12:05:19     12-09-2012
სკანდალური ინტერვიუ: ტიმოშენკო საკანში ზღვის პროდუქტებს მიირთმევდა, მე მისი მოსამსახურე ვიყავი

უკრაინაში სკანდალი გორდება იულია ტიოშენკოსთან ერთად საკანში მყოფი კიდევ ერთი პატიმრის ინტერვიუს შემდეგ, რომელიც იულია აბაპლოვამ ერთ-ერთ უკრაინულ სააგენტოს მისცა.
როგორ ახერხებს პატიმრობაში მყოფი მაინცდამაინც ეს ქალბატონი ან რატომ აძლევენ უფლებას ინტერვიუები აძლიოს პრესას, ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ აბაპლოვა, ტიმოშენკოს მაკომპრომეტირებელ ინტერვიუს პირველად არ იძლევა. თუმცაღა, ზოგიერთი რამ, მისი ნაამბობიდან, შესაძლოა, სიმართლეც იყოს.
ტიმოშენკოს მხარდამჭერებმა უკვე განაცხადეს, რომ ინტერვიუ აბაპლოვას ძალით მიაცემინეს, თუმცა პენიტენციური სისტემის წარომადგენლები აცხადებენ, რომ არანაირი ძალდატანება არ ყოფილა.
აბაპლოვა ამტკიცებს, რომ ექს-პრემიერი მხოლოდ თავს აჩვენებს ავადმყოფად, თავის კომფორტულ კამერაში კი ისეთი პირობები და კვება ჰქონდა, რომ ბევრი უკრაინელი ვერც კი იოცნებებს.
თავისი ინტერვიუ ტიმოშენკოსთან თანაცხოვრების პერიოდთან დაკავშირებით მან კომფორტული საკნის აღწერით დაიწყო: „ჰქონდა აბაზანა და სამზარეულო. კვებაზე, ცოდვაა, რომ წუწუნი დაიწყოს. გაუთავებელი „პერედაჩები“, არარეალური რაოდენობის ზღვის პროდუქტები და ექსკლუზიური ბოსტნეული და ხილი“ - განაცხადა მან. ამბობს, რომ საკანში ერთად ყოფნის პერიოდში, ის, პრაქტიკულად, ტიმოშენკოს მოსამსახურე იყო - ალაგებდა, საჭმელს ამზადებდა და აბაზანას უმზადებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი დაასკვნა, რომ ტიმოშენკოს ჩივილი ჯანმრთელობაზე - ფარსია.
მაგალითად, ის არ მალავდა, რომ ფიზიკური ვარჯიში შეეძლო, თანაც აბაზანაში. აბაპლოვას სთხოვდა მისთვის ბოთლები წყლით აევსო, რომელსაც ვარჯიშისას იყენებდა. კოლონიის თანამშრომლებს კი ეუბნებოდა, რომ ჯდომაც კი არ შეეძლო.
„დაახლოებით სამ-ოთხჯერ კვირაში სხვადასხვა დელეგაციები მოდიოდნენ. გასაგებია, რომ მათი ვიზიტის წინ, ისე, როგორც ნებისმიერ ქალს, თავი წესრიგში მოჰყავდა, იპრანჭებოდა, ქუსლიანებს იცვამდა, მედიკოსებთან კი ზურგში ტკივილებზე ჩიოდა, რის გამოც, ამბობდა, რომ სიარული არ შეეძლო“ - განაცხადა აბაპლოვამ.
ზოგჯერ კი საერთოდაც ავიწყდებოდა, რომ თამაშობდა და კოლონიის თანამშრომელთა თვალწინ სიარულსაც იწყებდა. „ეს ყველაფერი გამოიყურებოდა, როგორც თამაში - მიექცია საზოგადოების ყურადღება, ჩაეტარებინა სათავისო პიარ-კამპანია“...
აბაპლოვას ტიმოშენკოსთან არა, მაგრამ მის ადვოკატებთან აქვს პრეტენზიები, რომლებისგანაც მისი თქმით, ზეწოლას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ადვოკატებს, თითქოსდა, მასთან საჩუქრები მიჰქონდათ, რომ მას „საჭირო აღიარებები“ გაეკეთებინა მედიის წინაშე. აბაპლოვა იმასაც ამბობს, რომ ტიმოშნკოს იურისტები ამ მიზნის მისაღწევად სახლში მამამისსაც კი ეწვივნენ და მასზე ზემოქმედებას მამის საშუალებით შეეცადნენ.
ექს-პრემიერის საკნიდან სხვა საკანში გადაყვანა აბაპლოვამ სიხარულით მიიღო, რადგან ამბობს, რომ მშვიდად სურს დრო გაიყვანოს. ტიმოშენკოს მხარდამჭერებმა ეს სკანდალური ინტერვიუ მაშინვე შეკვეთად მონათლეს და განაცხადეს, რომ აბაპლოვას 5 თვის განმავლობაში ტანჯავდნენ და აწამებდნენ ციხეში, რომ ეს ყველაფერი ეთქვა. ბატკივშინელკები საზოგადოებას ამ ზეწოლის დამადასტურებელი ფაქტების წარმოდგენასაც ჰპირდებიან. ჯერჯერობით კი აბაპლოვას ინტერვიუმ უკრაინაში დიდი სკანდალი გამოიწვია. 0