17:45:56     13-09-2012
სკანდალი გრძელდება: ისლამზე გადაღებული ფილმის პროდიუსერებს თაღლითობაში ადანაშაულებენ

მსახიობები ფილმისა, რომლის გამოც ეგვიპტეში, ლიბიაში, ტუნისსა და იემენში ისლამისტების მღელვარება დაიწყო, მიმართვას ავრცელებენ. გადამღები ჯგუფი აცხადებს, რომ მათ ფილმში მონაწილეობა მოტყუებით აიძულეს.
„პროდიუსერების საქციელი აღმაშფოთებელია. ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ფილმის შინაარსს და ძალიან ვწუხვართ მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ შოკირებულები ვართ სცენარის რადიკალურად გადაკეთებით და იმით, რომ ასე უხეშად გვატყუებდნენ“ - ციტირებს დასავლური მედია მიმართვის ტექსტს.
როგორც გადამღები ჯგუფის წევრები განმარტავენ, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით ვინაობას არ ამხელენ, ქასთინგი ჯერ კიდევ 2011 წელს ჩატარდა, თუმცა მაშინ ფილმს ერქვა „უდაბნოს მეომარი“ და ცნობილი იყო, რომ ეს იყო ისტორიული ფილმი არაბეთის უდაბნოში თავგადასავალზე. ამასთან, სცენარში, წინასწარმეტყველი მუჰამედი ნახსენებიც კი არ იყო.
თუმცა ფილმის იმ ვარიანტში, რომელიც ინტერნეტშია ხელმისაწვდომი, მუჰამედი უსახლკარო ჰომოსექსუალისტისა და თაღლითისა როლშია გამოყვანილი, რომელიც მასობრივი მკვლელობებისკენ მოუწოდებს, მისი მიმდევრები კი სასტიკი მკვლელები არიან.
„შოკში ვარ. იქ არ ყოფილა არცერთი სიტყვა რელიგიაზე, მით უმეტეს, მუჰამედზე და მუსულმანებზე. სცენარში მთავარ პერსონაჟს „ბატონი ჯორჯი“ ერქვა, ყველაფერი დანარჩენი გახმოვანებისა და მონტაჟის დროსაა დამატებული“ - განაცხადა სკანდალურ ფილმში ეპიზოდური როლის მქონე სინდი ლი გარსიამ. ის ერთადერთია, ვინც დუმილი დაარღვია და გვარისა და სახელის გამხელაზეც არ ამბობს უარს.
იმის შსახებ, რომ ფილმს უნდა მოეთხრო 2000 წლის წინანდელ მოვლენებზე და რომ მასში მუჰამედზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, გადამღები ჯგუფის სხვა წევრიც ყვება, რომელიც იმავდროულად ამტკიცებს, რომ თავისი სიტყვების დასტურად სცენარის ასლის წარმოდგენა შეუძლია.
ფილმის რეჟისორი, სემ ბეისილი, რომელიც ამერიკელია, მაგრამ წარმოშობით ისრაელიდანაა, კვლავ თავის კატეგორიულ შეფასებებს იმეორებს და აცხადებს, რომ ისლამი „კიბოა“. ამის შესახებ მან ლიბიაში აშშ-ის ელჩის მკვლელობის შემდეგაც განაცხადა და დასძინა, რომ „ფილმი, რეალურად, პოლიტიკურია. ის არ არის რელიგიაზე“ - თქვა მან The Wall Street Journal-თან სატელეფონო ინტერვიუში.
ბეისილის თქმით, პროექტის რელიზება 100-მდე ებრაელი დონორის დახმარებით მოხდა, რომლებმაც 5 მილიონი დოლარი გამოყვეს. ორსაათიანი სკანდალური ფილმის გადაღება კალიფორნიაში 3 თვეს გრძელდებოდა, მასზე 60 მსახიობი და 45 ტექნიკური პერსონალი მუსაობდა.
ფილმის სარეკლამო კამპანიითაც საკმაოდ სკანდალური და მუსულმანებისთვის საძულველი პიროვნება იყო დაკავებული. ცნობილი პასტორი ფლორიდიდან ტერი ჯონსი, რომელმაც იმით გაითქვა სახელი, რომ რამდენიმე ხნის წინ საჯაროდ დაწვა ყურანი. ფილმის რეკლამირებით დაკავდა მორის სადეკიც - წარმოშობით ეგვიპტელი კოპტი (კოპტები - მკვიდრი ეგვიპტელი ქრისტიანები არიან, რომლებსაც დაძაბული ურთიერთობა აქვთ ეგვიპტის მუსულმანებთან).
0