ანა კალანდაძე - „შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“ ანა კალანდაძე - „შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“ />


  08:50:01     07-09-2012

ანა კალანდაძე - „შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“

a21252.png

1924 წლის 15 დეკემბერს გურიაში, სოფელ ხიდისთავში დაიბადა დიდი ქართველი პოეტი ანა კალანდაძე.

გურიის ერთ-ერთმა ულამაზესმა სოფელმა ორი შესანიშნავი შემოქმედი აჩუქა საქართველოს...

საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს . 1946 წელს დაასრულა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კავკასიური ენების სპეციალობით.

ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1946 წელს გაზეთ “ლიტერატურასა და ხელოვნებაში” და ჟურნალ „მნათობში”.

ანა კალანდაძის ლექსების პირველი კრებული გამოვიდა 1953 წელს. კრებულმა პოპულარობა მოუტანა. შემდგომ წლებშიც ნაყოფიერად მუშაობდა და გამოსცემდა ლექსების კრებულებს, სხვადასხვა გამოცემებში ბეჭდავდა თავის ნაწარმოებებს. მისი ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.

თვითონ ანა კალანაძე თარგმნიდა უცხოელი პოეტების, ალექსანდრე პუშკინის, სტეფან მალარმესა და სხვათა ნაწარმოებებს. აქვეყნებდა ესეებს, წერილებს, წერდა მოგონებებს.

მის ნაწარმოებებზე არა ერთმა კომპოზიტორმა დაწერა სიმღერა. კომპოზიტორმა ნოდარ მამისაშვილმა ანა კალანდაძის ლექსის ტექსტზე შექმნა თავისი მეოთხე სიმფონია, განკუთვნილი სოპრანოს, ტენორისა და ფორტეპიანოსათვის.

ანა კალანდაძე გახლდათ რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და პუბლიცისტიკის დარგში სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, “საპატიო ნიშნის” ორი და ღირსების ორდენის კავალერი, ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია "საბას" მფლობელი...

ანა კალანდაძის პოეზია ძალიან უშუალოა და გამოირჩევა სინატიფითა და სინაზით. განსაკუთრებულია მისი ლირიზმი, ფრაზის სიფაქიზე, სილამაზე და თუ შეიძლება ითქვას, ხშირად ბავშვურობაც კი, რითმის უჩვეულობა და უბრალოება, ძველი და თანამედროვე ლექსიკის შერწყმა.

ანა კალანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს.

* * *

ვარსკვლავი ბრწყინავს,
ო, ვარსკვლავი
კრთის სასიამო
და მთვარე არის კვლავ
სხივთა მთოვარ. . .

დაგვიანებით გადაიფრენს
ჩიტების გუნდი
და ლერწმიანებს მიაშურებს
ღამეულ კრთომით..

* * *

ვჭვრეტ სიყვარულით
შენს დაღარულ სახეს დიდებულს,
ერთ დროს ვნებიანს...
შენი ოთახი ჰგავს ბიბლიურ ნოეს კიდობანს
და მას ყორნები თავს ევლებიან...
მე ვგრძნობ,
ტალღები ამ კიდობანს როგორ არყევენ,
ჩემო ბებია!..
რად სევდიანნი შენს სარკმელთან დგანან არყები?
კაეშანი დაუფლებიათ?
ისას შემვედრე, გარდამსახე პირჯვარი შენი,
მო, დამიამე, მითხარ, მიამბე კაეშნით მოცულს
და ობლად შთენილს
დამიყვავე და მომეფერე, ჩემო ბებია:
მე შხამი მასვეს...
ხედავ,
გუნდ-გუნდად
ყვავ-ყორნები თავს მევლებიან?
მგლოვობენ ასე!
ვჭვრეტ სიყვარულით
შენს დაღარულ სახეს დიდებულს,
ოდეს ვნებიანს...
შენი ოთახი ძველს, ბიბლიურ ნოეს კიდობანს
შენ არ გაგონებს?
მე რა მაღონებს?
გეტყვი, ბებია!

* * *
ნისლებს იხვევს ნარიყალა,
მზის გაენათს უხარია...
გულიც... ასე ნისლებს იხვევს,
სულიც... ასე მწუხარეა...
და მტკვარი რომ როკავს, ილხენს,
ნეტავი, რა უხარია,
როცა სული ნისლებს იხვევს,
როცა გული მწუხარეა?

* * *

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…

საქართველოო ლამაზო

„სხვა საქართველო სად არი?“
გრ. ორბელიანი

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე – მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?”

0

ავტორი: