08:50:28     15-09-2012
თავდასხმების ტალღა მძაფრდება: აშშ და გერმანია საელჩოებს ხურავენ (ვიდეო)

აშშ და გერმანია საელჩოებს ხურავენ. მუსულმანთა რისხვა დღეს აშშ-ის გარდა, ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოებსაც დაატყდათ თავს. აგრესიულად განწყობილმა დემონსტრანტებმა სუდანში დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და გერმანიის საელჩოებს შეუტიეს, რომლებიც ერთმანეთის გვერდითაა განთავსებული.
ისინი გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ზედა სართულზე ასვლაც მოახერხეს მას შემდეგ, რაც ბარიერები და მინები ჩაამტვრიეს, შენობის თავზე კი შავი დროშა აღმართეს წარწერით - „არ არსებობს ღმერთი ალაჰის გარდა და მუჰამედია მისი წინასწარმეტყველი“.
პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, არეულობას კი 4 დემონსტრანტი ემსხვერპლა, რომელთაც პოლიციის მანქანა დაეჯახა. როგორც ტუნისის ხელისუფლებაში განაცხადეს, პარასკევი მუსულმანთათვის მნიშვნელოვანი დღეა, როცა პარასკევის საღამოს ლოცვა ტარდება და ივარაუდეს, რომ პროტესტი ამ ლოცვის შემდეგ შეიძლება გაძლიერებულიყო.
სწორედ საღამოს ლოცვის შემდეგ გაემართნენ ტუნისელი დემონსტრანტები აშშ-ის საელჩოსკენ, სადაც მისიის კუთვნილ ტერიტორიაზე შეცვივდნენ, ხეები დაწვეს და მინები ჩაამტვრიეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი უმრავლესობა ვაჰაბიტები იყვნენ - ანუ სალაფიტები, რომლებიც ისლამის რადიკალურ მიმართულებას წარმოადგენენ.
იემენის დედაქალაქში კი პოლიციას ცეცხლის გახსნა დასჭირდა, როცა დემონსტრანტები აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ. შედეგად იემენშიც, არეულობისას 4 ადამიანია ლიკვიდირებული, თუმცა გარკვეულმა ჯგუფმა მაინც მოახერხა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე შეღწევა, სადაც დიპლომატების რამდენიმე მანქანა და ამერიკის დროშა დაწვეს.
დღესვე ანტიამერიკული დემონსტრაცია გაიმართა ინდოეთშიც. ქალაქ ჩენაიში ქვები დაუშინეს აშშ-ის გენერალური საკონსულოს შენობას. დემონსტრაცია ჩატარდა ქაშმირშიც.
პარალელურად აქციები მიმდინარეობდა ქაიროშიც, სადაც დღეს 100-მდე დემონსტრანტი დააკავეს, დაშავდა 50 პოლიციელიც, რომლებსაც ჭრილობები აქვთ მიღებული.
ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ ფაქტობრივად მხარი დაუჭირა მოსახლეობის პროტესტს, თუმცა გააფრთხილა, რომ ეს პროტესტი მშვიდობიანი მეთოდებით უნდა გამოხატონ.
აშშ-ის საელჩოსთან აგრესიული ფორმით პროტესტი ლიბანშიც გამოხატეს, სადაც ამერიკისა და ისრაელის დროშები დაწვეს.
გართულებული ვითარების ფონზე შეერთებულმა შტატებმა რიგ ქვეყნებში საელჩოების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. თავდასხმის საშიშროების გამო უკვე დაიხურა აშშ-ს საელჩო და საკონსულო ნიგერიაში, აპირებენ ასევე საკონსულოს დახურვას ამსტერდამშიც. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს გერმანიაშიც, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისიების დახურვა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, ავღანეთსა და პაკისტანში გადაწყვიტა.
ცნობილი გახდა ასევე, რომ ლიბიის გარდა, სადაც თავდამსხმელებმა ელჩი მოკლეს, შეერთებული შტატები საზღვაო ქვეითებს იემენშიც გაგზავნის - აშშ-ის საელჩოს დასაცავად. პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ბოლო დღეების მოვლენების საპასუხო ნაბიჯი და უსაფრთხოების ზომაა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-სა და ახლა უკვე დასავლეთის ქვეყნების საელჩოებზე თავდასხმების მიზეზი ამერიკაში გადაღებული ფილმი „მუსულმანთა უცოდველობა“ გახდა" რომელიც მუსულმანთა თქმით, წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფს.
0