07:49:06     06-09-2012
ცხინვალელი პროკურორი გაბრაზებულია: მოსკოვი კოკოითისა და მისი რეჟიმის დანაშაულებს ხელს აფარებს

ცხინვალის ე.წ. გენერალური პროკურორი წუხს, რომ მოსკოვში გადაგზავნილი არცერთი სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ დასრულებულა და რუსეთის გენერალური პროკურატურა ყოველგვარი ვადების დარღვევით იხილავს ამ საქმეებს, უფრო სწორედ, არ იხილავს.
მოსკოვს, რომელიც კოკოითთან და მის რეჟიმთან ერთად იყოფდა რუსეთის ბიუჯეტიდან ოკუპირებულ რეგიონში გადარიცხულ ფულს, ხმაურიანი საქმეები და განაჩენები არ აწყობს.
ცხინვალის ახალი რეჟიმი კი, რომელიც თავისი წინამორბედის დანაშაულებისა და გაფლანგული ფულის გამო დაპირებებს ვეღარ ასრულებს, ბუნებრივია, გაღიზიანებულია. ცხინვალელმა პროკურორმა ეს გაღიზიანება ღიად გამოხატა.
მერაბ ჩიგოევის თქმით, რუსეთის პროკურატურაში ცხინვალიდან გადაგზავნილი საქმეები თვეობით იხილება, - ამის შესახებ მან ე.წ. პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს მოახსენა.
ჩიგოევს ეჭვი აქვს, რომ მოსკოვი არასერიოზულად უდგება მის მიერ გადაგზავნილ მასალებს. ამიტომ, ის მოითხოვს, თავად ცხინვალის საგამოძიებო ორგანოებსაც მიეცეთ დაკითხონ და შესაბამისი პროცედურები ჩაატარონ ეჭვმიტანილებთან, რომლებიც ძირითადად, რუსეთის სუბიექტები ანუ რუსული კომპანიები თუ იურიდიული პირები არიან.
მოსკოვი მძიმე ვითარებაში აგდებს ცხინვალს: არც დამოუკიდებელი გამოძიების უფლებას არ აძლევს და არც თავად იკლავს თავს გადაგზავნილი მასალების ბოლომდე მისაყვანად.
არადა, საგამოძიებო მოქმედებები, რუსეთის ტერიტორიაზეა ჩასატარებელი. კორუფცია ცხინვალელ ჩინოვნიკებს რუსებმა ასწავლეს და რეგიონის აღსადგენი და აგვისტოს ომის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულის დიდი ნაწილიც მათ მიითვისეს. მაგალითად, თავის დროზე მოსკოვის პროტეჟეს, კოკოითის დროს ცხინვალის ე.წ. მთავრობის მეთაურის ვადიმ ბროვცევის დაკითხვა თიბილოვის გენპროკურორს ოცნებად აქვს ქცეული.
0