13:25:49     13-09-2012
ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა, კესარიას უკავშირდება

გვიან ღამით, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის გამომწვევი მიზეზი, ქართველი ტრანსსექსუალი კესარიაა. გამოძიების ინფორმაციით, ჯაზ კლუბში მომხდარი გარჩევისას რამდენიმე ახალგაზრდა დაშავდა. ისინი გუშინვე ქირურგიის ინსტიტუტში მოათავსეს.
დაშავებული ახალგაზრდებიდან ერთს ნაკვეთი ჭრილობა სახის არეში, მეორეს კი გულმკერდის მიდამოში აღენიშნებოდა. კიდევ ერთ დაშავებულს ტვინის შერყევა და ცხვირის მოტეხილობა აქვს მიღებული.
ცნობილია დაჭრილების ვინაობაც: ბახტიარ აივაზოვი და გიგა ჩიქვინიძე.
მედიკოსთა განცხადებით, ახალგაზრდამ რომელსაც თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდა, სამკურნალო დაწესებულება თვითნებურად დატოვა. დანარჩენი ორი კი დღეს გაეწერა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება, პირველი, ბიჭებმა „ბანქო“ ითამაშეს და შემდეგ "თავანის" ჩაბარება ვერ შეძლეს, რასაც სისხლიანი გარჩევა მოჰყვა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გიორგი ბეჟაშვილი კესარიას ეჩხუბებოდა, დაზარალებულები კი ინციდენტში ჩაერთვნენ.
მომხდარ ფაქტზე საქმე უკვე აღიძრა, სამართალდამცავები ჩხუბში მონაწილე ბეჟაშვილს, რომელმაც ახალგაზრდები დაჭრა, ამ დრომდე კითხავენ.
გამოძიება 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ხულიგნობს გულისხმობს. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პრესა.ჯი მომხდარის გარკვევას კესარიასგან შეეცადა, თუმცა ის ამ თემაზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
0