რუსული ბაზების რეალური ზამთარ-ზაფხული აფხაზეთში  ანუ მობილურით გადაღებული რუსული სინამდვილე რუსული ბაზების რეალური ზამთარ-ზაფხული აფხაზეთში ანუ მობილურით გადაღებული რუსული სინამდვილე />


  12:36:58     21-12-2010

რუსული ბაზების რეალური ზამთარ-ზაფხული აფხაზეთში ანუ მობილურით გადაღებული რუსული სინამდვილე

a2793.jpg

რუსეთის სამხედრო პროპაგანდისტული მანქანის მიერ შექმნილ მითებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების ნეტარი ყოფის შესახებ თვითონ რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები ანგრევენ. რა თქმა უნდა, უმრავლეს შემთხვევაში ეს არა წინასწარგამიზნულად, არამედ მათდაუნებურად ხდება. ინტერნეტ-ქსელების გამოყენების შესაძლებლობების გამარტივებამ რუს სამხედრო ჩინოვნიკებს ნამდვილი თავსატეხი გაუჩინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა მობილური ინტერნეტის დეტალებიც მშვენივრად აითვისეს და სხვადასხვა ქსელზე ზოგჯერ ისეთ ბლოგს, ვიდეომასალას ან ფოტოს წააწყდები, შესაძლოა გაოცებისგან თმები ყალყზეც დაგიდგეს.

ინტენეტ-სივრცეში ეს მასალები რუსი ჯარისკაცების მიერ თავიანთ სამხედრო ხელმძღვანელობაზე განაწყენების შემდეგ, ან იმ მიზნით ჩნდება, რომ დიდი რუსეთის შორეულ წერტილებში მყოფ ნათესავებს და ოჯახის წევრებს შეატყობინონ, როგორ ცხოვრობენ, რა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ და როგორ გმირულად უძლებენ ჯარისკაცის მძიმე ხვედრს.

მძიმე ჯარისკაცული ხვედრის გარდა ატვირთული ფოტოებისა და ვიდეოების მიხედვით ბევრი სხვა რამის დანახვაც შეიძლება, რასაც რუსულ სახელმწიფო ტელეარხებს მიჩერებული რიგითი რუსი ობივატელი ვერასოდეს გაიგებს: ანტისანიტარია, სიბინძურე, უხარისხო, მდარე საკვები და კარვებში შეყუჟული, სიცივისგან აკანკალებული, „ბურჟუიკაზე“ მეოცნებე ჯარისკაცები, მოკლედ, მათივე თვალით დანახული რეალობა და ამ რეალობიდან გაქცევის „რუსული“ გამოსავალი - რჯულზე გამოთრობა ან, როგორც ერთი ბლოგერი-ჯარისკაცი წერს, „მადლიანი აფხაზური „დურმანის“ (რუსული ჟარგონების ცუდად მცოდნეთ შევახსენებთ, რომ ასე ისინი ანაშას მოიხსენიებენ) გაბოლებით ნეტარების მიღება“.


 ანაშა ერთადერთია რუსი ჯარისკაცების მიერ „ნეტარებად“ მიჩნეულთა ჩამონათვალში, რომლის არათუ შეძენა, მოყვანაც კი შეუძლიათ სადმე ვერტოდრომზე - უფროსების თვალისთვის შეუმჩნეველ ადგილას. შესაძლოა, ცალ-ცალკე ეს რამდენიმეწუთიანი ვიდეოები და ფოტოები იმდენს არაფერს ამბობდნენ, მაგრამ მათი ერთად შეკრება აფხაზეთში რუსული ბაზების რეალური ზამთარ-ზაფხულის შესახებ სრულ სურათს ნამდვილად იძლევა.

აფხაზეთში, კერძოდ კი გუდაუთაში განთავსებული მე-2 სამხედრო ბაზის ჯარისკაცებმა ამ ბაზის მშენებლობა 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყეს. ჯარისკაცები ტყუილად არ გვიხსენებია: შავ სამუშაოებს ჯარისკაცები ასრულებენ და მთელი ფიზიკური დატვირთვა სწორედ მათზე მოდის. მე-2 რუსული ბაზა ბომბორას ცნობილ ბაზაში არ უნდა აგვერიოს: ბომბორას ბაზას დამატებითი მშენებლობა არაფერში სჭირდება - ჯერ კიდევ კომუნისტების დროს საკმაოდ კარგად აშენებულ-სრულყოფილი და გასაიდუმლოებულია. საუბარია 2008 წელს, საქართველო–რუსეთის ომის შემდეგ შექმნილ ახალ ბაზაზე, რომელიც ზღვის სანაპიროზე, რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მდებარეობს.

განრიგის მიხედვით, ბაზის მშენებლობა 2009 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, ხოლო 2008 წლის ზაფხულს ჯარისკაცები და ოფიცრები ახალ საცხოვრებელ ყაზარმებში უნდა შეხვედროდნენ. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასეც მოხდა, მაგრამ რუსული ბაზის ჯარისკაცების რეალური ზამთარი 2008 და 2009 წელს ბევრად უფრო მძიმე იყო, ვიდრე ეს ბაღაფშის საიტზე განთავსებულ ფოტოებზე და იმ სიუჟეტებში ჩანს, რომელიც გუდაუთის მე-2 სამხედრო ბაზის შესახებ „ვესტიმ“ მოამზადა. ამ ბაზის ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც მოცალეობის ჟამს წარმატებით ბლოგერობს(წწწ.ტწოწერ.ლივეჯოურნალ.ცომ), აშკარად დასცინის ბაღაფშის საიტს, ასევე რუს ჟურნალისტებს და მათ მიერ ნაჩვენებ იდეალურ სურათს. თავის ერთ-ერთ პოსტში კი არ იზარებს და ბაზაზე ახალი, 2009 წლის დადგომას დაწვრილებით აღწერს:

„ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე ყველას ხაზზე მოწყობა გვიბრძანეს, იმ სიცივეში კარვებიდან (და არა ყაზარმებიდან, როგორც ეს „ვესტიმ“ გვიჩვენა) გამოგვყარეს და თვითონ ხელმძღვანელობამ ინება ჩვენთან გამოსვლა. მორიგე ფრაზა „ს ნოვიმ გოდომ, ტავარიშჩი!“ გვტყორცნეს და სულ ეს იყო: ერთი გაქუცული მანდარინი ან კანფეტი მაინც მოეცათ სიმბოლურად...“

ამის შემდეგ ჯარისკაცები ისევ თავიანთ უბადრუკ კარვებში შეაბრუნეს, სადაც სიცივე, უწესრიგობა და „ჭერიდან“ ჩამოსული წვიმის წყალი აწუხებთ:

„კარავში ოთხი სამხედრო მოსამსახურე ვართ, ამ ოთხზე კი მხოლოდ ორი „ბურჟუიკა“ მოდის. ყველაფერთან ერთად თბილი პლედების დეფიციტიცაა. იძულებული ვართ მორიგეობით დავიძინოთ, როგორც ამას ღია ცის ქვეშ, პოსტზე დგომის დროს ვაკეთებთ ხოლმე. რიგითები და „პრიზივნიკები“ კიდევ უფრო უარეს დღეში არიან. ჩვენს უჟმურ ხელმძღვანელობას აზრადაც არ მოსდით, რომ პლედები შეუკვეთოს, არადა, ეს ხომ ძალიან ადვილია“, - წუწუნებს ოფიცერი.

ანალოგიური სიტუაციაა სხვა ბაზებზეც, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთშია განთავსებული. ასე მაგალითად, ნაგვალოუს ბაზაზე, რომლითაც რუსებს გალი-ოჩამჩირის მიმართულების გაკონტროლება აქვთ განზრახული, დაახლოებით ერთი კვირის წინ, გადაუღებელი წვიმების დროს კარვები და იარაღის საწყობი წყალმა დატბორა. წყლის დონემ ღამით აიწია და ატვირთულ ფოტოებზე კარგად ჩანს, ნიფხვისამარა რუსი ჯარისკაცები როგორ ცდილობენ დასველებული იარაღისა და საბრძოლო მასალების გადარჩენას უეცრად მოვარდნილი ნიაღვრისგან. როგორც ჩანს, თხემიდან ტერფამდე დასველებულ რუს ოკუპანტებს ერთი ხელი ტანსაცმელიც კი არ დარჩათ გამოსაცვლელად და დედიშობილა შეუდგნენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საქმეს. 

„პრესა.ჯი-ს“ ინფორმაციით, რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა უკვე დაიწყეს სამხედრო ნაწილებში ინტერნეტით სარგებლობის შეზღუდვებზე ფიქრი. სამხედრო ნაწილებში ნამდვილი „ნადირობაა“ გამოცხადებული მაღალი ხარისხის მობილურ ტელეფონებზე, რომლებითაც ინტერნეტ-სივრცის სრულყოფილად ფლობაა შესაძლებელი, ამიტომ ჯარისკაცები ხშირად ასეთ მობილურებს მალავენ, უფროსების დასანახად კი შედარებით მდარე ხარისხის მოდელებს ატარებენ.


იმის გამო, რომ რუსი ბლოგერები, ძირითადად, ფსევდონიმს ამოფარებული ტვირთავენ პუტინის რუსეთისა და „უძლეველი არმიის“  იმიჯის შემლახავ კადრებს და ფოტოებს, მათ იდენტიფიცირებას ხშირად ვერ ახერხებენ, თუმცა, „იუთუბზე“ ატვირთული რამდენიმე ვიდეოს ავტორის გამოსავლენად მაღალი სამხედრო ჩინები ძალ-ღონეს არ იშურებენ. როგორც ერთ-ერთ რუსულ ბლოგზე ვკითხულობთ, სწორედ ამ სახის ვიდეოს ავტორების გამოვლენის მიზნით რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა არაოფიციალური ჯილდოც კი დააწესეს მათთვის, ვინც ინფორმაციას მიაწვდის. ჯილდოს მიღებასთან ერთად ამგვარი საქციელის მოტივაციად პატრიოტიზმიც იყო დასახელებული.

 

0

ავტორი: