სახიფათო ექსტრემი სვანეთში სახიფათო ექსტრემი სვანეთში />


  19:53:01     20-12-2010

სახიფათო ექსტრემი სვანეთში

a2792.jpg

 როგორც ჩანს, ზემო სვანეთში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას დადებითთან ერთად, „უარყოფითი“ მხარეც აქვს. საქმე ეხება ექსტრემის მოყვარულებს, რომელთათვისაც სვანეთი მით უფრო მიმზიდველი ხდება, რაც უფრო მშვენდება და ლამაზდება იქაურობა.

 ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულთათვის სვანეთი ალპინიზმის კუთხითაა საინტერესო. თეთნულდი, შხარა, შხელდა, უშბა და კიდევ რამდენიმე, ნაკლებად ცნობილი მწვერვალი ის ადგილებია, რომლებიც ბევრ პროფესიონალ თუ არაპროფესიონალ მთამსვლელს იზიდავს. ამაში ცუდი არაფერია, რომ არა ერთი გარემოება: ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი მწვერვალი, სხვა, ძნელად დასალაშქრ მწვერვალებან ერთად რამდენად მიმზიდველიცაა, იმდენადვე(თუ არა უფრო მეტად) სახიფათოა მათთვის, ვინც საკუთარ ძალებში იმაზე მეტადაა დარწმუნებული, ვიდრე რეალობა აძლევს საშუალებას.

ამ რამდენიმე დღის წინ თეთნულდის დასალაშქრად წასული ორი ახალგაზრდიდან ერთი, კარლო ხერგიანი 3.000 მეტრის სიმაღლეზე ზვავმა იმსხვერპლა. ზვავის ქვეშ მისი მეწყვილე, გიორგი ნავერიანიც მოჰყვა, მაგრამ მან სასწაულებრივად დაიხსნა თავი და სოფელ მულახამდე ჩააღწია, სადაც მომხდარის შესახებ ადგილობრივებს შეატყობინა. ზვავქვეშ მოყოლილი მთამსვლელის ძებნა ოთხი დღე–ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მართალია, წინასწარი ვერსიით, ზვავში მოყოლილი ხერგიანი მაშინვე დაიღუპა, თუმცა, სასიკვდილო დაზიანებები მაშინვე რომც არ მიეღო, არაორგანიზებული მარშრუტის გამო მისი გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იქნებოდა.

სწორედ ასეთ და სხვა სპონტანურ მარშრუტების მიზანშეუწონლობაზე საუბრობს გამოცდილი მთამსვლელი, გაგი მახარაძე:

„ალპინიზმი სერიოზული სპორტია და არა გატაცება, ამიტომაც ძალიან კარგად სჭირდება შესწავლა.  გამოცდილი და  კომპეტენტური მთამსვლელი ახალ თოვლზე მთის დასალაშქრად არ გავა, მით უფრო თეთნულდზე, თანაც სოფელ მულახის მხრიდან, მყინვარისკენ, საიდანაც ყველაზე წყლიანი მხარეა და თავზე კლდეები გადგას. შეცდომაა, ასეთი კლდეების ძირში გახვიდე და ზევით აჭრა ახალი თოვლი, რომელიც მოძრაობს. ამასთან, ალპინისტი უნდა იყოს ჩაბმული მეწყვილესთან. თუ ორივეს მოიყოლებს ზვავი და ერთი გამოვა, მეორესაც გამოათრევს.

როდესაც უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, პირველად ითქვა, რომ ეს ბიჭები მონადირეები იყვნენ, ამიტომაც ჩემთვის უფრო გასაგები იყო მომხდარი, მაგრამ მერე ითქვა, რომ ბიჭები მწვერვალის დასალაშქრად მიდიოდნენ.

გადარჩენილი გიორგი ნავერიანი ამბობდა, თოვლიანი ფერდის ქვეშ გავდიოდით და ზევით ვჭრიდით თოვლსო. ეს გაუმართლებელია, გინდა სანადიროდ იყო წასული და გინდა მწვერვალის დასალაშქრად. ადგილი, რომელიც  ტელევიზორის ეკრანზე ჩანდა, ძალიან სახიფათოა. დიდი ღარია კლდეში, საიდანაც საფრთხე მაშინაც კი მოსალოდნელია, საუკეთესო ამინდი რომ არის.  ამიტომაც ქვემოდან უნდა მოუარო, ახლოს არ უნდა მიხვიდე, ან დილაუთენია და საღამოს უნდა გაიარო, როცა ყველაფერი გაყინულია და ჩამოსასვლელი თოვლის მასა უკვე ჩამოცლილია.“

სვანეთში ჩასული ტურისტები, მათ შორის, უცხოელები, ხშირად თვითნებურად გეგმავენ მარშრუტებს, უარს ამბობენ რა შესაძლებლობაზე, თბილისშივე დაუკავშირდნენ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ალპინისტურ ორგანიზაციებს და მიიღონ მათგან პროფესიონალური რჩევები მოსალოდნელი ამინდის, დასალაშქრად შეგულებული მწვერვალების თუ მარშრუტების თავისებურებების, ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის და მათთან კონტაქტის დამყარების აუცილებლობის შესახებ. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ორიდან ერთია: ტურისტები ან არ აკმაყოფილებთ ამგვარი ქართული ორგანიზაციების პროფესიული დონე, ან კიდევ იმდენად პროფესიონალებად თვლიან თავიანთ პერსონას, რომ ზედმეტად მიაჩნიათ დამატებითი კონსულტაციის მიღება. შედეგად ვღებულობთ არასწორად დაგეგმილ მარშრუტებს, რაც ზრდის უბედური შემთხვევების რისკს და არცთუ იშვიათად ტრაგიკული შედეგით სრულდება.

„პრესა.ჯი–ს“ ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ზემო სვანეთში რამდენიმე უცხოელი ტურისტისგან შემდგარი ჯგუფია ასული, რომლებიც უახლოეს დღეებში რამდენიმე მწვერვალის დალაშქვრას გეგმავს. მარშრუტი წინასწარ არ არის შეთანხმებული არცერთ ქართულ ალპინისტურ ორგანიზაციასთან და ამ მარშრუტების შესახებ მხოლოდ იმ სოფლის მოსახლეობის ნაწილმა იცის, სადაც ტურისტებმა დაბანაკება გადაწყვიტეს და რომელი სოფლებიდანაც რამდენიმე ადგილობრივის აყვანას გეგმავენ თავიანთ ექსპედიციებში ჩაბმის მიზნით.

კარლო ხერგიანის ტრაგედიამ დროებით გადადო ამ მარშრუტების განხორციელება, მაგრამ ჯგუფები ისევ ზემო სვანეთში რჩებიან, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მარშრუტები მხოლოდ დროებით გადაიდო.

არადა, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მარშრუტების შედგენა და ექსპედიციის წევრთა შერჩევა ბევრ ისეთ დეტალს შეიცავს, რომლის დაცვა აუცილებელია.

მთაში წასვლის წინ ჯგუფმა ან პიროვნებამ სამაშველო სამსახურში უნდა გააკეთოს განაცხადი და დატოვოს მარშრუტის აღწერილობა, ასევე კოორდინატები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მუდმივი კავშირი მაშველებთან. მართალია, ამისთვის სოლიდური თანხის გადახდაა საჭირო, მაგრამ სიცოცხლე ბევრად მეტად ფასობს. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აუცილებელი იყო, მარშრუტზე გასვლისას მთის ძირას ერთი ჯგუფი მჯდარიყო. თუ ორი ჯგუფი მიდიოდა, ერთმანეთთან უნდა ჰქონოდათ კავშირი, რათა ერთის ხიფათში ჩავარდნის შემთხვევაში მაშველს დროულად მოეძებნა ისინი და მათი ადგილსამყოფელი სავარაუდო არ გამხდარიყო. ამას გარდა, მთამსვლელობის სეზონის დადგომა არამარტო იმ ქვეყანაში არსებულ, არამედ, გლობალურად, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე მეტეოროლოგიურ პროცესებზეა დამოკიდებული. ადრე ითვლებოდა, რომ კავკასიონის მწვერვალების დასალაშქრად საუკეთესო დრო ზაფხული იყო, თუმცა, გლობალური დათბობის პროცესმა ეს დრო სექტემბრის ბოლომდე გადასწია.

მსგავსი დეტალების გაუთვალისწინებლობამ 2005 წელს უკვე დაატრიალა ტრაგედია შხელდაზე, სადაც ქართველმა და უცხოელმა ალპინისტებმა ერთთდროული ლაშქრობა მოაწყვეს. 23 აგვისტოს შხელდაზე ჩარჩენილი თორმეტკაციანი ჯგუფის გამოხსნა მაშინ ქართველ მფრინავთა სიმამაცის და პროფესიონალიზმის ხარჯზე მოხერხდა. საკომუნიკაციო საშუალებების უქონლობის გამო მთამსვლელთა ჯგუფის ადგილსამყოფელის დადგენას დიდი დრო დასჭირდა. ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრების – ზაალ ქიქოძისა და მერაბ ხაბაზის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისინი მოულოდნელად დაწყებულ ქვათა ცვენას შეეწირნენ. არადა, ქვათა ცვენის შესახებ ვარაუდი პროფესიონალ ქართველ ალპინისტებს მარშრუტის დაწყებამდე უკვე ჰქონდათ. ოღონდ ეგაა, რომ მათთვის აზრი არავის უკითხავს. ტრაგედია 3.800 მეტრის სიმაღლეზე დატრიალდა და ამ ამბებიდან 40 დღეც არ იყო გასული, რომ დაახლოებით იგივე ადგილას, იგივე, ქვათა ცვენის მიზეზით კიდევ ერთი ახალგაზრდა მთამსვლელი, მიშიკო ჩაჩანიძე დაიღუპა...

პროფესიონალი მთამსვლელები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მასშტაბით უნდა არსებობდეს ერთიანი ალპინისტური ცენტრი, რომელთანაც მსგავსი მარშრუტების შეთანხმება კანონით იქნება სავალდებულო. დღეს საქართველოში რამდენიმე ტურისტული ცენტრი არსებობს (მათ შორის ზემო სვანეთშიც), რომელიც ტურისტებს ალპინისტურ ტურებს და მომსახურებას სთავაზობს, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ქართველი და უცხოელი ექსტრემალები, რომლებიც ალპინიზმს გატაცებად თვლიან და არა სპორტად, ამგვარი ცენტრებისთვის თანხის გადახდას ალპინისტური მარშრუტების თვითნებურად დაგეგმვას და განხორციელებას ამჯობინებენ. ასეთ შემთხვევაში მათ, მართალია, უფრო ნაკლები თანხის გაღება უწევთ თავიანთი სურვილის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავს სიტუაციებში ფულის დაზოგვა თითქმის სიცოცხლის ხანგრძლივობის დაზოგვის პირდაპირპროპორციულია.

0

ავტორი: