15:58:39     11-09-2012
„ქუჩის აქციების თემაზე, ივანიშვილი და რუსეთის პოლიტელიტა ერთ ნოტაზე მღერიან“...

„შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის განცხადება 1-ელ ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით, ზღუდავს მოქალაქეთა რეაქციას დემოკრატიის ნორმების დარღვევაზე, - თუკი ასეთს ექნება ადგილი. ეს განცხადება, ასევე, უჩვეულოდ ჟღერს იმ მინისტრის მხრიდან, რომელიც ცნობილია, როგორც მხარდამჭერი „არაბული რევოლუციებისა“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა, ბილდტის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოში გაკეთებულ განცხადებაზე პასუხის გაცემა რუსეთში ვიზიტისას მოუწევს.
საქმე ეხება ბილდტის საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ქუჩის დემონსტრაციები კონტრპროდუქტიული იქნება. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოპოზიციის ერთი ნაწილის განწყობას, არჩევნებთან დაკავშირებით, უცნაურს უწოდებს.
დღეს რუსეთის სკანდალური განცხადება თბილისშიც შეაფასეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა.
“არ მგონია, რომ მათ რამე განსხვავებული მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდათ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ მიერ გაკეთებული კრიტიკული გამონათქვამები, არის უდაოდ მცდელობა იმისა, რომ კვლავ ხელი აფათურონ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, იყვნენ მონაწილები და იღებდნენ მონაწილობას ჩვენი ბედის წარმართვაში”,- განაცხადა კალანდაძემ.
რაც შეეხებათ ქართველ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს, ისინი რუსეთის დუმისა და ივანიშვილის ქუჩის აქციებში საეჭვო დამთხვევაზე ალაპარაკდნენ. როგორც კოალიცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძვნებელი ლევან ჩოლოყაშვილი ამბობს, ივანიშვილი და რუსეთის პოლიტელიტა ერთ ნოტაზე მღერიან.
„რომელი რომელს ასწრებს მსგავსი განცხადების გასაკეთებლად, ამისთვის თვალის მიდევნება საკმაოდ ძნელია. ივანიშვილსა და რუსეთის დუმას საქართველოში პოლიტიკური დუღილის აწევის მცდელობა სინქრონში აქვთ. იტყვის ერთი, იმეორებს მეორე“,- განაცხადა ჩოლოყაშვილმა.
ნიკა ჩიტაძის შეფასებით კი, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის მოწყობითაა დაინტერესებული. „რუსეთი დაინტერესებულია, რომ არჩევნების გაყალბების საბაბით კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ. ბუნებრივია ამ ფაქტს მოყვება სახელმწიფოს დასუსტება“,- აცხადებს პოლიტოლოგი „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას.
თორნიკე შარაშენიძის განცხადებით კი, რუსეთი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხსნის კარტებს.
„აშკარა ხდება, რომ მას უნდა კონფრონტაცია და არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე. დღეს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს გაუბრაზდნენ, ხვალ კი გაუბრაზდებიან მთელ მსოფლიოს და ეტყვიან, რომ საქართველოში ქუჩის აქციების გამართვა უნდათ“,- განაცხადა შარაშენიძემ.
მისი თქმით, რუსეთის პოზიცია „ქართული ოცნების“ ქუჩის აქციების დაანონსებასთან საეჭვოდ ემთხვევა. „ქართული ოცნება არც მალავს, რომ ქუჩის აქციებისთვის ემატება, თუ ამ რიტორიკას საქმეც დაემატება მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება“,- დასძინა ექსპერტმა.
0