NDI – გამოკითხულთა 77 პროცენტი,  არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს NDI – გამოკითხულთა 77 პროცენტი, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს />


  16:10:39     05-09-2012

NDI – გამოკითხულთა 77 პროცენტი, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

a21199.jpg

წინასაარჩევნო პერიოდში, საზოგადოებაში არსებული განწყობის შესწავლის მიზნით, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა ჩაატარა და პირდაპირი ინტერვიუს სახით, 2038 ინტერვიუერი გამოკითხა, რომელთა შერჩევა შემთხვევითი პრინციპით მოხდა. კვლევის ცდომილება, პლიუს-მინუს სამი პროცენტია. კვლევის შედეგად კი, ცნობილი გახდა თუ რას ფიქრობს საზოგადოება სოციალურ საკითხებზე, საგარეო პოლიტიკასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს, NDI–ის დირექტორმა ლუის ნავარომ გამართა და საპარლამენტო არჩევნებში მთავარ კონკურენტებს – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა საკუთარ გეგმებზე მეტი ისაუბრონ, რადგან მათი პრიორიტეტების შესახებ საზოგადოებაში ნაკლები ინფორმაცია არსებობს.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეროვნულ  საკითხებს კვლავინდებურად – სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს, ხოლო ადგილობრივ საკითხებს – ნაგვის მიბმა ელექტროენერგიასთან, კომუნალური მომსახურების ღირებულება, გაზმომარაგება და ტრანსპორტის ღირებულება.

უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებასთან დაკავშირებით, კვლევაში რამდენიმე სახის კითხვა არის დასმული და კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67 პროცენტი საკუთარ თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს და ამ 67 პროცენტიდან 46 პროცენტი სამსახურს ეძებს. ზოგადად კი, გამოკითხულთა 33 პროცენტი დასაქმებულია, 33 პროცენტი უმუშევარია, ხოლო 6 პროცენტი უმუშევარია, თუმცა, სამსახურს არ ეძებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, კერძოდ, თუ როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც ივნისში ჩატარდა, საქართველოში დემოკრატიის მიმართ მოქალაქეები უფრო ოპტიმისტურად განეწყვნენ. კერძოდ, NDI–ის კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, ხოლო 40 პროცენტი ამის საწინააღმდეგოს აცხადებს. ხოლო, ის საკითხი  საზოგადოებისთვის თუ რას ნიშნავს დემოკრატია – გამოკითხულთა 58 პროცენტისთვის დემოკრატია – სიტყვის, მედიის თავისუფლებასა და განსხვავებული აზრის მოსმენას ნიშნავს, 32 პროცენტისთვის სამართლიაონობის დაცვას, ხოლო 29 პროცენტისთვის – ადამიანის უფლებათა დაცვას.

ამასთან, კვლევაში საუბარია 1–ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც და გამოკითხულთა 77 პროცენტი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. საგულისხმოა, რომ მოსახლეობას არჩევნების კარგად ჩატარების იმედი აქვს. კერძოდ, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები მეტ–ნაკლებად კარგად ჩატარდება, თუმცა, სამართლიანი არჩევნების ჩატარების დამაბრკოლებელ ფაქტორად გამოკითხულთა 22 პროცენტი – ამომრჩეველთა მოსყიდვას მიიჩნევს, 18 პროცენტი ამომრჩეველთა დაკავშირებულ სიებს, ხოლო 17 პროცენტი საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტინის ჩაყრას. აღსანიშნავია, რომ არჩევნების კარგად თუ ცუდად ჩატარებასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 42 პროცენტი საკუთარ მოსაზრებას დაეყრდნობა, 27 პროცენტი თავის ირგვლივ მყოფ ხალხს, 21 პროცენტი უცხოელ დამკვირვებლებს, ხოლო 15 პროცენტი ცეესკოს.

რაც შეეხება იმ საკითხს, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობა ქუჩაში გაჰყვება თუ არა, გამოკითხულთა 62 პროცენტი აცხადებს, რომ ისინი საპროტესტო გამოსვლებს მხარს არ დაუჭერენ, ხოლო ამის საპირისპიროს გამოკითხულთა 16 პროცენტი  ამბობს. აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევის თანახმად, იმავე კითხვაზე ივნისის მონაცემებით, 27% აცხადებდა, რომ აქციაზე გავიდოდა, 53% აცხადებდა, რომ არ გავიდოდა, 19%-ს პასუხი არ ჰქონდა, პასუხის გაცემაზე უარი კი 4%-მა განაცხადა. ამასთან, ახალი კვლევების შედეგების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის გეგმის შესახებ გამოკითხული მოსახლეობის 67 პროცენტმა არ იცის.

აღნიშნული საკითხების გარდა, კვლევაში საუბარი საგარეო საკითხებზეც და გამოკითხულთა 48 პროცენტი ჩრდილოელ მეზობელს რეალურ და არსებულ საფრთხედ მიიჩნევს, 30 პროცენტი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, ხოლო 9 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან, გამოკითხულთა 89 პროცენტს საქართველო–რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობა არ მოსწონს. რაც შეეხება ნატოს, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 10% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არასოდეს გახდება. ხოლო, გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ს წევრი 2014 ან შემდეგ წლებში გახდება, 7% თვლის, რომ 2013 წელს გახდება, 57% კი აცხადებს, რომ არ იცის. ამასთან, გამოკითხულთა 68% ეთანხმება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ასევე 62% ეთანხმება მთავრობის გაცხადებულ მიზანს, საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს.

ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილ კვლევებში საუბარია მიმდინარე საკითხებზეც და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილის დანიშნვას გამოკითხულთა 63% ეთანხმება და  52% მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის დანიშვნის შედეგად პრემიერ-მინისტრის როლი მთავრობაში გაძლიერდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, NDI კვლევის პრეზენტაციას 7 სექტემბერს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი განწყობის გამოკითხვა საქართველოში 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა.

0

ავტორი: