08:31:05     13-09-2012
დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა
31 აგვისტოს (ახალი სტილით 13 სექტემბერს) ქართული ეკლესიის მიერ აღინიშნება დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა.
გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყელი თავად ღვთისმშობელს გადაუცია თომა მოციქულისათვის. სხვა გადმოცემით ყოვლადწმინდამ თავისი სარტყელი გადასცა კეთილმორწმუნე იერუსალიმელ ქალწულს. შემდგომში კეთილმსახურ ქრისტიან ქალწულებს ის მემკვიდრეობით გადაეცემოდათ იერუსალიმში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელით მრავალი სასწაული აღესრულებოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი ბიზანტიის დედაქალაქში, კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს IV საუკუნეში.
სპეციალურად ამ სიწმინდის დასაბრძანებლად აშენდა ღვთისმშობლის სახელობის ვლაქერნის ტაძარი, სადაც გადააბრძანეს წმინდა სარტყელი.
დედაღვთისას წმინდა სარტყელს უკავშირდება კონსტანტინოპოლის არაერთხელ გადარჩენა მტრის ალყისაგან.
წმინდა სარტყლის ნაწილები ერგოთ ათონის ვატოპედის მონასტერს, ტრირის მონასტერს (გერმანიაში) და საქართველოს. ზოგი გადმოცემით რუსეთსაც და რომსაც.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წმინდა სარტყელის მადლი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს, ოჯახებს და ყოველ მართლმადიდებელს!
ტროპარი:
ღმრთის მშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად გიან მარადის, რამეთუ შენ ზედა გონებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა, ამისთჳს გევედრებით: მშვიდობა სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
კონდაკი:
ღმრთის შემწყნარებელი მუცელი შენი, ღმრთის-მშობელო, რომელი შეიცვა პატიოსანმან სარტყელმან შენმან, არს სიმტკიცე ქალაქისა შენისა უბრძოლველისა, და საუნჯე კეთილთა მოუკლებელი, მხოლოო მშობელო, მარადის ქალწულო.
სხვა კონდაკი:
პატიოსნისა სარტყელისა შენისა დადებასა დღესასწაულობს დღეს ტაძარი შენი, ყოვლად საგალობელო, და ლმობიერად გიხმობს შენ: გიხაროდენ ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.
დღესვე, 31 აგვისტოს (ახალი სტილით 13 სექტემბერს), აღინიშნება წმინდა მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელისა (+ 258) და კონსტანტინოპოლის წმინდა პატრიარქის გენადი I-ს ხსენების დღეც. მათი ლოცვა ნუ მოკლებოდეს მართლმადიდებლურ სამყაროს, ჩვენს სამშობლოს და ოჯახებს!
0