16:04:25     16-09-2012
„კანონიერი ქურდების“ სალონიკური "პადარკა" ივანიშვილს

ქართველი ემიგრანტებისთვის თითქოსდა საარჩევნო ხმის უფლების შეზღუდვით „ქართული ოცნება“, კარგა ხანია, სპეკულირებს. ამ თემით სპეკულაცია დემაგოგობით დაიწყო მას შემდეგ, რაც ემიგრანტების მიერ ხმის მიცემის პროცედურა შეიცვალა.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში უკვე მიიღეს ზომები და ემიგრანტებს რეგისტრაციის ბოლო ვადა გაუგრძელეს კიდეც, ამ თემით სპეკულირებას ბოლო არ მოღებია. თითქოსდა, ყველა შეკითხვას გაეცა პასუხი, მაგრამ, „ქართული ოცნებისთვის“ არამც და არამც...
„პრესა,ჯი“-ს ვერსიით, ამ თემით სპეკულირებას საკმაოდ სკანდალური ახსნა აქვს. ჩვენს მიერ მოპოვებული ცნობებით, ხვალ ცესკოსთან ემიგრანტებმა უნდა მოაწყონ აქცია, ხოლო აქციის მონაწილეები დღეს და ხვალ ჩამოვლენ საქართველოს დედაქალაქში.
ქვეყანაში, სადაც დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მსგავს შემთხვევაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი და იქნებ, ჩვენს შემთხვევაშიც ასე ყოფილიყო, რომ არა ერთი გარემოება. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც სანდო პირმა (სხვათა შორის, ემიგრანტმა) მოგვაწოდა, დღეს და ხვალ საქართველოში მოქალაქეები საბერძნეთის ქალაქ სალონიკიდან ჩამოვლენ.
სალონიკი საბერძნეთში არცთუ უსაფუძვლოდ ითვლება პოსტსაბჭოოური ქვეყნებისა და ადგილობრივი კრიმინალების ბუდედ. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, ამ კრიმინალურ ქსელსაც ქართველები აკონტროლებენ. ყველასთვის კარგად ცნობილი ლაშა შუშანაშვილი და მისი ახლო წრე სწორედ ბერძნული, კერძოდ, სალონიკის დაჯგუფების ლიდერებად არიან მიჩნეულნი.
როგორც ინკოგნიტო ქართველმა ემიგრანტმა გვითხრა, შუშანაშვილის საახლობლო წრის დაინტერესება-მონაწილეობის გარეშე არც ხვალინდელი აქციის სამზადისს ჩაუვლია. მართალია, დაუწერელი კანონების მიხედვით ცნობილია, რომ ქურდები პოლიტიკაში არ ერევიან, მაგრამ ამ წესის იგნორირება, წყაროს თქმით, ამჯერად თბილისიდან ბიძინა ივანიშვილის დაინტერესებამ გამოიწვია: ერთ-ერთი ვერსიით, ბიძინა ივანიშვილი „საჭირო ხალხს“ დაუკავშირდა და ქართველი ემიგრანტებით სავსე თვითმფრინავი „შეუკვეთა“.
საბერძნეთში მცხოვრები ქართველი „კანონიერი ქურდები“ და ზოგადად, ე.წ. შავებიც დაფაცურდნენ. მოგეხსენებათ, ქრთამი (ფული) არამარტო ჯოჯოხეთს, ქურდულ სამყაროსაც ანათებს და შეკვეთა უკვე შესრულებულია: სხვადასხვა ინტერვალებით, დღეს და ხვალ სალონიკიდან თბილისში 50-დე ადამიანი ჩამოვა - ისინი, ვისაც საზღვრის გადაკვეთის პრობლემა არა აქვს და ვინც ლეგალურად ცხოვრობს საბერძნეთში, მაგრამ ემიგრანტად ითვლება.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს (თავად მანაც მიიღო შეთავაზება, მაგრამ მასზე უარი თქვა), ემიგრანტებისთვის ბილეთები უკვე ნაყიდია, უკანა გზაც დაფინანსებულია და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვისაც მიიღეს გარკვეული თანხა. მოკლედ, „აღშფოთებისთვის“ მაქსიმალური მოტივაცია უკვე შექმნილია...
საბერძნეთიდან ჩამოსული „აღშფოთებული“ ემიგრანტები ხვალ ცესკოს წინ აქციას ჩაატარებენ, კიდევ ერთხელ დაგმობენ ხელისუფლების „მავნებლობას“, მსოფლიოს დაანახებენ, რა „უზურპატორი“ და „გამყალბებელი“ ხელისუფლება გვყავს, მერე წარმატებულ აქციას რესტორანში ერთად ან ცალ-ცალკე აღნიშნავენ და საბერძნეთში დაბრუნდებიან...
0