12:57:45     06-09-2012
პარლამენტში, შენობის დაცლა მიმდინარეობს: საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში გადადის

პარლამენტის პირველი რესპუბლიკისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზების ბედი დღეს, საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომათა დარბაზმაც გაიზიარა. დღეს დილიდან, სხდომათა დარბაზის დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს.
ამ წუთებში, მანდატურები და პარლამენტის სამეურნეო სამსახურის თანამშრომლები პლენარულ სხდომათა დარბაზს შლიან. აღნიშნულ პირებს დავალება აქვთ მიცემული, რომ დარბაზი დაცალონ – აპარატურისაგან, ინვენტარისგან, პრეზიდიუმისგან, ტრიბუნებისგან და მაგიდების ნაწილ-ნაწილ დაშლა და ფიცრებად დანაწევრება მოახდინონ.
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ისტორიული შენობა გასხვისებული არ არის, თუმცა, პირველი რესპუბლიკისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზების დემონტაჟი და კაბინეტების ინვენტარისგან დაცლა გასულ კვირას მოხდა.
პრესა.ჯი–ს ინფორმაციით, პარლამენტის შენობის შესყიდვით დაინტერესებული არიან ჩინელი და პაკისტანელი ინვესტორები, რომელთა წარმომადგენლებმაც საკანონმდებლო ორგანოს შენობა რამდენიმე დღის წინ დაათვალიერეს. მათ კი, უწყებაში ჩინეთში საქართველოს ელჩმა, მამუკა გამყრელიძემ უმასპინძლა, რომელიც ინვესტორებთან მიმდინარე მოლაპარაკებებშია ჩართული.
აღსანიშნავია, რომ სხდომათა დარბაზის გარდა, დღეს, პარლამენტის „ც“ კორპუსში არსებული თითქმის ყველა ოთახი დაკეტილია და ოთახების ინვენტარისგან დაცლა მოხდა. აპარატის თანამშრომლების კუთვნილი ოთახების დაცლის მიზეზად კი, პარლამენტის ქუთაისში გადასვლა სახელდება.
რაც შეეხება იმას თუ რა ბედი ეწვევა პარლამენტის „ბ“ კორპუსში არსებულ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის კაბინეტს, არსებული ინფორმაციით, ის ყველაზე გვიან დაიცლება.
ამ ეტაპზე, პარლამენტის მედია ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ ამ პარლამენტმა შვიდი დეპუტატებს მოწვევის უმასპინძლა, 2012 წლის 1–ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი, მერვე მოწვევის კანონმდებლებს ქუთაისის ახალი საკანონმდებლო ორგანოს შენობა უმასპინძლებთ, რომელიც ამ ეტაპზე, მშენებლობის პროცესშია. რაც შეეხება დედაქალაქში არსებულ შენობას, იგი მოიცავს რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის კალთისკენ შეფენილ ვრცელ კვარტალს. შენობა ორი კორპუსისგან შედგება. ზედა კორპუსი აშენდა 1938 წელს, ხოლო მეორე, კორპუსი 1953 წელს აიგო. ორივე კორპუსის გადაწყვეტაში ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ელემენტებია გამოყენებული. კორპუსებს აერთიანებს შიდა ეზო-ვესტიბიული, რომელიც კიბეებითა და შადრევნებით რელიეფს მიუყვება.
0