„ვდაგესტან.კომ“: საქართველოს საზღვრისკენ ორი რუსული გამანადგურებელი გაფრინდა „ვდაგესტან.კომ“: საქართველოს საზღვრისკენ ორი რუსული გამანადგურებელი გაფრინდა />


  15:14:02     10-09-2012

„ვდაგესტან.კომ“: საქართველოს საზღვრისკენ ორი რუსული გამანადგურებელი გაფრინდა

a21357.jpg

ინტერნეტ-საიტი „ვდაგესტან.კომ“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო-რუსეთის დაღესტნის საზღვრის სიახლოვეს დიდოის - ყოფილ ცუნტინის რაიონში გააქტიურებულია რუსული ავიაცია.

გამოცემის ცნობით, 6 სექტემბერს ამ ტერიტორიაზე დილიდან საღამომდე დაფრინავდა 8 ვერტმფრენი, როგორც საბრძოლო, ისე სატვირთო.
ვერტმფრენებმა ტყეებსა და მთებს გადაუფრინეს, შემდეგ კი საქართველოს საზღვრის მიმართულებით აიღეს გეზი - წერს საიტი.

მისივე ცნობით, მსგავსი მანევრები თითქმის ყოველდღიურად ტარდება, 7 სექტემბერს კი საქართველო-დაღესტნის საზღვრისკკენ რამდენჯერმე ორი გამანადგურებელიც გაფრინდა.

საინფორმაციო პორტალი „კავკაზცენტრი“ კი აღნიშნავს, რომ მოსკოვი ახალ თავდასხმას ამზადებს საქართველოზე. სწორედ ამიტომაც ხდება დაღესტანში დამატებითი ძალების გადასროლა.

როგორც რამდენიმე დღის წინ ბლოგებზე გაჩნდა ინფორმაცია, დაღესტნის სამხრეთ რაიონებში ნოვოროსიისკიდან სრული შემადგენლობით მიმდინარეობს მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის გადასროლა, რომლის პირადი შემადგენლობაც 6 ათას ადამიანს ითვლის. იქვე მოყვანილი იყო „დამკვირვებელთა მოსაზრებები“, რომელთა თანახმადაც, ეს ოპერაცია, „საქართველო-დაღესტნის საზღვარზე გართულებულ სიტუაციასთან არის დაკავშირებული“.

დივიზიის გადასროლის პარალელურად, დაღესტანში უკიდურესადაა გააქტიურებული „ფსბ“. „ნეზავისიმაია გაზეთაში“ დაბეჭდილ პუბლიკაციას კი იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებიც ჩაერთვებიან, ჩრდილოეთ კავკასიის ოპოზიციური საიტები პირდაპირ ომისათვის სამზადისად აღიქვამენ.

ამასთან, „კავკაზცენტრი“ წერს, რომ რუსები ცრუობენ, როცა ამბობენ, რომ სამხედრო ნაწილები მოჯაჰედების წინააღმდეგ საბრძოლველად სჭირდებათ და ვითომცდა, თუკი თავდასხმები არ შეწყდება, ბანდების გასანადგურებლად „გრუ“-ს სპეცრაზმს გამოიყენებენ:

„მივუთითებთ, ასევე, რომ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსეთის სამხედროების განცხადებები და მედიის პუბლიკაციები დაღესტანში ძალების გადასროლის შესახებ მოსკოვის რეალური გეგმების გადაფარვის მცდელობაა, რომელიც ახალ თავდასხმას ამზადებს საქართველოზე“ - წერს „კავკაზცენტრი“.
0

ავტორი: