15:22:17     12-09-2012
ლიბიაში, თავდამსხმელებმა აშშ-ის ელჩი მოკლეს (ფოტოები)

ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე წუხელ განხორციელებული თავდასხმის შედეგად აშშ-ის ელჩია მოკლული. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ სამი ამერიკელი დიპლომატი. თავდაპირველად ინფორმაცია ერთი მოკლულის შესახებ ვრცელდებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ დადასტურდა 4 მოკლულის თაობაზე, რომელთაგან ერთი, ლიბიაში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კრისტოფერ სტივენსია.
სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა უმკაცრესი შეფასება მისცა მომხდარს და განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია დაჩქარებულ რეჟიმში აწარმოებს მოლაპარაკებებს ლიბიის უსაფრთხოების სპეცსამსახურებთან, რათა დაცული იყოს საკონსულოში მომუშავე ადამიანთა უსაფრთხოება.
თავდასხმის გამო საელჩოდან სასწრაფოდ თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა. ცარიელ შენობაში, როგორც უცხოური მედია იუწყება, წუხელ მხოლოდ მარადიორები იყვნენ დარჩენილნი. შეიარაღებულმა პირებმა შენობას ჯერ ნაღმმტყორცნები ესროლეს, სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ძლიერი ხანძარიც. შენობას თვითნაკეთი ბომბებიც ესროლეს, ცეცხლი გაუხსნეს მისიის დაცვასაც.
არაბული ტელეარხების ცნობით, თავდასხმაში ყოფილ მეამბოხეთა ბრიგადები მონაწილეობდნენ - „შარიათის მიმდევრები“ და „17 თებერვლის ბრიგადა“. აგრესია 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ში საჩვენებლად დაანონსებულ სატელევიზიო ფილმს მოყვა, რომელიც ისლამისტთა აზრით წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფს.
ფილმმა არა მარტო ლიბიელები განარისხა. ხალხმრავალი დემონსტრაცია მოეწყო კაიროშიც, - ასევე აშშ-ის საელჩოსთან, სადაც აგრესიულად განწყობილ ადამიანთა ჯგუფები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
მათ დაწვეს ამერიკის დროშა და აღმართეს შავი დროშა მუჰამედის მადიდებელი წარწერებით, კედლებზე კი უცენზურო ჩანაწერები დატოვეს. ქაიროში აშშ-ის შენობა წუხელ დემონსტრანტებისა და პოლიციის ალყაში იყო. ბოლო ინფორმაციით ეგვიპტის პოლიციამ მოახერხა დაეკავებინა აგრესიული პირები, რომლებიც საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ფილმი „მუჰამედი - მუსულმანთა წინასწარმეტყველი“ 52 წლის ამერიკელმა ბიზნესმენმა სემ ბეისილმა გადაიღო, რომელიც წარმოშობით ისრაელიდანაა. ამასთან, როგორც ამერიკული ჟურნალი The Atlantic წერს, ფილმის შექმნასთან კავშირში არის სკანდალურად ცნობილი ფლორიდელი პასტორი ტერი ჯონსიც, რომელმაც ადრე საჯაროდ დაწვა ყურანის რამდენიმე ეგზემპლარი და წინასწარმეტყველ მუჰამედის ფოტოები. 0