მეორდება. კოალიციაში განხეთქილება უკვე იგრძნობა და ვფიქრობ, რომ მათი დაშლა გარდაუვალია. მათ საკუთარ ამბიციები რომ არ ჭამდეთ, მაშინ ცალ–ცალკე პარტიებზე უარს იტყოდნენ და ერთად გაერთიანდებობდნენ. ადრე, „რესპუბლიკელები“ შიდა ინტრიგებს მეტ დროს უთმობდნენ, ვიდრე არჩევნებს.

– ახლაც ასეა?

– რა თქმა უნდა. ეს ახლაც გრძელდება.

– ხშირად, კოალიციები ფრაქციებად იშლებიან. ამასთან, კოალიციის შესაძლო დაშლაზე ივანიშვილიც ალაპარაკდა, მაგრამ ის თავად რატომ არ ჩაუდგა სათავეში საარჩევნო სიას, რითაც უმცირესობის რეალური ლიდერი გახდებოდა?  

– იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ამბიციები აქვს და საკუთარ თავზე ჩამოყალიბებული წარმოდგენა აქვს, რომ „ის არის ყოვლის შემძლე“, არადა კვლევებით იციან, რომ მათი რიტორიკის მიუხედავად, არჩევნებს წააგებენ. ფაქტია, რომ ივანიშვილს საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენია ოპოზიციონერ ლიდერად და მოკამათე ადამიანად. ის ფიქრობს, რომ მხოლოდ ძლევამოსილი პიროვნებაა.

– 1–ელი ოქტომბრის შემდგომი პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის? რა პროცესების განვითარებას ელით?

– ისევე როგორც რუსეთის, ასევე „რუსული ოცნების“ მიზანია, არამარტო ხელისუფლების ცვლილება, არამედ საქართველოს წარუმატებლობა, განადგურება და ჩაბნელება. იქ, სადაც რუსის ჩექმა  ფეხს აბიჯებს, იქ წლების განმავლობაში, ყვავილი არ ამოდის. რუსეთს ეს სიძულვილის გამო კი არ მოსდის, არამედ იმის გამო, რომ საკუთარი წარუმატებლობა გაამართლოს და საქართველოს წინსვლა გადაფაროს. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი არეულობის დავალებას მიიღებს, მაგრამ საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე არ არსებობს, რადგან ერთის მხრივ,  ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლება მყარადაა. ამ წლებმა, საფრთხეები გააზრებულად აქცია და ქართველი ხალხი ქვეყანას წარსულში არ დააბრუნებს.

0

ავტორი: