14:46:38     14-09-2012
„ივანიშვილმა გააცნობიერა, რომ არჩევნებს წააგებს და წონასწორობა დაკარგა“

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი წონასწორობას კარგავს. ოლიგარქმა, ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „პროფესიონალი მატყუარა“ და „მამაძაღლი” უწოდა. ეს, ივანიშვილმა „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა, ორი დღის წინ, ქართული მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ ქუჩის აქციებს არ აპირებს და არც ხალხს მოუწოდებს ქუჩაში გამოსვლისკენ. არასტაბილურმა ოლიგარქმა, „ფრანს პრესისითვის“ მიცემულ ინტერვიუში, ჩვენება შეცვალა.
მეოცნებე ივანიშვილი, „ფრანც პრესის“ ჟურნალისტთან ამბობს, რომ ის მზად არის დაიწყოს მასობრივი გამოსვლები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს აღმოაჩენენ.
„ქართული ოცნების“ ლიდერის ამ განცხადებას, მწვავე შეფასება მოჰყვა პოლიტოლოგებსა და პოლიტიკურ წრეებში. მათი განცხადებით, ივანიშვილის ეს განცხადება, არასტაბილურ მდგომარეობაზე მიუთითებს.
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თუკი მმართველი გუნდის მხრიდან მიუღებელია კრიტიკული და შეურაცხმყოფელი განცხადებები, ასევე მიუღებელია ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდანაც.
„თუკი ჩვენთვის, მიუღებელია მმართველი გუნდის მხრიდან მსგავსი ეპითეტები, ასევე მიუღებელია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიდან. ძალიან ცუდია ეს ფაქტი, თუმცა თვითონ ამ განცხადებაში არის კიდევ სხვა საკითხი, რომელიც არ იყო სწორი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. პირველი ის, რომ, თურმე როცა არის სააკაშვილი, ჩვენ არ უნდა ვაკრიტიკოთ პუტინი. ის რომ დემოკრატიული განვითარების კუთხით ჯერ კიდევ არ ვართ წინ, არ ნიშნავს, რომ ქართველებმა პუტინის პოლიტიკა არ უნდა ვაკრიტიკოთ. რაც შეეხება ამ განცხადებაში მოყვანილ მეორე ფრაზას. მე რამდენადაც მახსოვს, რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია და აზრი ამასთან დაკავშირებით ივანიშვილმა. მე ვიცოდი რომ აგვისტოს ომის შემდეგ გახდა კრიტიკული სააკაშვილის მიმართ, აქ კი, ირკვევა რომ 2007 წელს დაუმთავრებია პრეზიდენტთან ურთიერთობა. ცოტა გაუგებარია, პოზიციათა ასეთი ცვლა“-აღნიშნავს ნაჭყებია.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ არჩევნებში წაგება გარდაუვალია და ამის გამო წონასწორობა დაკარგა.
„უკვე ყველა ზომას და ნორმას სცილდება იგი. კი ბატონო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა მხრიდან მომისმენია შეფასება საკმაოდ კრიტიკული, ცოტა უხეშიც, მაგრამ კონკრეტული პირის მისამართით, მსგავსი შეფასება, მე არც მიხეილ სააკაშვილისგან და არც ვანო მერაბიშვილისგან არ გამიგონია. ივანიშვილის ეს განცხადება მიუთითებს, გაღიზიანებაზე და წონასწორობის დაკარგვაზე. თუ რითია გამოწვეული ეს, არაა რთული მისახვედრი. დარწმუნდა თავად ივანიშვილიც, რომ გამარჯვება გამორიცხულია. თვითონ, რომ ამბობდა 40%-ს ავიღებთო, ახლა იმ ორმოცი პროცენტის იმედიც აღარ აქვს“- ამბობს ცინცაძე.
ცინცაძის აზრით, ივანიშვილმა დაუშვა ორი შეცდომა, რამაც ოლიგარქი ამ ზომამდე მიიყვანა.
„მან დაუშვა ორი ისეთი შეცდომა, რომლის წყალობითაც, მისი რეიტინგი ძალიან დაეცა. პირველი ეს იყო უცხოელებისთვის მიმართვა, რომელიც მოსახლეობამ აღიქვა ისე, რომ არიქა გვიშველეთ, თორემ წავაგებთ არჩევნებსო. მეორე შეცდომა იყო, ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ პარლამენტში „ქართული ოცნება“ ფრაქციებად შეიძლება დაიშალოს. ფრაქციონალიზმი ეს უკვე კრახია. თუკი ისინი ფრაქციებად დაიშლებიან, მაქსიმუმ ორ თვეს იარსებოს „ქართულმა ოცნებამ“ “-ამბობს ცინცაძე.
„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია კი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში უარესია მოსალოდნელი.
„ეს ორი პერსონა მეგობრები იყვნენ. კითხვა მაქვს ივანიშვილთან, ახლა გახდა სააკაშვილი ცუდი? არ გამოვრიცხავ, კიდევ უფრო გამწვავდეს მათ შორის ურთიერთობა და კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდეს. თუმცა, ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისგან ასეთი შეფასება“ - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ძაგანიამ.
0