11:15:18     06-09-2012
აფხაზეთში ომის ყალბი ვეტერანები მომრავლდნენ
აფხაზეთში თავის დროზე ვისაც უომია და ვისაც არა, მოულოდნელად ყველას ომის ვეტერანობა მოუნდა. ეს „დაავადება“ იმდენად გადამდები აღმოჩნდა და „ვეტერანების“ რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ, თურმე, ანქვაბის „მინისტრთა კაბინეტი“ იძულებული გამხდარა ეს საკითხი სხდომაზე განეხილა.
ერთ–ერთმა აფხაზმა ქალმა საყოველთაო გავეტერანების გამო აღშფოთება ვერ დამალა: „ამ ხალხს ნუთუ არ რცხვენია იმათი მაინც, ვინც იბრძოდა. ვინც ყალბი მედლები და ორდენები მიიღო, როგორ უყრებენ იმათ თვალებში, ვინც იბრძოდა? ვფიქრობ, რომ სინდისი არა აქვთ, რადგანაც მათ ეს უკანონოდ მიიღეს“.
„იყო ასეთი შემთხვევა, როცა როცა ინვალიდთა ასოციაციაში ვმუშაობდი, სწორედ იქ ვარკვევდით ამ საკითხს. ახლა მიჭირს გვარები დავასახელო, მაგრამ ორი ასეთი ნამდვილად ვიცი, რომლებიც შემდგომში სიიდან ამოვიღეთ. ამ პრობლემას ორი მხრიდან ვუყურებ. როდესაც ადამიანი რაღაცას დაუმსახურებლად ითვისებს, ეს უკვე დიდი მინუსია. მეორეს მხრივ, თავად საკითხისადმი მიდგომა ცოტას მაშფოთებს, რადგანაც არსებობს ის ხალხი, ვინც ზუსტად იცის, ვინ იბრძოდა და ვინ არა. ეს სიები გროვდება და ძალიან კარგია იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გავაკონტროლოთ. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მორიგი ხმაურია ატეხილი იმისთვის, რათა საინფორმაციო მინდორი დაიკავონ რაიმე საკითხისგან ყურადღების გადატანის მიზნით“, – მიაჩნია პირველი ჯგუფის ინვალიდს, დაურ ლატარიას.
აფაზეთის ეგრეთწოდებული უმაღლესი სასამართოს ყოფილი მოსამართლის, ხერსონ დანელიას თქმით, „ზოგიერთი ყვედანაყოფის მეთაური შეტევით ოპერაციებში მონაწილეობისთვის ცნობებს გასცემდა. თუმცა, ყველა როდი იღებდა მონაწილის დოკუმენტს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც არის. ახლა კონკრეტულად არ შემიძლია დავასახელო ის პირები, ვინც ფიქტიური დოკუმენტები წარადგინა და ამის საფუძველზე პენსიები და სხვა შეღავათები დაენიშნათ. უნდა დავფიქრდე, რადგან, როცა ფაქტიური დოკუმენტები არ გამაჩნია, კონკრეტულად მათზე ვერ ვილაპარაკებ. თუმცა ფაქტია, რომ ეს ხალხი უნდა გაიკიცხოს. ამას ისინი იმსახურებენ“.
აფხაზი ქალი მადონა აშუბაც დასტურებს, რომ სმენია იმათზე, ვინც ყალბი დოკუმენტით სარგებლობს და ეს არასწორად მიაჩნია. მისივე თქმით, უნდა შესწავლილიქნას ომის დროს, ვინ რას საქმიანობდა.
„სამხედრო კომისარიატებში შესანიშნავად იციან, ვინ რას აკეთებდა. რამდენი იბრძოდა, რა არ იციან? ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცის“, – გულმოსული გაეპასუხა მას ერთ–ერთი მამაკაცი, რომელმაც იქვე დასძინა, რომ ასეთი ხალხია ბევრია, მაგრამ ამაზე საუბარი არავის სურს.
„არც „მთავრობაში, არც სამხედრო კომისარიატში ამაზე საუბარი არ სურთ და მე რატომ უნდა ვილაპარაკო“, – ხელი ჩაიქნია მამაკაცმა.
„რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები და ასეთები ძალიან ბევრია, ვინც ყალბი ცნობით დოკუმენტი გაიკეთა და ეს არასწორია. ფულის გამო გაკეთდა ეს ყველაფერი, ან ვიღაცა ვიღაცის ნათესავია და იმის გამოც“, მხარი აუბა მას მეორე მამაკაცმაც.
„მე ასეთი ნაცნობები არ მყავს, ვისაც ყალბი მოწმობა გააჩნია. ვისაც ვიცნობ, ყველა ომის მონაწილეა. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ სიები დასაზუსტებელია. შესაძლოა, ამით ვიღაც სარგებლობს, რომ შეღავათები მიიღოს“, – დასძინა ანზორ მარშანმა.
ერთი სიტყვით, აფხაზეთში „ომის ვეტერანის“ მოწმობის ქონა, მოდაშია.
0