ეგვიპტე, ლიბია, იემენი, ტუნისი... - ისლამისტები აშშ-ის საელჩოებს თავს ესხმიან ეგვიპტე, ლიბია, იემენი, ტუნისი... - ისლამისტები აშშ-ის საელჩოებს თავს ესხმიან />


  08:21:55     14-09-2012

ეგვიპტე, ლიბია, იემენი, ტუნისი... - ისლამისტები აშშ-ის საელჩოებს თავს ესხმიან

a21462.jpg

აშშ-ის საელჩოები კვლავ თავდასხმების ობიექტი ხდება. წუხელ, ბანგლადეშში 1000-მდე ისლამისტი დაესხა თავს დიპლომატიურ მისიას. ისინი შენობისათვის ალყის შემორტყმით იმუქრებოდნენ და აშშ-ის დროშა დაწვეს.   ევაკუირებულია აშშ-ის საელჩო გერმანიაშიც, სადაც ტერაქტის საფრთხე იგრძნეს. დიპლომატიური მისიის რამდენიმე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უცნაური გემო და სუნი იგრძნეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მოქალაქისგან დოკუმენტები ჩაიბარეს.

ქაიროში, ლიბიაში, იემენში, ტუნისსა და ბანგლადეშში გამოხატულ პროტესტს შეუერთდენენ ისრაელის რადიკალი ისლამისტებიც, რომლებმაც ასევე აშშ-ის საელჩოსთან გამართეს აქცია. დემონსტრაციები ჩატარდა სუდანსა და მაროკოშიც. მოვლენები მძაფრი სიუჟეტით ვითარდება. წუხანდელი შეტაკებისას ბანგლადეშში, პოლიციის ტყვიას ერთი დემონსტრანტი ემსხვერპლა. ისლამისტთა აგრესიულ აქციას ტუნისში ლაიტმოტივად გასდევდა შეძახილები: „ობამა, ჩვენ ყველანი უსამა ვართ!“, ასევე „სიკვდილი ამერიკას!“.

ცნობილი გახდა, რომ ადამიანთა ჯგუფი ალჟირში, სოციალური ქსელების საშუალებით ახდენს კოორდინირებას აშშ-ის საელჩოსთან აქციის ჩასატარებლად. მანამდე კი, როგორც ცნობილია, თავდასხმისას დაიღუპა ამერიკის ელჩი ლიბიაში კრისტოფერ სტივენსი და საელჩოს კიდევ სამი თანამშრომელი.

ამის საპასუხოდ აშშ-მა თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვა მთელს მსოფლიოში გაამკაცრა, ლიბიაში კი რადიკალ ისლამისტთა ბანაკების განადგურება გადაწყვიტა. ამისათვის იქ უპილოტო აპარატებს გაგზავნიან, რომლებიც შეტევებს ჰაერიდან მიიტანენ - იუწყება ტელეკომპანია  CNN.

ვაშინგტონში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ბენღაზიში საელჩოზე თავდასხმა არ იყო სპონტანური აქტი, როგორც ამას ისლამისტები აცხადებენ. თუ არაბული ქვეყნების ხელისუფლებები აცხადებენ, რომ თავდასხმების მიზეზი ამერიკაში გადაღებული ფილმი გახდა, რომელიც მუსულმანთა რელიგიას შეურაცხყოფს, ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ადრევე იყო დაგეგმილი, სკანდალური ფილმი კი მხოლოდ საბაბი გახდა ამისთვის.

ამასთან, სააგენტო „ასოშეითედ პრესმა“ მიიღო ინფორმაცია, რომ ერთდროულად შვიდ სახელმწიფოში ამერიკის საელჩოებმა მიიღეს მუქარა ისლამისტთა სავარაუდო თავდასხმების შესახებ და ამ ქვეყნებს შორის ყველა სულაც არ არის მუსულმანური. მასში მოხვდნენ სომხეთი, ბურუნდი და ზამბია, სადაც მორწმუნეთა უმრავლესობა ქრისტიანია.

თავად აშშ-ის საელჩომ სომხეთში კი იქ მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს მიმართა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. ცნობილია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მოსალოდნელი არეულობების გამო  ნორვეგიაში ვიზიტი გადადო ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, პაკისტანის ხელისუფლება კი აშშ-ის დიპლომატიური მისიების უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.

„პარასკევობით მეჩეთებში ჯუმა-ნამაზი ტარდება - პარასკევის დიდი ლოცვა, კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მუსულმანებისთვის და შესაძლოა, ანტიამერიკული პროტესტი დაიწყოს. ჩვენ მზად ვართ მასთან გასამკლავებლად“ - განაცხადა ისლამაბადში დიპლომატთა დაცვის სამსახურის უფროსმა ხურამ რაშიდმა.

ცნობილი გახდა, რომ კომპანია Google-მა, რომელიც YouTube-ს მფლობელია, ეგვიპტესა და ლიბიაში დაბლოკა სკანდალური ფილმი „მუსულმანების უდანაშაულობა“, რომელიც თავდასხმების საფუძველი გახდა. ამასთან,  Google არ აპირებს მთლიანად YouTube-დან მოხსნას ეს სურათი, რადგან აცხადებენ, რომ მისი შინაარსი არ ეწინააღმდეგება ვიდეოჰოსტინგის პოლიტიკას.
0

ავტორი: