11:52:22     19-12-2010
Lexus-მა მსოფლიო 20 წელში დაიპყრო

Lexus საავტომობილო კონცერნ Toyota-ს განყოფილება გახლავთ, რომელიც ძირითადად აშშ-ს და ევროპის ბაზრებისათვის ლუქს კლასის ავტომობილებს უშვებს. ამ საქვეყნოდ განთქმული ბრენდის შექმნის მიზეზი პრესტიჟული, ძვირფასი და ლამაზი ავტომობილების გამოშვება და აღნიშნულ ბაზარზე ფეხის მოკიდება გახლდათ.
პირველი და წარმატებული
1983 წლის აგვისტოში კორპორაცია Toyota-ში გამართულ საიდუმლო თათბირზე დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ეიჯი ტოიოდამ მსოფლიოს საუკეთესო საავტომობილო ფირმების გამოწვევის იდეა გაახმოვანა. იმ დროისათვის Toyota საქვეყნოდ იყო განთქმული, როგორც საიმედო, ხარისხიანი, იაფასიანი ავტომობილების მწარმოებელი და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. თუმცა, პრესტიჟულობით ვერ დაიკვეხნიდა და ამიტომაც გაჩნდა ახალი ბრენდის შექმნის საჭიროება.
კაცმა რომ თქვას, ეს ორიგინალური იდეა ნამდვილად არ იყო. საავტომობილო ბაზრის ეს სეგმენტი უკვე დაკავებული ჰქონდათ ამერიკულ და ევროპულ მწარმოებლებს. თუმცა, იდეის დაბადებიდან მის განხორციელებამდე რამდენიმე წელი გავიდა. იაპონელები საქმეს მათთვის დამახასიათებელი სკურპულიოზურობით მიუდგნენ. თავდაპირველად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც 1400 დიზაინერითა და ინჟინრით დაკომპლექტდა. მათ წინაშე დაისვა ამოცანა შეექმნათ ლუქს-კლასის ავტომობილი, რომელიც აღნიშნულ ბაზარზე სრულიად კონკურენტუნარიანი იქნებოდა.
ჯგუფი საქმიანობას 1984 წლიდან შეუდგა. ერთი წლის შემდეგ მისი წარმომადგენლები ბაზარზე არსებული სიტუაციის დასაზვერად ამერიკაში გაემგზავრნენ. კვლევებმა სათანადო შედეგი გამოიღო და უკვე 1985 წელს შეიქმნა პირველი მოდელი - Lexus LS400. მან უამრავი ტესტი გაიარა და გარკვეული შესწორებების შეტანის შემდეგ, 1988 წლის 2 იანვარს ლოს ანჯელესის ავტოშოუზე განხორციელდა ახალი მოდელისა და ბრენდის პრეზენტაცია.
ამავდროულად, შეიქმნა ამერიკული სადილერო ქსელი. ანალოგიური ქსელის ჩამოყალიბება დაიწყო ევროპაშიც. პირველსავე თვეში ახალი ბრენდის პირველი მოდელის 3 ათასამდე ავტომობილი გაიყიდა. ეს გასაკვირი არც იყო. Lexus LS400-ს მართლაც შეეძლო განთქმული ამერიკული და ევროპული ლუქს-კლასის სედანებისათვის კონკურენცია გაეწია. სუპერკომფორტული და სწრაფი ავტომობილი მათ არაფრით არ ჩამოუვარდებოდა.
ლუქსი და სუპერ-ლუქსი
ასე რომ, იაპონური გიგანტის ხელმძღვანელობის ჩანაფიქრმა გაამართლა. პირველივე მოდელმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ორიოდე თვეში გამოჩნდა მეორე მოდელი Lexus ES250. ისიც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა და პირველსავე თვეში 2000-მდე გაიყიდა.
ახალმა ბრენდმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. 1990 წელს LS400 წლის ავტომობილად დაასახელეს. ამავე წელს დაიწყო მისი იმპორტი კანადასა და ბრიტანეთში.
1991 წელს კომპანიამ წარმოადგინა ახალი სპორტული კუპე Lexus SC400. მას მოჰყვა კიდევ ორი სედანი - ES300 და ES250. სამივე ამ მოდელმა სხვადასხვა გამოფენაზე არაერთი ჯილდო მოიპოვა. შედეგად, კომპანიამ საწადელს მიაღწია - 1992 წელს მისთვის პრიორიტეტულ ამერიკულ ბაზარზე Lexus-მა უკან ჩამოიტოვა BMW და Mercedes-Benz.
1993 წელი სპორტული სედანის Lexus GS300-ის გამოშვებით დაიწყო. ამ მოდელმა ფრანკფურტის ავტოსალონზე საუკეთესოს წოდება მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ კი გამოჩნდა LS400-ის ახალი მოდიფიკაცია, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა.
1996 წელს კონვეიერიდან ჩამოვიდა პირველი ჯიპი Lexus LX450. იგი Toyota Land Cruiser-ის ლუქს-ვარიანტი იყო. ამ მოდელმა უდიდესი წარმატება მოიპოვა და სულ რაღაც ორ თვეში ყველაზე გაყიდვად ჯიპად იქცა. ამავე წელს გამოშვებულ იქნა უმშვენიერიესი ლიმუზინი Lexus ES300. ერთი წლის შემდეგ ბაზარზე გამოჩნდა კიდევ ერთი ძალზე პოპულარული ჯიპი Lexus LX470.
კომპანიის გაყიდვები სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. 1998 წლისათვის Lexus აშშ-ს ლუქს-კლასის ავტომობილის ბაზარზე ლიდერად იქცა. იაპონურმა ბრენდმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა, რასაც კიდევ ერთი ძალზე პოპულარული ჯიპის Lexus RX300-ის და სპორტული სედანის Lexus IS200-ის გამოშვებამ შეუწყო.
ახალი ათასწლეული კომპანიამ ძველი მოდელების განახლებითა და ახლების გამოშვებით დაიწყო. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული Lexus SC430 - მშვენიერი კუპე-კაბრიოლეტი გახლავთ, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. აგრეთვე სპორტული სტილის ჯიპი-კონცეპტი Lexus HPX, რომელიც უდავოდ გამორჩეული გახლდათ.
ბოლო წდებში Lexus სუპერ-ლუქსის სექტორზე გასვლას ცდილობს, სადაც ბატონობენ ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Rolls-Royce, Bentley, Maybach. ცხადია, მათთან ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ Lexus-ისათვის, რომელმაც მრავალი გამარჯვება მოიპოვა, შეუძლებელი არაფერია. მან ხომ მსოფლიო 20 წელში დაიპყრო.
0