18:43:35     05-09-2012
ასლანის კლანისა და ივანიშვილის ფულის მონებად ქცეული „რესპები“

ბიძინა ივანიშვილის მიერ ქედაში დასახელებული დავით ანანიძეს, საზოგადოება ასლან აბაშიძის პირად პროკურორად იცნობს. ხულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზია საგინაძე კი, ასლანის პოლიციის უფროსია.
შუახევში მანდატისთვის „ქართული ოცნებიდან“ შოთა ზოიძეც იბრძვის, რომელიც აბაშიძის მოადგილე და მარჯვენა ხელი იყო. მაჟორიტარად დასახელებულია ასლანის გარემოცვის კიდევ ერთი დავიწყებული სახე - ანზორ თხილიაშვილიც, რომელიც აჭარის ყოფილი ტირანის გარემოს დაცვის მინისტრი გახლდათ. მის სახელს ხეების უკანონოდ მოჭრა და გაყიდვა უკავშირდება.
"presa.ge" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კოალიციას ფრთას ამოფარებული „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციის გარკვევას შეეცადა. გვაინტერესებდა გაგვერკვია, ანათებს თუ არა ფული „რესპუბლიკერებსაც“ (ჯოჯოხეთს რომ ანათებს ეს ვიცით)...
როგორია ერთ დროს ასლანის რეჟიმთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული ლევან ბერძენიშვილისა და სხვა „რესპების“ აზრი ასლანის კლანის „აოცნებების“ შესახებ?
"presa.ge": ბატონო ლევან, ივანიშვილმა აჭარაში მაჟორიტარ კანდიდატებად სწორედ ის ადამიანები დაასახელა რომლებსაც თავის დროზე თქვენ მმართველ გუნდთან ერთად ებრძოდით... ასლან აბაშიძის კლანის მთავარი წარმომადგენლები...
ლევან ბერძენიშვილი: თქვენთან ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ“.
ამ მცირე კომენტარის შემდეგ, გაასლანებულ-გაბიძინებულმა ლევან ბერძენიშვილმა ყურმილი გაგვითიშა. თუმცა, როდესაც კვლავ დავურეკეთ, „საკმაოდ მყარი არგუმენტი“ აღმოაჩნდა (როგორც ჩანს, ექსპრომტად მოიფიქრა).
"presa.ge": „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მურმან დუმბაძემ აღნიშნა, რომ ასლან აბაშიძეს ქართველმა ხალხმა ბოდიში უნდა მოუხადოს. აპირებთ ბოდიშის მოხდას აჭარის ყოფილი „ლომისთვის“?
ლევან ბერძენიშვილი: უკაცრავად, მაგრამ ლექციაზე ვარ და იქნებ მაცალოთ მუშაობა.
"presa.ge": უცნაურია, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი 17 სექტემბერს იწყება დღეს 5 სექტემბერია...
ლევან ბერძენიშვილი: მართლა არ მცალია, უნდა გაგითიშოთ“.
ლევან ბერძენიშვილის ტყუილების მოსმენის შემდეგ, "presa.ge": -მ კომენტარის გაკეთება პარტიის კიდევ ერთ წევრს, დავით ზურაბიშვილს სთხოვა.
„ასლან აბაშიძის მიმართ რა დამოკიდებულებაც გვქონდა, ის დამოკიდებულება გვაქვს ახლაც, არ შეგვიცვლია“ - რიხით გვითხრა ზურაბიშვილმა. თუმცა, მან მორცხვად აგვიხსნა რომ დეტალებზე საუბარი არ სურს. არადა, ამ შემთხვევაში, ასლანიც, ბიძინას მზაკვრული გეგმაც და თვცით ეშმაკიც ხომ დეტალებში იმალება...
"presa.ge": როდესაც დღის წესრიგში ასლან აბაშიძის კლანის წარმომადგენლების (მისი პროკურორის, პოლიციის უფროსის...) სიაში ჩასმა იდგა, იყო თუ არა, აზრთა სხვადასხვაობა „რესპებსა“ და ივანიშვილს შორის... თუ თქვენი პარტიისთვის არ შეუთანხმებიათ ასლან აბაშიძის მთავრობის წევრთა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში შეყვანა?
დავით ზურაბიშვილი: მე არ ვარ უფლებამოსილი ასეთ შეკითხვებზე პასუხი გაგცეთ.
"presa.ge": თქვენ ხომ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ხართ?
დავით ზურაბიშვილი: კი ბატონო, მაგრამ ეს არის შიდა მოლაპარაკების საკითხი და არ მინდა დეტალებზე საუბარი. ბუნებრივია, ვიღაცები რაღაცაზე კამათობენ, არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ არ ვაპირებ ეს გარეთ გამოვიტანო. ახლა არის არჩევნები და მთავარია პირველ ოქტომბრამდე შევთანხმდეთ რაღაცაზე და მივიდეთ კონკრეტულ მიზნამდე. მერე ვნახოთ რა იქნება“...
საზოგადოებას ახსოვს, თუ როგორ იწონებდნენ თავს „რესპები“ და ძმები ბერძენიშვილები ალსან აბაშიძის რეჟიმთან ბრძოლის გამო. თუმცა, „რესპუბლიკური პარტიის“ ეს „შეუპოვრობა“ ფარსი აღმოჩნდა. როცა „რესპებს“ არჩევანის გაკეთება მოუწიათ, მათ ფული და ასლანის კლანი აირჩიეს... გუშინ აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი „დონ კიხოტები“, დღეს ასლანის კრიმინალური კლანისა და ივანიშვილის ფულების მონებად იქცნენ...
0