17:18:27     12-09-2012
ესტონეთის პირველი დიპლომატის განცხადებას, ქართველი პოლიტოლოგებიც ეთანხმებიან

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას პაეტის განცხადებას ქართველი პოლიტოლოგები ეთანხმებიან. დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ პაეტმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ნება.
„ყველა პოლიტიკურ კანდიდატს და ძალას აქვს საშუალება, მიიღოს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა. ასევე, ყველა მოქალაქემ 1-ელ ოქტომბერს უნდა მიიღოს მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. შესაბამისად, ეს არჩევანი უნდა გაკეთდეს იქიდან გამომდინარე, რა არის კარგი საქართველოსა და საქართველოს მომავლისთვის“ -აღნიშნა ესტონეთის პირველმა დიპლომატმა.
ურმას პაეტის განცხადებას ეთანხმებიან ქართველი პოლიტოლოგებიც. გეოპოლიტიკური კვლევები ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყნის ნორმალური განვითარების მაჩვენებლია ის კულტურა, როცა გამარჯვებული და დამარცხებული ხვდება ამ ფაქტს იმ პასუხისმგებლობით, რა პასუხისმგებლობითაც ხვდებიან დასავლურ ქვეყნებში.
„მე ნამდვილად მხარს ვუჭერს იმას, რომ პოლიტიკური პარტიები მივიდნენ იმ წესებამდე, როდესაც ისინი აღიარებენ შედეგებს, გამარჯვებული იძახის, რომ გამარჯვებულია და დამარცხებულს ყოფნის ვაჟკაცობა, აღიაროს წაგება“ - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ფხალაძემ.
პოლიტოლოგი მიხეილ თავხელიძე კი, ყველა კანდიდატს მოუწოდებს აღიარონ შედეგები, იმ შემთხვევაშიც თუკი ისინი წააგებენ, მოიგებენ ან რაღაცა შუა ადგილს მიიღებენ.
„საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილემ ალბათ უნდა აღიაროს, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს როგორც საჭიროა ისე. და თუ ვიღაცა წააგებს, მოიგებს ან შუა ადგილს მოიპოვებს, იმის ბრალი იქნება, რომ ასეთი საარჩევნო პროგრამა ჰქონდათ. თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სცნეს არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად, ბიძინა იქნება, მიშა თავხელიძე თუ სხვა ვინმე, არ უნდა თქვას მე არ მომწონს და არ ვაღიარებო. ეს არაფერს ნიშნავს. ვისაც მოგვწონს გაგვატარეთ და დაგვანებეთ თავი,“ - აცხადებს თავხელიძე.
რამაზ საყვარელიძე კი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას სტანდარტულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კანდიდატების მხრიდან წაგების ან მოგების აღიარება სტანდარტია ყველა ევროპულ და დემოკრატიულ ქვეყანაში.
„ეს არის სტანდარტი, ყველა ევროპულ და დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ აღიაროს შედეგები, მოსწონს თუ არა ეს. გავიხსენოთ სარკოზის ბრწყინვალე სიტყვა, რომელიც დამარცხების შემდეგ წარმოსთქვა საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა.
საქართველოში დამარცხება გამარჯვების აღიარებაზე საუბარი არ არის. აქ ყოველთვის მიდის ხოლმე საუბარი, წარიმართა თუ არა საარჩევნო პროცესი პატიოსნად.
საქართველოს მოსახლეობის პროტესტმა იმაზე, რომ დაირღვა არჩევნების მსვლელობა, ქვეყანა წასწია ძალიან წინ დემოკრატიის გზაზე. ეს იყო „ვარდების რევოლუცია,“- ამბობს პოლიტოლოგი.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ ურმას პაეტის განცხადება პრევენციისთვის იყო გაკეთებული.
მისი თქმით, ესტონეთი არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ყოველთვის უჭერს მხარს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, ესტონეთიც დაინტერესებულია, თუ როგორ წარიმართება საქართველოში არჩევნები და როგორი იქნება არჩევნების შემდგომი ვითარება.
„ეს მოწოდება, რომ აღიარონ შედეგები, დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს უნდა შეფასდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ და არა პოლიტიკური პარტიების მიერ. ესტონეთი დაინტერესებულია, რომ არ მოხდეს ქუჩაში ხალხის გამოსვლა არჩევნების გაყალბების საბაბით და საქართველოში სტაბილურობა და მშვიდობა იყოს. შემთხვევითი არ არის, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება, თავდაცვის მინისტრის განცხადების პარალელურად გაკეთდა. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოში დეტსაბილიზაციას ბიძინა ივანიშვილის საშუალებით. ამიტომ პრევენციული ზომების მისაღებად ურმას პაეტმა გააკეთა ეს განცხადება“- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.
0