16:19:16     26-07-2010
ავღანეთის ომის ამერიკულმა საიდუმლომ მედიაში გაჟონა
[ნინო ჯაფარიძე]
ავღანეთის ომის შესახებ 90,000-ზე მეტი ოფიციალური დოკუმენტი პრესაში მოხვდა. რამდენიმე პოპულარულმა გამოცემამ ისინი ვებგვერდ WikiLeaks.org -ზე დაყრდნობით დაბეჭდა.
სამხედრო და დიპლომატიური ანგარიშები 2004 წლიდან წლევანდელ იანვრამდე, ავღანეთში ომის მიმდინარეობას ასახავს. დოკუმენტებში საუბარია, რომ ქვეყანაში თალიბების წინააღმდეგობა იზრდება, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი დიდია.
ანგარიშებში მოცემულია ინფორმაცია სამხედროებისა და მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ, ასევე სხვა სენსაციური მასალები.
ვებგვერდ WikiLeaks.org -ის დამაარსებელმა, ჯულიან ასანჯემ სი-ენ-ენთან საუბარში არ დააკონკრეტა, თუ სად მოიპოვა აღნიშნული მასალები.
„ეს ავღანეთის ომის მთელი ისტორიაა 2004 წლიდან 2010-მდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი გამონაკლისით, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების ძალების, ცენტრალური საგამოძიებო სააგნეტოს, უფრო მეტად კი ამერიკული არასამთავრობო ჯგუფების აქტივობის შესახებ“,-ამბობს ასანჯე.
სი-ენ-ენი აღნიშნავს, რომ დოკუმენტების ავთენტურობის გადამოწმების საშუალება არ ჰქონია. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებას კი, ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. უფლებამოსილმა პირმა ტელეკომპანიას განუცხადა, რომ ვიდრე დოკუმენტებს არ გაეცნობიან, პენტაგონი კომენტარს ვერ გააკეთებს.
დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, კვირას სპეციალური განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებულ შტატებში პაკისტანის ელჩმა. ჰუსაინ ჰაფანიმ აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული მასალები „მიმდინარე მოვლენების შესახებ რეალობას არ ასახავს.“
„ეს ანგარიშები სხვა არაფერია, თუ არა ერთი წყარო კომენტარები და ჭორები, იმის შესახებ რაც პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე ხდება და გადამოწმების შემდეგ ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ის არასწორია...
პაკისტანის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ტერორიზმის მარგინალიზაციის მკვეთრ პოლიტიკას ახორციელებს და სადაზვერვო სამსახურიც და პოლიციაც ამ მიმართულებით ეფექტიანად მუშაობს.
კვირასვე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ კერიმ, სენატრომა მასაჩუსეტსიდან განაცხადა, რომ იმის მუხედავად, როგორ მოხვდა დოკუმენტები დღის სინათლეზე, ისინი პაკისტანსა და ავღანეთში ამერიკის პოლიტიკის მიმართ სერიოზულ კითხვებს ბადებს“.
„ანგარიშები სხვადასხვა ტიპისაა. ბევრი მათგანი მსგავს ინციდენტებს აღწერს. ისინი სამხედრო აღწერილობას წარმოადგენს იმისა, რა მოხდა ადგილზე“, - ამბობს „ნიუ იორკ თაიმსის“ რეპორტიორი ქრის ჩივერსი.
გამოცემა კვირას წერდა, რომ, სამხედრო დოკუმენტები ქმნის სურათს, თითქოს ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკა „ორმაგ თამაშს“ თამაშობს. რადგან მისი სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები საიდუმლოდ, პირისპირ ხვდებიან თალიბებს, მონაწილეობენ სხდომებში, სადაც შეიარაღებული ჯგუფების მიერ ამერიკული ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია საიდუმლოდ იგეგმება.
„გამჟღავნებული მასალების გამო ავღანეთი შოკშია“, - განაცხადა ავღანეთის მთავრობის პრესსპიკერმა. სიამაკ ჰარავიმ პრესაში ავღანეთის ომის შესახებ გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ავღანეთის მთავრობა შოკში ჩავარდა იმ გამჟღავნებული დოკუმენტების გამო, რომლებმაც ავღანეთის ომის სინამდვილე დაგვანახა“.
მომხდარზე კომენტარი მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გენერალმა ჯეიმს ჯონსმაც გააკეთა და დოკუმენტების გამოქვეყნებას „უპასუხისმგებლობა“ უწოდა.
„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს კერძო პირების და ორგანიზაციების მიერ იმ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელმაც ამერიკელების ცხოვრება და ჩვენი პარტნიორები შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს, ხოლო ჩვენს ნაციონალურ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვებგვერდი WikiLeaks.org 2007 წლიდან მოქმედებს. პირველი მასალა მან 2007 წლის აპრილში გამოაქვეყნა. მასზე ამერიკული ვერტმფრენიდან სამოქალაქო პირების, მათ შორის „როიტერის“ ორი, უიარაღო ჟურნალისტის მკვლელობა იყო ასახული.
0