შერვუდ ანდერსონის დაბადების დღისადმი შერვუდ ანდერსონის დაბადების დღისადმი />


  08:22:38     13-09-2012

შერვუდ ანდერსონის დაბადების დღისადმი

a21444.jpg

1876 წლის 13სექტემბერს, პატარა ქალაქ კემდემში, ოჰაიოს შტატში, ღარიბი ხელოსნის მრავლშვილიან ოჯახში, დაიბადა დიდი ამერიკელი მწერალი შერვუდ ანდერსონი (Sherwood Anderson). შვიდი შვილიდან მესამე იყო.

1883 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კლიდში (ოჰაიოს შტატი). მუშაობის დაწყება ადრე მოუხდა, რათა ოჯახს დახმარებოდა მამის სიკვდილის შემდეგ, ამიტომ სკოლა მიატოვა. სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. 1895 წელს დედაც გარდაეცვალა.

დედის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გაემგზავრა ჩიკაგოში და საწყობში დაიწყო მუშაობა. მალე ჯარში გაიწვიეს, კუბაში. დაბრუნდა 1900 წელს და სწავლობდა ვიტენბურგის კოლეჯში, სპრინგფილდში (ოჰაიოს შტატი). მერე ჩიკაგოში დაბრუნდა.

დაახლოებით ამ დროს დაიწყო წერა. წერდა მოთხრობებს და ესეებს. 1904 წელს იქორწინა კორნელია ლეინზე. გადასახლდა კლივლენდში, სადაც საფოსტო ფირმის ხელმძღვანელი გახდა. მერე საკუთარი ბიზნესი წამოიწყო ელირიაში, ოჰაიოს შტატში. 1910 წლიდან რომანების წერას მიჰყო ხელი. 1912 წელს ნერვული შეტევა მოუვიდა. დაბრუნდა ჩიკაგოში.

თავის ნაწარმოებებს 1914 წლიდან აქვეყნებდა. მალე დიდ წარმატებებსაც მიაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა ნოველების კრებულმა „უაინსბურგი, ოჰაიო“.

1916 წელს განქორწინდა. მალე იქორწინა ხელმეორედ მოქანდაკე ტენესი მიტჩელზე. 1924 წელს იქორწინა წიგნის მაღაზიის მმართველზე, ელიზაბეთ პროლზე და დასახლდა ახალ ორლეანში,  სადაც თავისი ცოლის თანამშომელი, უილიამ ფოლკნერი გაიცნო. 1929 წელს კვლავ განქორწინდა და 1933 წელს ცოლად შეირთო ელინორ კოუპერჰაივერი.

მრავალი პროფესია სცადა და ბოლოს კიდეც გამდიდრდა.

ლიტერატურას თავი მთლიანად უძღვნა 1923 წლიდან.

1920-იან წლებში ევროპაში იმოგზაურა. პარიზში დაუმეგობრდა ცნობილ ამერიკელ მწერალ ქალს გერტრუდა სტაინს, „დაკარგული თაობის“ ერთ-ერთ მესვეურს. ამერიკაში დაბრუნების მერე ორი გაზეთის მეპატრონე გახდა. შემდეგ კითხულობდა ლექციებს ლიტერატურის ისტორიის საკითხებზე და თავადაც წერდა რომანებს, ესეებს, ნოველებს, ავტობიოგრაფიულ წიგნებს.

1921 წელს პირველ მსოფლიო ომში მიღებული ჭრილობებიდან გამოჯანმრთელებული ერნესტ ჰემინგუეი, რომელიც ოცდასამი წლით უმცროსი იყო შერვუდ ანდერსონზე, ოუკ-პარკიდან ჩიკაგოში ჩავიდა და ჟურნალის რედაქციაში დაიწყო სამუშაოდ. იქ გაიცნო შერვუდ ანდერსონი. ანდერსონმა შეამჩნია ჰემინგუეის დიდი ტალანტი და ყოველნაირად ეხმარებოდა. ახალგაზრდა კოლეგა, ცოლთან ერთად, უფროსი მწერლის რჩევით, ევროპაში, პარიზში გაემგზავრა. შერვუდ ანდერსონმა წინასწარ გააგზავნა  სარეკომენდაციო წერილები გერტრუდა სტაინთან და ლუის გალანტიესთან, ხელოვნების დიდად მოყვარულ ადამიანთან და სთხოვა მათ დახმარებოდნენ ახალგაზრდა ჰემინგუეის. შემდგომში ჰემინგუეი დიდად აფასებდა ანდერსონს.

1925 წელს უილიამ ფოლკნერს, რომელიც მასზე ოცდაერთი წლით იყო უმცროსი, შერვუდ ანდერსონმა ურჩია, პოეზიის ნაცვლად მეტი ყურადღება პროზისთვის დაეთმო. ურჩია, ეწერა ამერიკულ სამხრეთზე, რომელსაც კარგად იცნობდა. შერვუდ ანდერსონი მართალი გამოდგა. შემდეგში ფოლკნერმა თქვა: „შერვუდ ანდერსონი იყო მამა ჩემი თაობის ამერიკელი მწერლებისა და ამერიკული მწერლობის ტრადიციისა, რომელსაც ჩვენი შთამომავლობა გააგრძელებს. შერვუდი ჯეროვნად არასოდეს დაუფასებიათ. დრაიზერი გახლდათ მისი უფროსი ძმა და მარკ ტვენი-მამა ორივესი“.

1926 წელს შერვუდ ანდრესენმა იყიდა ფერმა ვირჯინიის შტატში, მერიონთან ახლოს, სადაც ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე.

შერვუდ ანდერსონისადმი ხშირად ჰქონდათ პრეტენზიები კრიტიკოსთა ნაწილს. 1929 წელს მწერალი  წერდა: „საკმაოდ დიდხანს, ჩემი მწერლობის დაწყებიდან, მე მკიცხავდნენ. ახლა კი სულ დამივიწყეს. ჩემს ,,უაინსბურგ, ოჰაიოს“ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს უწოდებდნენ. რა უცნაურად აღიქმება ახლა ასეთი განმარტება.“

1930 წლების დასაწყისიდან, ეკონომიკური კრიზისის გამწვავების პერიოდში აქტიურად მოღვაწეობდა უბრალო მშრომელების ინტერესების დასაცავად. მონაწილეობდა ომის საწინაარმდეგო კონგრესზე ამსტერდამში. დრაიზერთან და სხვა მწერლებთან ერთად ჩავიდა აჯანყებულ ჰარლენში და მათთან ერთად დაწერა მამხილებელი პუბლიცისტური წიგნი „ლაპარაკობენ ჰარლენის მაღაროელები“.

1941 წელს, ცოლთან ერთად გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში სამოგზაუროდ, მაგრამ გზაში დაავადდა და პერიტონიტით გარდაიცვალა პანამაში, 8 მარტს. დაკრძალულია მერიონის სასაფლაოზე.

მისმა ნოველებმა დიდი გავლენა იქონია ამერიკული ლიტერატურის განვითარებაზე. ის ითვლება ამერიკული ფსოქოლოგიური ნოველის დიდოსტატად.

0

ავტორი: