კუკავამ, შესაძლოა, დევდარიანი ბაღათურიას „შესწიროს“. . . კუკავამ, შესაძლოა, დევდარიანი ბაღათურიას „შესწიროს“. . . />


  17:27:03     11-09-2012

კუკავამ, შესაძლოა, დევდარიანი ბაღათურიას „შესწიროს“. . .

a21396.jpg

“ოცნებისგან“ გულგატეხილი ჯონდი ბაღათურია საბურთალოს რაიონში გამარჯვების მიზნით, აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მას საპარლამენტო არჩევნებზე კონკურენციას როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია უწევს, „ქართული დასის“ ლიდერს არჩევნების მოგება ძალიან გაუჭირდება. ბაღათურიას დახმარებას კი, კახა კუკავას პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ აპირებს. კერძოდ, “პრესა.ჯი–ს” ინფორმაციით, ალექსანდრე ებრალიძის ქართველი მოკავშირეები გეგმავენ, რომ მინდია გულუას პარტნიორ ბაღათურიას სასარგებლოდ, საბურთალოს რაიონში ნანა დევდარიანის კანდიდატურა მოხსნან.

წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „თავისუფალი საქართველო“ საბურთალოზე დევდარიანის კანდიდატურის დაყენებას აპირებდა, ბაღათურია კუკავას პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა, რომელსაც ნახევარი საათის განმავლობაში იმას უხსნიდა, რომ დევდარიანი კონკურენციას ისევ ოპოზიციას გაუწევდა. კერძოდ, მას და არა „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს, ანდრია ურუშაძეს. ამ ეტაპზე, გაურკვეველია კახა კუკავა და მისი მოკავშირეები დევდარიანს ბაღათურიას სასარგებლოდ გაწირავენ და მის კანდიდატურას მოხსნიან თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, „თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციის სასარგებლოდ კანდიდატურებს ხსნის. ამის ნათელი მაგალითია ტყიბული, სადაც ელისო ჩაფიძის სასარგებლოდ მერაბ ბაბუხადიას კანდიდატურას კახა კუკავას გუნდი უახლოეს დღეებში მოხსნის.

რაც შეეხება  ბაღათურიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობას, დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის გულის მოგების მიზნით, პარლამენტში ხელისუფლებას განსაკუთრებით გამორჩეულად აკრიტიკებდა, მაგრამ როგორც ჩანს, კოალიციამ ბაღათურიას „ღვაწლი“ არ დაუფასა, რადგან მათ შორის წარმოებული მოლაპარაკებები კრახით დასრულდა და „ქართული დასის“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის ნაცვლად მინდია გულუას დაუახლოვდა. პოლიტიკურ ძალებს შორის ჩაშლილი მოლაპარაკებები კი, ბაღათურიამ მოგვიანებით თავისებურად ახსნა და განაცხადა, რომ კონსულტაციების ჩაშლის მიზეზი „შავი კატა“ იყო, რომლის შესახებ ინფორმაციას თავად ბიძინა ივანიშვილის ფლობდა.

„ჩემსა და ივანიშვილს შორის მოლაპარაკებების ჩაშლას შავი კატა ცდილობს. ეს „შავი კატა“ ვინც არის, მეც და ბიძინამაც ვიცით. ამის შესახებ კი, მან თავად მითხრა. ჩვენ სამჯერ გვქონდა საშუალება, რომ საქმეზე გვესაუბრა, თუმცა მე უკვე მეორედ შევამჩნიე, რომ შუამავლები, რომლებსაც ჩვენს შორის ინფორმაცია მოაქვთ, სწორად არ აღწევდნენ ადრესატებამდე“, – აცხადებდა ბაღათურია. მართალია, მილიარდერთან ვერშემდგარი მოლაპარაკებების გამო, ბაღათურია გულდაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ დეპუტატი გულუას დაუკავშირდა და მისთვის ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო.

მართალია, დევდარიანის კანდიდატურის მოხსნით, ბაღათურია „ოქროს სარაიას“ ვერ აიშენებს, მაგრამ ალბათ, ამ ნაბიჯს კუკავას დაუფასებს, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელმაც პარტნიორობის ნაცვლად, საბურთალოს რაიონში ბაღათურიასა და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ დავით უსუფაშვილის კანდიდატურა დააყენა.

0

ავტორი: